რა არის გენური ინჟინერია?

რა არის გენური ინჟინერია?

ადამიანი ცვლის ყველაფერს მის გარშემო თავისი სურვილისამებრ, თუმცა ხშირად არ უკვირდება, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას. გარემოში პატარა ცვლილებაც კი შეიძლება გახდეს მიზეზი არსებული ბალანსის დარღვევისათვის. ტექნიკური პროგრესი დღეს საშუალებას აძლევს ადამიანებს სურვილისამებრ შეცვალონ ცხოველთა და მცენარეთა გენოტიპი, ისე, რომ ამით სარგებელი მიიღონ. გენოტიპის გარდაქმის პრობლემებს იკვლევს გენური ინჟინერია. მისი მეთოდები ძალიან რთულია. ზოგიერთი მათგანის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ორგანიზმის გენოტიპში ჩაშენდება ან მისგან გამოირიცხება ცალკეული გენი ან გენთა ჯგუფი, რომელთა არსებობა ან არარსებობა შესაძლებელია სასარგებლოც კი იყოს.
ასეთი ექსპერიმენტები უმთავრესად პროკარიოტულ(ორგანიზმები, რომლებსაც არ აქვთ ბირთვი) ორგანიზმებზე და ვირუსებზე ტარდება, მაგრამ რათქმაუნდა ხდება მათი ჩატარება და გამოყენება ეუკარიოტულ ორგანიზმებზეც(ორგანიზმები, რომელთაც გააჩნიათ ბირთვი).

გენოტიპში ადრე არარსებული გენის ჩაშენების შედეგად შეიძლება ვაიძულოთ უჯრედი მოახდინოს ისეთი ცილის სინთეზი, რასაც წინათ არ ასინთეზებდა. მაგალითად, ნაწლავის ჩხირის ბაქტერიის გენოტიპში ადამიანის გენოტიპიდან იმ გენის შეყვანა მოხერხდა, რომელიც ინსულინის სინთეზს უზრუნველყოფს. ინსულინი – ჰორმონია, რომელსაც კუჭქვეშა ჯირკვალი გამოიმუშავებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლების ცვლაში. როგორც ჩანს, ინსულინის სამრეწველო სინთეზი განხორციელდება მომავალში ნაწლავის ჩხირის მეშვეობით.

გენური ინჟინერია ახალ ჰორიზონტებს ხსნის მედიცინაშიც. საქმე ეხება იმ გენების შეცვლას, რომლებიც ადამიანის მემკვიდრეობით დაავადებებს განეკუთვნება, ე.ი. “დაავადებული” გენოტიპის კარდინალურად განკურნებას.

გენურ ინჟინერიას ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა უარყოფითიც. ჩვენდა უნებურად შეიძლება მოვახდინოთ მცენარეებში ისეთი ტოქსიკური ნივთიერებების სინთეზი, რაც სახიფათოა ადამიანისთვისაც და ეკოსისტემისთვისაც. ასევე, გენმოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნან სხვა ორგანიზმებს, როგორც მაგალითად ერთ-ერთი გენმოდიფიცირებული სიმინდის მტვრის მარცვლები სასიკვდილოა იშვიათი სახეობის პეპელა მონარქისთვის. ასევე, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების არსებობა, მათი ესოდენ დიდ მანძილზე გავრცელება, სხვა სახეობებისთვის იმითაცაა საშიში, რომ მათ შორის კონკურენცია სახეობების დაღუპვას, გადაშენებას გამოიწვევს.

ამრიგად, გენური ინჟინერია მომავლის მედიცინაა,რომელიც ყოველდღიურად ვითარდება. თუმცა ადამიანს მასთან მაინც სიფრთხილე მართებს, რადგან პატარა შეცდომამაც კი შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი გამოიწვიოს.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST