ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი

მარუაშვილის ქ. 50
(995 32) 291 19 26 (995 32) 291 02 51
ინფორმაცია კლინიკის შესახებ

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი ფუნქციონირებს 2001 წლიდან და შექმნილია რეორგანიზაციის საფუძველზე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ს/კ ინსტიტუტის, ქალაქის ტუბერკულოზის საავადმყოფოს და საქართველოს რკინიგზის ტუბსტაციონარის შერწყმის შედეგად. თავის მხრივ, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ს/კ ინსტიტუტი შეიქმნა 1990 წელს, ტუბერკულოზის სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის ფუქნციონირების გაფართოების საფუძველზე. ხოლო ეს უკანასკნელი 1930 წელს პროფესორ იოსებ აბაკელიას ინიციატივით დაარსებული ტუბერკულოზის ინსტიტუტის სამართალმემკვიდრეა.

ინსტიტუტის ისტორია რთული და მრავალმხრივია: დაარსების წლიდანვე ინსტიტუტს გააჩნია კლინიკურ – დიაგნოსტიკური და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიები, რენდგენოლოგიური კაბინეტი, ფიზიოთერაპიული განყოფილება, სოციალური პათოლოგიისა და პროფილაკტიკის განყოფილება, საჩვენებელი დისპანსერი, თერაპიული განყოფილება ავადმყოფთა ამბულატორიული ძიებისათვის, ბავშთა ფიზიოთერაპიული კაბინეტი. სამეცნიერო მუშაობას წარმართავს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, ხოლო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში იქმნება ტუბერკულოზის კათედრა. იმავე ინსტიტუტის თერაპიულ ფაკულტეტთან 1928 წლიდან არსებობს დოცენტურა.
1936 წელს, საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს გადაწყვეტილებით, ინსტიტუტი აბასთუმანში გადააქვთ, რაც იწვევს ახლად აწყობილი ფთიზიატრიული სამსახურის დასუსტებას. პროფ. ი. აბაკელია იბრძვის ინსტიტუტის თბილისში დასაბრუნებლად და ეწირება ამ ბრძოლას. (რეპრესირებულია 1938 წ.). ამის მიუხედავად, ტუბერკულოზთან ბრძოლა და ქსელის განვითარება გრძელდება: 1939 წელს იწყება აღრიცხვიანობის ახალი ფორმის შემოღება, რომელიც აწვდის ინფორმაციას აქტიური ტუბერკულოზის გამოვლენის ყველა შემთხვევის შესახებ სტატისტიკის განყოფილებას და შემდეგ ტუბინსტიტუტს.

40-იან წლებში პირველად იხსნება ტუბერკულოზის კლინიკური საავადმყოფო 200 საწოლზე და ინსტიტუტში ყალიბდება ფილტვის ქირურგიის განყოფილება 30 საწოლზე; მიმდინარეობს კადრების ინტენსიური მომზადება ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, ასევე ასპირანტურისა და ორდინატურის გავლით, სამუშაო ადგილზე მომზადების გზით, თემატური ლექციების ციკლის ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენციებსა და სესიებზე მონაწილეობით.

პროფ. აბაკელიას შემდეგ, 1938-54 წლებში ინსტიტუტს ხელმძვანელობს დოცენტი ა. უშვერიძე. 1948 წელს ინსტიტუტი კვლავ თბილისში, ამჯერად მონტინის ქუჩაზე გადმოდის და სამეცნიერო – პრაქტიკული საქმიანობა მნიშვნელოვნად ფართოვდება, ინსტიტუტის ბაზაზე ტუბერკულოზისა და ფილტვის პათოლოგიათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გარდა, ინტენსიურად მიმდინარეობს კვლევები, ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი ფორმებისა და გზების დანერგვა, შესამჩნებად მცირდება ტუბერკულოზის შემთხვევები. ამ მნიშვნელოვან წლებში, 30 წლის მანძილზე ინსტიტუტს ხელმძღვანელობს პროფ. ო.ბათიაშვილი. ხოლო გასული საუკუნის 90-იან წლებში შექმნილი ვითარებისა და ტუბერკულოზის ახალი ტალღის აზვირთების საპასუხოდ, საქართველოში 1995 წლიდან ინერგება ახალ სტრატეგიაზე დაფუძნებული ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამა. ამ საქმეს ხელმძღვანელობს პროფ. გიორგი ხეჩინაშვილი, ხოლო შემდეგ პროფ. სალაყაია. 2011 წლიდან ინსტიტუტის დირექტორია ი. კალანდაძე, ხოლო 2012 წლიდან - მ. ჯაფარიძე.

1995 წლიდან 2012 წლამდე ცენტრის ერთ–ერთი მთავარი მისიაა ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის მართვა–კოორდინირება, პარტნიორობა ადგილობრივ და უცხოურ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა შორის წამყვანია შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდი. 2012 წლიდან ტუბერკულოზის პროგრამის მართვას თავის თავზე იღებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ხოლო ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრი რჩება ქვეყნის სათაო დაწესებულებად, რომლის ძირითადი ფუნქციებია: ტუბერკულოზის დიაგნოზირების მაღალი დონის უზრუნველყოფა, ტუბდაავადებულთა ეფექტური მკურნალობა, ტუბერკულოზის პრევენცია, სამეცნიერო–კვლევითი და სასწავლო საქმიანობა, ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით.
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს 2014 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს პროფესორი ზაზა ავალიანი.

მომსახურების სახეობა და ფორმები

საქართველოში ტუბერკულოზზე ეჭვმიტანილის გამოკვლევა და ტუბდაავადებულის მკურნალობა ფთიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით უფასოა.

ცენტრში შესაძლებელია შემდეგი სახის მომსახურების მიღება:

დიაგნოზირება

მკურნალობა–კონსერვატიული და ქირურგიული

ტუბდაავადებულის ოჯახის წევრთა გამოკვლევა და პრევენცია.

მომსახურების ობიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ ტუბერკულოზზე ეჭვმიტანილის კოდის მქონე პირი და ტუბდაავადებული. შესაბამისი კოდების მინიჭებას ახორციელებს ფთიზიატრი.

მომსახურება ხორციელდება პაციენტისათვის მინიჭებული კატეგორიის შესაბამისი გამოკვლევისა და მკურნალობის სტანდარტული სქემით.

საჭიროების შემთხვევაში (თანმხლები დაავადება, გართულება და სხვა) დასაშვებია ზესტანდარტული გამოკვლევა და მკურნალობა, რომლის საფასურიც სტანდარტით გათვალისწინებული არ არის.

კადრები

ცენტრში დასაქმებულია მაღალი პროფესიული განათლებისა და გამოცდილების მქონე კადრები, რომელნიც შერჩეულია სპეციალური კონკურსის გზით, ჩაბარებული აქვთ საატესტაციო გამოცდა და მიღებული აქვთ სათანადო სერთიფიკატები. ცენტრის თანამშრომელთათვის უწყვეტად მიმდინარეობს სამედიცინო განათლება, ყოველწლიურად ტარდება ტრენინგები და კონფერენციები, რომლებზეც მოწვეულნი არიან უცხოელი კოლეგები. ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობენ აგრეთვე საზღვარგარეთ მიმდინარე მნიშვნელოვან ღონისძიებებში და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მივლინებულნი არიან სხვადასხვა ქვეყნებში.

ცენტრში მუშაობს 65 ექიმი, 3 პროფესორი, 1 დოცენტი, 3 მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, 7 კანდიდატი.
ცენრის ბაზაზე ფუნქციონირებს თსსუ–ის ფთიზიატრიის კათედრა (გამგე ......  ). ცენტრი წარმოადგენს თსსუ და თსუ–ის სამკურნალო ფაკულტეტის სასწავლო ბაზას ფთიზიატრიაში. (თსუ ფთიზიატრიის ციკლის ხელ-I მედ. მეცნ. კანდ. ნ. ქირია.)


ექიმები
გაზიარება
კომენტარები