თანამედროვე შრომის ბაზარი სამსახურის ახალგაზრდა მაძიებელთათვის ძალიან მკაცრია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ისინი ზეწოლას გრძნობენ და ხშირად უწევთ დათანხმდნენ პირველივე შემოთავაზებას, ზოგჯერ წინასწარი აწონ-დაწონოვის გარეშე, იქნება თუ არა მომავალ სამუშაო ადგილას მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული. სტატისტიკური მონაცემებით, ახალგაზრდა დასაქმებულები უფრო ხშირად იღებენ საწარმოო ტრამვებს და ავადდებიან სამუშაო ადგილას, ვიდრე მათზე ასაკოვნები.
ახალგაზრდა მუშაკის განსაზღვრება
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ახალგაზრდად განსაზღვრავს 15-დან 24 წლის ასაკამდე პირებს. ასე რომ, დღეს 541 მილიონი ახალგაზრდა მუშაკი მსოფლიო შრომითი ძალის 15%-ს წარმოადგენს. მათ შორის არიან სტუდენტები, სტაჟიორები, ინტერნები, საშუალო განათლების მქონე პირები, ახალგაზრდები, რომლებიც ოჯახურ ბიზნესში არიან ჩართულნი და ასევე, თვითდასაქმებულებიც.
ახალგაზრდა დასაქმებულთა ტრავმები და დაავადებები
ევროპის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, უფროსებთან შედარებით, ახალგაზრდები 40%-ით უფრო ხშირად ხდებიან საწარმოო ტრავმების მსხვერპლნი.
პროფესიული უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ადამიანის უფლებების ნაწილია. ძლიერი ტრავმა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ახალგაზრდებში, რადგან მხოლოდ ერთ შემთხვევას შეუძლია, მთელი ცხოვრების კარიერა, ფულის გამომუშავების პოტენციალი და ჯანმრთელობა წაართვას ადამიანს.
განსაკუთრებით საშიში სექტორებია: მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, წარმოება.
მშენებლობა
სამშენებლო სექტორში ძალიან დიდი რაოდენობით ახალგაზრდა მუშაკია დასაქმებული. სწორედ სამშენებლო სამუშაოებზე მოდის პროფესიულ ტრავმათა მაღალი პროცენტი, რაც განპირობებულია, როგორც სამუშაოს სახიფათო ბუნებით, ისე სწავლებისა და გამოცდილების ნაკლებობით.
სოფლის მეურნეობა
ეს დარგი, განვითარებად ქვეყნებში, უამრავ ახალგაზრდას ასაქმებს და მშენებლობის მსგავსად, სახიფათო სამუშაოთი და ინფორმაციული დეფიციტით ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ ამ სექტორში მოზარდებთან ერთად ბავშვებიც არიან ჩართულნი.
წარმოება
ამ სფეროში აფრიკელთა 10%, ხოლო აღმოსავლეთ ევროპელთა და დასავლეთ აზიელთა 20%-ია დასაქმებული. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, პროფესიულ ტრავმათა დიდი ნაწილი საწარმოო სექტორზე მოდის.
აუცილებელია, რომ ახალგაზრდები აანალიზებდნენ საკუთარ როლს, როგორც თავიანთი, ისე მომავალი თაობის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში.
საწარმოო ტრავმების შემცირებისთვის აუცილებელია, უსაფრთხოების ზომების მიღება, დაზარალებულთა სათანადო დაცვა და ახალგაზრდა დასაქმებულთა ინფორმირება.