ეს გახლავთ მორიგი გახმაურებული შემთხვევა, როდესაც ახლგაზრდა ადამიანს სასიკვდილო, კერძოდ მწვავე ლეიკემიის დიაგნოზს უსვამენ ქართულ კლინიკაში.
აი, რას ყვება გიორგი წიკლაური აღნიშნული შემთხვევის შესახებ:
- სამსახურიდან დაბრუნებულს სიცხე მომცა. ღამე კიდევ უფრო შეუძლოდ ვიგრძენი თავი და სასწრაფო გამოვიძახე. ექიმებმა დეტალურად გამომკითხეს სიმპტომები და ვერაფერი რომ ვერ აღმოაჩინეს, გამოიძახეს ბრიგადა ჰემატოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის მიზნით. ასე მოვხვდი კლინიკა „ნეომედში“. იქ მისვლისთანავე რეამინაციაში მომათავსეს, სადაც პირველ რიგში სისხლის ანალიზი ამიღეს. იმ დღეს არაფერი და მეორე დღეს, პალატაში გავხდი ძალიან ცუდად - დამეწყო ოფლიანობა, კუჭის და ფეხების ტკივილი. გამიკეთეს ბიოფსია და სინჯები წაიღეს თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის მორფოლოგიურ ლაბორატორიაში. სამი დღის შემდეგ ჩემმა მკურნალმა ექიმმა — ლალი კუპრაშვილმა მომახსენა დიაგნოზი. ეს გახლდათ მწვავე ლეიკემია. იმ დროისთვის უკვე საშინელი ტკივილები მქონდა კუნთებში, სისხლჩაქცევები დამეტყო ფეხებზე და ვეღარ დავდიოდი. ანალიზები მეორედ ამიღეს - როგორც მკურნალმა ექიმმა მითხრა, დიაგნოზის დაზუსტება სურდათ, უკეთესად რომ გარკვეულიყვნენ ვითარებაში. ამ მიზნით, მკერდის ძვლიდან ორჯერ ამიღეს ნაცხი, რის შემდეგაც ლალი კუპრაშვილმა მითხრა, რომ მწვავე ლეიკემია მქონდა და სასწრაფოდ უნდა დამეწყო ქიმიოთერაპია. ჯანდაცვის სამინისტროსგან მივიღე დაფინანსება, ვინაიდან ლალი კუპრაშვილი მეუბნებოდა, რომ თუ მოქმედებას არ დავიწყებდით, შესაძლოა ფატალური შედეგი დამდგარიყო.
- თურქეთში რატომ გადაწყვიტეთ გადაფრენა - საქართველოში დასმული დიაგნოზის გადასამოწმებლად?
- „ნეომედში“ ჩემი ექიმი პასუხისმგებლობას იღებდა საკუთარ თავზე, რომ ჩამიტარებდა ქიმიოთერაპიის კურსს, დამტოვებდა საავადმყოფოში და მიმკურნალებდა. უცხეოთში გასამგზავრებელი და მითუმეტეს, სამკურნალო თანხა ჩემს ოჯახს არ გააჩნდა. დედამ გადაწყვიტა მერიისთვის მიემართა. მაგრამ, მერიაში განაცხადის შეტანისას თან უნდა დაგვერთო ფორმა 100, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ ამ ადამიანისთვის რეკომენდირებულია უცხოეთში მკურნალობა. ეს საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მერიას თანხა ჩაერიცხა. მაგრამ ლალი კუპრაშვილმა არაფრით არ მოგვცა ეს საბუთი. გამოგვიცხადა, რომ თურმე ჩვენი ამ საქციელით მის დიპლომს და ცოდნის ხარისხს ვაყენებდით ეჭვის ქვეშ. გვითხრა, რომ ფორმა 100-ის დაწერით იგი საკუთარ თავსაც და კლინიკასაც მიაყენებდა შეურაცხყოფას. მერია იქით იყოს, ვერც ერთ სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში ვერ გავაგზავნეთ დაფინანსებაზე მოთხოვნა. დავრჩი ასე! ამასობაში, მეგობრებმა და თანამშრომლებმა, ჩემი გადარჩენის მიზნით სოციალურ ქსელში დიდი აქცია წამოიწყეს და საწყისი ეტაპის თანხა შემიგროვეს. სწორედ ამ ნაწილი თანხით გავემგზავრე სტამბულის კლინიკაში.
- „ნეომედიდან“ გამოგიშვეს?
- ჩემი „ნეომედიდან“ წამოსვლა ჰგავდა გამოქცევას. იმ დროს რომ არ წამოვსულიყავი, უკვე ქიმიას მიდგამდა ჩემი ექიმი. ლალი კუპრაშვილმა თურქეთში გაფრენამდე ერთი დღით ადრე მითხრა, რომ მესამედ უნდა ავიღოთ მკერდის ძვლიდან ნიმუში, რომ დინამაკაში დავაკვირდეთ პროცესებსო. ვკითხე - რატომ იყო ეს საჭირო და მიპასუხა, რომ აინტერესებდათ, პარაზიტთან ხომ არ ჰქონდათ საქმე და ამჯერად ანალიზები პარაზიტოლოგიაში უნდა გადაეგზავნათ. სავარაუდოდ, მანამდე არც პარაზიტოლოგიაში არ გაუგზავნიათ, არც ბაქტერიოლოგიაში, არც მიკრობიოლოგიაზე არ შეუმოწმებიათ. ანტიბიოტიკს არ ვიღებდი, ძალიან ადვილად ამოითესებოდა ის მიკრობი თუ ბაქტერია, რაც მქონდა.
- რა მოხდა თურქეთში?
- იქ ახლიდან ჩამიტარეს გამოკვლევები, ბიოფსიის პასუხები რამდენჯერმე გადაამოწმეს და მითხრეს, რომ არავითარ ლეიკემიასთან არ გვქონდა საქმე. შედგა კონსილიუმი და თურქმა ექიმებმა მოითხოვეს ყველა ანალიზის პასუხი საქართველოდან. როგორც აღმოჩნდა, ლეიკემია კი არა, ტრიპუსპიდზე ანუ გულის სამკარიდას სარქველზე მქონდა ჩირქი დაგროვილი, სარქველის გახსნისა და დახურვისას ბაქტერიული ემბოლია სწყდებოდა საკუთრ კერას და მიჰყვებოდა სისხლს, საიდანაც ინფექცია გადადიოდა ფილტვში. საბოლოოდ ფილტვებში იმდენი ემბოლია აღმოჩნდა, ბაქტერიამ ფაქტობრივად გახვრიტა ფილტვი. შედეგად ფილტვში წყალი ჩადგა, დავმძიმდი და ვერ ვსუნთქავდი.
- ანუ ლეიკემია არაფერ შუაში იყო?
- ბლასტები საერთოდ არ დაფიქსირდა. გადამიყვანეს სტამბულის გენერალურ კლინიკაში, იმიტომ რომ ჰემატოლოგიურის პაციენტი არ ვიყავი. როგორც კი მივედი გენერალურ კლინიკაში, მაშინვე გულის კარდიოგრამა და ექოსკოპია გადამიღეს. ნახეს, რომ სარქველზე მქონდა დიდი დეფექტები. გადამაყლაპეს ტრანსეზოფაკი, მითხრეს, რომ მქონდა ბაქტერიული ენდოკარდიტის მძიმე ფორმა. დამიწყეს ვენაში ოთხი სახის ანტიბიოტიკს გადასხმა. ექვსი კვირა ვიყავი ანტიბიოტიკური გადასხმის ქვეშ. თურქეთში საკაცით წამიყვანეს, იქიდან ჩემი ფეხით ჩამოვედი.
- თქვენს მკურნალ ექიმს - ლალი კუპრაშვილს თუ დაუკავშირდით თურქეთიდან ჩამოსვლის შემდეგ?
- არა. ვფიქრობ რომ მას ჩემი ადვოკატი გაესაუბრება.
- ანუ ჩივილს აპირებთ?
- სიმართლის დადგენას! მე, 23 წლის ახალგაზრდას, გარდა იმისა, რომ არასწორად დამისვა სასიკვდილო დიაგნოზი, სასწრაფო წესით მიდგამდა ქიმიოთერაპიის გადასხმებს, რაც მართლა სასიკვდილო შეიძლება აღმოჩენილიყო ჩემთვის. გარდა ამისა, ათი დღე დამაყოვნა, რა დროის განმავლობაშიც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ინფექცია მთელს სხეულს მოედო. ამავე დროს, არ მაძლევდა ფორმა 100-ს, რომ საზღვარგარეთ დაფინანსებისთვის მიმემართა სახელმწიფო უწყებებისთვის, იმ მოტივით, რომ ამით მისი და მისი კლინიკის კომპეტენციას ადგებოდა ჩრდილი.
რას ამბობს ყოველივე ამაზე გიორგი წიკლაურის მკურნალ ექიმი ლალი კუპრაშვილი:
- თქვენს პაციენტს გიორგი წიკლაურს „ნეომედში“ დაუდგინდა მწვავე ლეიკემია. ძვლის ტვინის სინჯი ორჯერ აუღეთ და ორივეჯერ ერთი და იგივე პასუხი იყო. პაციენტი თურქეთში გაემგზავრა, სადაც ლეიკემიის დიაგნოზი არ დაუდასტურეს. დღეს პაციენტი ბევრდ უკეთესად არის და მკურნალობას აგრძელებს კარდიოლოგიური კუთხით?
- ეს პირველი შემთხვევაა ჩემს პრაქტიკაში. მე დიაგნოზი დავსვი გამოკვლევების საფუძველზე. ეს არის ძალიან რთული კვლევები. ეს ის არ არის, რომელსაც შეხედავ, ხელს დაადებ, მოისმენ ან რაღაცას შეიგრძნობ. ლაბორატორიამ ანალიზების საფუძველზე უნდა დაადგინოს დიაგნოზი.
- ფაქტია, რომ პაციენტი კარგად არის და კარდიოლოგები მუშაობენ ამჯერად და არა ჰემატოლოგები?
- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით.
ჯანდაცვის სამინისტროს ამ საქმესთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია აქვს - მან ჯერ-ჯერობთ გიორგი წიკლაურის მკურნალი ექიმის ბრალეულობის ნიშნები ვერ იპოვა.