ვინ არის დაჯი-ექიმი, მკურნალობის უნიკალური და ეფექტური სქემით

ვინ არის დაჯი-ექიმი, მკურნალობის უნიკალური და ეფექტური სქემით

როდესაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გვექმნება, ყველას გვჭირდება მცოდნე ექიმი, თან რომ თბილი იყოს, უშუალო, ყურადღებიანი და რომელიც ეფექტურ დანიშნულებას მოგვცემს. ასეთად იცნობენ დაჯი ექიმს - ახალგაზრდა ინტერნისტს, რომლის მკურნალობის უნიკალურ სქემას ბევრი პაციენტი უმოკლეს დროში დაუყენებია ფეხზე. 

GeoDoc-ი ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგანი მედიცინის განყოფილების ექიმ-სპეციალისტს - დარეჯან მდინარაძეს ესაუბრება:

- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე 2002 წელს. ეს იყო სამკურნალო საქმიანობის სწავლების პირველი ეტაპი.ამას მოჰყვა დიპლომის შემდგომი უწყვეტი განათლება. ძალიან გამიმართლა იმ კუთხით, რომ სამედიცინო განათლება მივიღე იმ პერიოდში, როდესაც მედიკოსების სკოლა განსაკუთრებით ძლიერი იყო საქართველოში. ჩემი პედაგოგები არა მარტო მასწავლიდნენ, არამედ შთამაგონებდნენ, რა უნდა ყოფილიყო ყველაზე მთავარი დამწყები ექიმისთვის. რომ უნდა იყო ყურადღებიანი, მომთმენი, მშრომელი და მთლიანად მოცლილი პაციენტისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან თუ არ გიყვარს ადამიანი ყველანაირი მოცემულობით და არ გინდა მასთან ურთიერთობა, არაფერი გამოგივა. მას მერე წლები გავიდა და არა ერთხელ შემოუთავაზებიათ ბევრად მომგებიანი პოზიციები, მაგრამ ყოველთვის ვარჩევდი პრაქტიკოს ექიმად დარჩენას. ჩემთვის ცოცხალი ურთიერთობა და იმის გათვითცნობიერება, რომ ადამიანებისთვის მოგაქვს სარგებელი, ვერაფერს შეედრება.

- გამოდის, რომ 5-10 წლის შემდეგაც თავი პრაქტიკოსს ექიმად წარმოგიდგენიათ?
- აუცილებლად! ჩემს თავს ვხედავ ისევ კლინიკაში, სასურველია ბევრად დიდ განყოფილებაში და მეტი ნოზოლოგიების გარემოცვაში, კიდევ უფრო ფართოპროფილიან სივრცეში. პრაქტიკოსი ექიმი - ეს არის განსაკუთრებული მდგომარეობა. მისთვის არა მარტო მნიშვნელოვანია პროფესიული რეპუტაცია, არამედ ადამიანური ღირსების გრძნობაც. ჩვენთვის ჰიპოკრატეს ფიცი არ არის სიტყვათა თანმიმდევრობა. ამ პროფესიის გზა საკმაოდ რთულია და ბევრი წყალქვეშა რიფის გადალახვა გვიწევს. თუ არ გიყვარს შენი პროფესია და კიდევ უფრო მეტად, პაციენტი, უმჯობესია სხვა პროფესიაზე გააკეთო არჩევანი. არაფრით ნაკლები არ არის იურისტის, ეკონომისტის, მუსიკოსის პროფესია... მთავარია იყო შენი საქმის პროფესიონალი.

- თუმცა ნებისმიერ სხვა პროფესიაშიც სიყვარულია საჭირო?
- მედიცინაში მთავარია თანაგრძნობა და სხვისი ტკივილის გათავისება. ეხლავე აგიხსნით - ჩემთან ხშირად მოდიან მარტოხელა ბებიები და ბაბუები, რომლებიც თავიანთ გულისტკივილს ვერავის უზიარებენ. ისინი მარტო სამედიცინო გამოკვლევას არ ელოდებიან ჩემგან, მათთვის ზოგჯერ „თერაპიის“ ტოლფასია ელემენტარული ადამიანურ ურთიერთობა - მიყვებიან არა მარტო თავის ავადმყოფობაზე, არამედ ყოფით პრობლემებზეც. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემთვის ფორმალური დამოკიდებულება პაციენტთან დაუშვებელია. თუ თანაგრძნობა არ გაქვს, ადამიანი შეიძლება ფიზიკური ტკივილისგანაც ვერ განკურნო.

- გყავთ პაციენტები, რომლებიც კონკრეტულად თქვენთან მოდიან?
- დიახ, არიან პერსონალური პაციენტებიც. მთელი ჩემი პროფესიული მოღვაწეობის განმავლობაში მე მყავდა პაციენტები განსხვავებული დიაგნოზებით. ზოგიერთ მათგანს დღემდე არ სურს სხვა სპეციალისტთან წასვლა. სამუშაო ადგილიც რომ გამომიცვლია, თან წამომყოლიან.

- და რატომ მოდიან დაჯი ექიმთან, მაშინ როდესაც სხვასთანაც შეუძლიათ წავიდნენ?
- ალბათ ვეიმედები. იციან რისთვის მოდიან და რას მიიღებენ. თვითონ ჩვენი განყოფილებაც ისე არის მოდელირებული, რომ მუდმივ მზადყოფნაში ვართ პაციენტისთვის დახმარების აღმოსაჩენად 24 საათიან რეჟიმში. მაშინაც, კი როდესაც არ არის დაგეგმილი ვიზიტი ანდა არასამუშაო საათებია, ნებისმიერ ჩვენ პაციენტს შეუძლია მოვიდეს და გაიაროს კონსულტაცია. გარდა ამისა, გვაქვს ინტენსიური უკუკავშირი, ანუ თავად თუ არ რეკავს, ჩვენ ვკითხულობთ და მუდმივ ინფორმირებულობაში გვყავს, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენს მიერ დანიშნული მკურნალობა. ბინაზე პატრონაჟი გაწერიდან გრძელდება. მაშინაც კი, როცა შედარებით ბანალურ შემთხვევებთან გვაქვს საქმე, პაციენტთან მუდმივად ხდება სატელეფონო კავშირი.

- დღეს თქვენ ს.ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობთ. რითი გამოარჩევდით მას?
- ამ კლინიკაში მოსვლისთანავე მომეწონა სამუშაო პირობები. პირველ რიგში კი, მათი დამოკიდებულბა პაციენტთან , რაც ჩემთვის პრიორიტეტულია. საოცრად ადამიანური ხელმძღვანელობა ჰყავს კლინიკას. აქ ყოველთვის შეუძლიათ პაციენტებს გაიარონ სრულყოფილი გამოკვლევა და გულისხმიერი სამედიცინო დახმარება მიიღონ.კლინიკა აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით, რაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურების საშუალებას იძლევა. სხვა ყველაფერთან ერთად, კლინიკაში არსებობს ეპილეფსიის ცენტრი, რომელიც თანამედროვე ტექნიკის საშუალებით ძილის დარღვევისა და ეპილეფსიის დიაგნოსტირება/მკურნლობის შესაძლებლობას იძლევა. ასევე კლინიკა დაკომპლექტებულია ისეთი უნიკალური განყოფილებებით როგორიცაა დამწვრობა, პლასტიკური ქირურგია, ონკო-ჰემატოლოგია, ტრანსფუზიოლოგია, მამოლოგია, ოტო-რინო-ლარინგოლოგია, ყბა-სახის ქირურგია , ორთოპედია-ტრავამტოლოგია, კარდიოლოგია-ინტერვენციული კარდიოლოგია, ნეიროქირურგია, ზოგადი ქირურგია, ნევროლოგია, ინტენსიური თერაპია, რეანიმაცია და ER განყოფილება. ჩვენი ამბუალტორიული დეპატამენტი პაციენტს სთავაზობს აბსოლუტურად ყველა დარგის სპეციალისტებს. ერთ სიტყვით, შენობაში შექმნილია მაქსიმალური კომფორტი, მაგალიათად, თუნდაც ის, რომ, შესაძლოა წინასწარ ჩაწერა მიღებაზე, რასაც 24 საათიანი სატელეფონო ცენტრი ემსახურება.

- თქვენს განყოფილებას „თერაპიული“ ჰქვია, თუმცა დასავლეთში ტერმინი „თერაპევტი“ ნაკლებად იხმარება?
- თერაპია ზოგადად დაავადების მკურნალობას ნიშნავს, ამიტომაც ჩვენ განყოფილებას შინაგანი მედიცინის განყოფილება ჰქვია. ჩვენ ვართ შინაგანი სნეულების ექიმები და ჩვენი პროფილიც შინაგანი ორგანოების პათოლოგიების შესწავლა, მკურნალობა და პროფილაქტიკაა (ფილტვების პათოლოგია, საჭმლის მომნელებელი ორგანოების, გულის, გარკვეულწილად ენდოკრინული სისტემის და ა.შ.)

- არ შემიძლია თქვენს ცნობილ მკურნალობის სქემაზე არ გკითხოთ, რომელიც რესპირატორული და სეზონური გრიპების მკურნალობას ეხება?
- გრიპის ვირუსული ინფექციები ხშირად რთულდება ქვემო სასუნთქი გზების დაავადებებით, როგორიც არის ფილტვების ანთება. ასევე ვირუსულმა ინფექციამ შესაძლოა გაართულოს, ქრონიკული პათოლოგიების მქონე პაციენტების მდგომარეობა (ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, გულის/თირკმლის ქრონიკული უკმარისობის, დიაბეტის და ა.შ.) ამიტომ, თუ ცხელება გრძელდება დიდხანს, არატიპიურად მიმდინარეობს , სასურველია, რომ პაციენტი მოიყვანონ ჰოსპიტალში, რათა გავმიჯნოთ, გართულებასთან გვაქვს თუ არა საქმე. არც ისე მარტივი მიმდინარეობით გამოირჩევა ვირუსული პნევმონიები.

- თქვენს მკურნალობის უნიკალურ სქემაზე შეგეკითხეთ - ძალიან მალე რომ აყენებს პაციენტს ფეხზე. კიდევ ამბობენ, დაჯი ექიმი ბევრ წამალს არ უწერს პაციენტსო?
- ვინც ბევრ პრეპარატს უნიშნავს ავადმყოფს, მაშინ როცა ამის საჭიროება არ არის, ის კარგი ექიმი არ არის. მთავარია პაციენტი ადვილად ადაპტირდეს ამ დანიშნულებაზე და შეძლოს შესრულება. არა მარტო ფინანსური მხრივ, არამედ დროის თვალსაზრისით. რაც მთავარია, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ეტაპ-ეტაპ გამორიცხვის მეთოდით მივიდეთ სწორ დიაგნოზამდე და არა თავბრუდამხვევი კვლევებით, იგივე ჰიპერდიაგნოსტიკით. ჩემს პაციენტებს არ ემუქრება ზედმეტი პრეპარატების მიღება.

- თუ შეიძლება, ფრაზა დამისრულეთ „კარგი ექიმი, ეს არის...“?
- ექიმი, რომელსაც აქვს ცოდნა და განუსაზღვრელი შესაძლებლობები, რათა სარგებელი მოუტანოს გარშემომყოფებს. ასეთი ექიმი ყოველთვის პოზიტიურია და დრაივს იღებს თავისი სამუშაოსგან. და კიდევ, ის ისე ეპყრობა პაციენტებს, როგორც თავად მას სურს რომ მოექცენენ ავადმყოფობის შემთხვევაში - სიყვარულითა და ზრუნვით!

გაზიარება
კომენტარები
POST
POST