საქართველოში ყოველი მეშვიდე ქალი სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლია

საქართველოში ყოველი მეშვიდე ქალი სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლია

გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის უწყებათშორისი კომისიის კვლევის თანახმად, საქართველოში ქმრისა ან პარტნიორისგან სხვადასხვა სახის ძალადობა 7 ქალიდან ერთს მაინც განუცდია. ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა ქალების 31 %, სექსუალური ძალადობის - 13 %, ფსიქოლოგიურის - 73 % და ეკონომიკური შევიწროების - 54 %.

რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განხილული გენდერული ძალადობის, მასზე რეაგირებისა და პრევენციის საკითხებს შორის სამწუხარო სტატისტიკის გარდა, საუბარი იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ზომებზეც. გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის უწყებათშორისი კომისიის კვლევით, ორსულობის დროს 15 000 ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათგან 37 %-ს მუცელში დარტყმა გამოუცდია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის იურისტის, გოგა ხატიაშვილის, ინფორმაციით, 2018 წელს ოჯახში ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი გამოიყენეს 7 000 მოძალადის მიმართ, რაც, დაახლოებით, 20 %-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს:

„ყველაზე მეტი ორდერი გამოცემულია დედაქალაქში - დაახლოებით, 3000. მეორე ადგილზეა იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი. აჭარაც გამოირჩევა შემაკავებელი ორდერების რაოდენობით და ქვემო ქართლის ტერიტორიაზე 600-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოსცეს 2018 წელს, რაც ასევე გაზრდილია 2017 წელთან შედარებით“.

გოგა ხატიაშვილის თქმით, შემაკავებელი ორდერის მქონე არც ერთ მოძალადეს 2018 წელს მკვლელობა არ ჩაუდენია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის იურისტის, გოგა ხატიაშვილის, ინფორმაციით, სამინისტრომ პრევენციის მიზნით მოძალადეთა კონტროლისთვის სპეციალური სამაჯურები შეიძინა.

„რისკს განსაზღვრავს პოლიციელი ინდივიდუალურად, გამოყენებული იქნება თუ არა ელექტრონული სამაჯური, რაც გაამარტივებს იმას, იცავს თუ არა პიროვნება შემაკავებელი ორდერის პირობებს. მაგალითად, როცა [მოძალადეს] აკრძალული აქვს, მაგრამ უახლოვდება მსხვერპლს, ჩვენ დროულად შევძლებთ გავიგოთ ყოველგვარი დარეკვის გარეშე, პოლიცია დროულად მივა, რომ რაიმე საფრთხე არ მოხდეს“.

სპეციალური სამაჯურების გამოყენება საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ერთ-ერთი პოზიციით, სპეციალური სამაჯურები სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა გამოიყენებოდეს.

თუმცა, გოგა ხატიაშვილის თქმით, ვერც ერთი ასეთი ინსტრუმენტი ძალადობისგან დაცვის 100 %-იან გარანტიას ვერ მოგვცემს, ამიტომოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად სამთავრობო დონეზეა მისაღები კომპლექსური პრევენციული ზომები.

რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას ძირითადად საჯარო სკოლების პედაგოგები, დირექტორები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ნელი ჯიქიძის განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობა პირდაპირ კავშირშია მათ შრომით დისკრიმინაციასთან:

„გავაკეთეთ კვლევა, მოძიება და აღმოჩნდა, რომ ქალის საშუალო ანაზღაურება 5 ლარია. როგორ შეიძლება ქალმა იმუშაოს ხუთ ლარად და შეინახოს ოჯახი და ის იყოს ძლიერი, როცა ოჯახში არის კონფლიქტი; რა პრევენცია აქვს სახელმწიფოს, რომ ქალი არ იყოს დაუცველი შრომის ანაზღაურების მხრივ“.

ნელი ჯიქიძის პოზიცია გაიზიარა გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის უწყებათშორისი კომისიის წევრმა მარი ჯობავამ. მისი თქმით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს და ინიციატივები აქვს მთავრობასაც.
უწყებათშორისი კომისია აპირებს თავის მუშაობაში არასამთავრობო სექტორის აქტიურად ჩართვასაც და შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებას. რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი მაღლაფერიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ადამიანი მოძალადედ რომ არ ჩამოყალიბდეს, ამაზე ბავშვობიდან უნდა იზრუნონ და ბევრი რამ მშობლებზეა დამოკიდებული.

„ჩვენთვის ძალადობა შეიძლება იყოს: “უიმე, ეს რა ქნა!“, მაგრამ მოძალადისთვის ეს არის ცხოვრების წესი, ჩვეულებრივი და ბუნებრივი ამბავი. ბუნებრივი სწორედ იმიტომ, რომ ბავშვობაში ის ხედავდა ძალადობას. ბევრჯერ შევკითხებივარ მშობლებს, რამდენად გყოფნით თავშეკავება, როცა გიწევთ მეუღლესთან ჩხუბი, კამათი თუ ხმამაღალი საუბარი, რომ ამას არ შეესწროს ბავშვი“.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი მაღლაფერიძის, შეფასებით, დიდი მნიშვნელობა აქვს არაფორმალურ სამოქალაქო განათლებასაც.

Copyright (c) 2010. RFE/RL, Inc. გადაბეჭდვის ნებართვა მიღებულია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისგან, 1201 Connecticut Ave., N.W. Washington DC 20036.

https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90/29819439.html 

გაზიარება
კომენტარები
POST
POST