„როგორია საკვერცხის კიბოს სიმპტომები?“ - ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოების საბჭოს წევრის რჩევები

„როგორია საკვერცხის კიბოს სიმპტომები?“ - ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოების საბჭოს წევრის რჩევები

თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი დინა ქურდიანი 2015 წლიდან ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოების საბჭოს ერთადერთი ქართველი წევრი (ESGO Council Member) გახლავთ. სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რეზიდენტურა ჯერ დოქ. აბდურაჰამ უორსტანის ანკარის ონკოლოგიის საავადმყოფოში გაიარა, შემდეგ კი კვალიფიკაცია აიმაღლა ავსტრიის გრაცის საუნივერსტიტეტო კლინიკაში . 2006 წლიდან ,,ალიანსი კიბოს წინააღმდეგ” ვიცე-პრეზიდენტია, 2014 წლიდან გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ონკოგინეკოლოგიაში.

GeoDoc-ის კითხვებს დინა ქურდიანი პასუხობს:

- რატომ გადაწყვიტეთ ონკოგინეკოლოგობა?
- ბავშვობიდან ძალიან აქტიური ვიყავი. სკოლის ასაკში არაერთი პროექტი მაქვს მოგებული. შემდგომ, უკვე სტუდენტობის პერიოდში გაეროს ეგიდით მოქმედ სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებში გახლდით გაწევრიანებული და ახლო შეხება მქონდა ონკოლოგიურ დაავადებებთან. სკრინინგული პროგრამები იმ პერიოდში საქართველოში არ ხორციელდებოდა. გარდა ამისა, საკმაოდ დიდი სხვაობა იყო ევროპულსა და ქართულ სტანდარტებს შორის. სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში ცოდნას მაქსიმალურად ვიღრმავდებდი და ორიენტირი ონკოგინეკოლოგიაზე ავიღე. მაშინაც და დღესაც ჩემი უმთავრესი მიზანია ევროპული სტანდარტების საქართველოში შემოტანა და დანერგვა.

- რამდენად რთული გზის გავლა მოგიხდათ თქვენი მიზნების განსახორციელებლად ?
- იმის გათვალისწიებით, რომ ჩვენ პირველი ტალღის რეზიდენტები ვიყავით ონკოგინეკოლოგიაში, საკმაოდ რთული გამოცდების ჩაბარება მომიწია. მოგვიანებით, რეზიდენტურა გავიარე თურქეთის ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში. შემდგომ იყო კვალიფიკაციის ამაღლება ევროპის სხვადასხვა კლინიკებში.

- არადა, დღეს სკრინინგ პროგრამები საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია?
- დიახ, საქართველოში დაიწყო უკვე სკრინინგ პროგრამები და მოსახლეობის დაინტერესებაც გაიზარდა. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ჩვენს ქვეყანაში სწორედ თბილისის ონკოლოგიური დისპანსერიდან დაიწყო და პირველი პილოტური პროგრამა გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ განხორციელდა საქართველოში. მაშინ მთელი ჩვენი კლინიკა იღებდა მონაწილეობას საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგზე.
შემდგომში, ეს ევროპული მოდელი აიტაცეს და ქვეყნის მთლიანი მასშტაბით განავითარეს.

- თქვენ ხართ ევროპის ონკოგინეკოლოგთა ორგანიზაციის საბჭოს წევრი. თუ შეიძლება, მოგვიყევით ამ ორგანიზაციის შესახებ?
- აღნიშნული ორგანიზაცია დაფუძნდა 1983 წელს და აერთიანებს 5 000 პროფესიონალს ევროპის მასშტაბით. ჯერ ვიყავი ახალგაზრდა ონკოგინეკოლოგთა წარმომადგენელი საქართველოდან და მოკლე ხანში გავხდი საბჭოს წევრი. დღეს-დღეობით, მე ვარ ერთადერთი ქართველი საბჭოში, რომელიც წარმოვადგენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ვარ ორ კომიტეტში, ანუ ვკურირებ სამედიცინო განათლებას და აკრედიტაციის კომიტეტს.

- ევროპის ონკოგინეკოლოგთა ორგანიზაციის(ESGO) მისია რა არის?
- კიბოს პრევენცია, თანამედროვე გაიდლაინების შექმნა და განათლება.

- თქვენი მოსაზრებით, როგორია საქართველოს როლი კიბოსთან ბრძოლაში?
- მიმაჩნია, რომ ამ მხრივ საკმაოდ მაღალი ჩართულობა გვაქვს, ვინაიდან სკრინინგ პროგრამების გარდა, არსებობს მთელი რიგი უფასო გამოკვლევები. ასე რომ, მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა ნამდვილად არის. თუმცა, არსებობს ისეთი დაავადებები, როგორიცაა მაგალითად საკვერცხის კიბო, რომლის გამოსავლენად მხოლოდ სკრინინგი არ არის საკმარისი. იმას ვგულისხმობ, რომ სიმპტომები ხშირად ისე მიმდინარეობს, რომ რთულად შესამჩნევია.

- და ამის დაფინანსება არ ხდება?
ჯერჯერობით, არა. ამიტომ ონკოგინეკოლოგები აქტიურად უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას საკვერცხის კიბოს გამოვლენაში. საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი იზრდება იმ ქალებში, რომლებსაც სპეციფიური მემკვიდრეობითი გენური დარღვევები აქვთ. საკვერცხის კიბო გენური დარღვევის-BRCA მუტაციის მქონე ქალების 40%-ზე მეტს უვითარდება, მაშინ, როცა ზოგად პოპულაციაში ეს რისკი 1.4 %-ს შეადგენს. საკვერცხის კიბო იწვევს იმაზე მეტ სიკვდილიანობას, ვიდრე ქალის რეპროდუქტიული სისტემის სხვა რომელიმე სიმსივნე. ყოველწლიურად საკვერცხით გამოწვეული სიკვდილობა ევროპაში 42.700 აღწევს. კიბოს აღმოსაჩენად რომელიმე სკრინინგული პროგრამის ეფექტურობა დადგენილი არ არის.
საკვერცხის კიბოს სიმპტომები არასპეციფიურია და შესაძლოა მიეკუთვნოს სხვა, ნაკლებად სერიოზულ მდგომარეობებს. ამ მიზეზით, შემთხვევები ხშირად დიაგნოზირდება გვიან სტადთუმცა, ბოლო 35 წლის მანძილზე 5 წლიანი გადარჩენადობა გახანგრძლივდა იმის მიხედვით, თუ როგორია მკურნალობის რეკომენდებული მოდელები (ქირურგიული და ქიმიოთერპიული) და მათი კომბინაცია.

- აქვე საკვერცხის კიბოს სიმპტომებზეც რომ გვითხრათ?
- მენჯის და მუცლის არეში ტკივილის შეგრძნება, მუცლის ზომის მომატება, ჭამის გაძნელება, წონის დეფიციტი, სწრაფი დანაყრების შეგრძნება, გაზრდილი მოთხოვნილება შარდვაზე.
ფაქტიურად ეს სიმპტომები არასპეციფიურია და შესაძლებელია სხვა რამესაც მივაწეროთ, მაგრამ აუცილებლად ყურადღება მისაქცევია. ქალების 60% დაგვიანებულ სტადიაზე დიაგნოზირდება რაც ძალიან სამწუხაროა.

- რა არის საკვერცხის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორები?
- საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი გაპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით- ასაკის, ცხოვრების სტილის, რეპროდუქტიული ან ოჯახური ისტორიის ჩათვლით. საკვერცხის კიბოს განვითარების რისკიგანსაკუთრებით იზრდებაქალებში ისეთი სპეციფიური მემკვიდრეობითი დარღვევით, როგორიცაა BRCA1ან BRCA2 გენების მუტაცია ან გენური პროფილის სხვა ცვლილებები, რომელიც ზრდის საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს, მაგრამ ასევე, ზრდის მგრძნობელობას პლატინის შემცველი ქიმიოთერაპიისადმი და სხვა ახალი აგენტებისადმი, რომლებიც გამიზნულია ასეთ ალტერაციებზე. თუ ზოგად პოპულაციაში, ქალების 1.4 % დიაგნოზირდება საკვერცხის კიბოთი, ამ გენების მუტაციების დროს საკვერცხის კიბოს შემთხვევები 20 % -ს აღწევს.

- თქვენი აზრით, რას ნიშნავს იყო კარგი ონკოგინეკოლოგი?
- კარგი ონკოგინეკოლოგის მთავარი უნარია აღმოაჩინოს დაავადება რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე.

- რას ურჩევდით იმ სტუდენტებს, რომლებმაც ონკოგინეკოლოგია აირჩიეს?
- ეს პროფესია ბევრ ღამის თენებას და დიდ შრომას მოითხოვს. ჩემი რჩევა იქნებოდა, იყვნენ ძლიერები და არასოდეს შეწყვიტონ საკუთარი თავზე მუშაობა.


ესაუბრა მარიამ არჩვაძე


გაზიარება
კომენტარები
POST
POST