ეკა დგებუაძე: „ფიქრით ყოველთვის ჩემს პაციენტებთან ვარ“

ეკა დგებუაძე: „ფიქრით ყოველთვის ჩემს პაციენტებთან ვარ“

თბილისის ონკოლგიური ცენტრის ქიმიოთერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კლინიკური ონკოლოგი ეკა დგებუაძე:

- 2000 წელს, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სწავლა მოსკოვში გავაგრძელე. რუსეთის ონკოლოგიურ ცენტრში ორდინატურა და ასპირანტურა გავიარე და 2008 წელს საქართველოში დავბრუნდი. მას შემდეგ, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში ვმუშაობ. მიუხედავად იმისა, რომ კიბო უკვე განაჩენი არ არის და საწყის სტადიებზე, უმეტესად განკურნება ხდება, ონკოლოგიური პაციენტები მაინც საკმაოდ მძიმე კონტინგენტია, რადგან ფსიქოლოგიურად, ადამიანი ამას ბოლომდე ვერ ეგუება. ქირურგებისგან განსხვავებით, რომლებიც ნაკლებად ხვდებიან მესამე-მეოთხე სტადიის კიბოს მქონე პაციენტებს, ჩვენ გვიწევს როგორც საწყის სტადიებზე, ასევე, მესამე-მეოთხე სტადიაზე მყოფი პაციენტების მიღება და მკურნალობა.

- როდის მიხვდით, რომ ექიმი უნდა გამხდარიყავით?
- ჩემი ბაბუა ქირურგი იყო, დედა - თერაპევტი და ბავშვობიდან მათი პაციენტების შესახებ საუბრები მესმოდა. როცა ასეთ გარემოში იზრდები, ალბათ, სხვა პროფესიას ვერ გაჰყვები.

- თუ გქონიათ შემთხვევა, როცა პაციენტს უარი უთქვამს ქიმიოთერაპიის ჩატარებაზე?
- ასეთი შემთხვევები ადრე მქონია. საბედნიეროდ, ბოლო დროს ასეთი პაციენტები აღარ შემხვედრია. დღემდე მახსოვს პაციენტი, რომელმაც კატეგორიული უარი განაცხადა ქიმიოთერაპიაზე - თმის ცვენის გამო.

- კი მაგრამ, ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ თმა ხომ ამოდის?
- რასაკვირველია, თან 100%-ით. ყველანაირად ავუხსენი, ახლობლებსაც ვთხოვე ფსიქოლოგთან მიეყვანათ, მაგრამ ამაოდ. სამწუხაროდ, ხშირად საზოგადოებაც განაპირობებს ამ დამოკიდებულებას. პაციენტი ცდილობს დამალოს თავისი ონკოლოგიური დაავადება იმიტომ, რომ ვიღაცისგან შეცოდება არ იგრძნოს. ამ დროს, მათ შეცოდება კი არა, უბრალოდ, თანადგომა სჭირდებათ. პაციენტის ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას აქვს უფლება იცოდეს თავისი დაავადების შესახებ, რაც უფრო ბრძოლისუნარიანს ხდის ადამიანს.

- იქნებ განსაკუთრებული, ყველასგან გამორჩეული პაციენტი გაიხსენოთ?
- ჩემი ერთ-ერთი პირველი პაციენტი გახლდათ ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც 2008 წელს ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით მოვიდა. სიმსივნე საკმაოდ დიდი იყო, ამასთან მეტასტაზები ჰქონდა ფილტვებში და ძვლებში. ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, იმდენად პოზიტიური და შემართებული ქალბატონია, რომ დღემდე ჩვენთანაა და პერიოდულად იტარებს მკურნალობას. ამჟამად მეტასტაზები არის, მაგრამ შემცირებულია და სტაბილურ მდგომარეობაშია.

- თუ ახერხებთ, რომ სახლში წასვლისას კლინიკის კედლებში დატოვოთ დღის განმავლობაში დაგროვილი ყველა ემოცია?
- სურვილის მიუხედავად, ყოველთვის არ გამომდის. ჯერ ერთი პაციენტები სახლშიც რეკავენ და მობილურზეც, თანაც გარკვეული შემთხვევები გაგყვება ხოლმე და ფიქრებში მაინც პაციენტებთან ხარ...

გაზიარება
კომენტარები
POST
POST