რას მოიცავს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგი 16 დღიანი კამპანია

რას მოიცავს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგი 16 დღიანი კამპანია

"არა ქალზე ძალადობას" – ამ სლოგანით ჯანდაცვის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძეს განცხადებით, კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.

მათ გარდა, ღონისძიებაზე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ოსაძემ წარმოადგინეს პრეზენტაციები. სტუმრებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს პოლიტიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათ შორის: საინფორმაციო შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა მოსახლეობისთვის, საინფორმაციო შეხვედრა ძალადობაგამოვლილ ქალებთან, გასვლითი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამუშაო შეხვედრა მედიასთან.
ასევე, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით დაგეგმილია სექსუალური შევიწროების შესახებ საინფორმაციო ბანერების განთავსება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ღონისძიებას პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატის, სამთავრობო სექტორის და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST