„ამერიკის ხმის“ გადმოცემით, ამიერიდან შეერთებულ შტატებში სისხლის მაღალ წნევად ჩაითვლება 130/80-ზე მაჩვენებელი და ზევით. სტანდარტი ბოლო 14 წლის მანძილზე არ შეცვლილა და მთელი ამ დროის მანძილზე ის 140/90-ით განისაზღვრებოდა. ცვლილება ეფუძნება მასშტაბურ კვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ ოდნავ დაბალი მაჩვენებლის მიღწევა პაციენტების გადარჩენის საშუალებას იძლეოდა.
მაღალი წნევის ახალი სტანდარტი შეერთებულ შტატებში ჰიპერტენზიის დიაგნოზს კაცებს შორის სამჯერ ზრდის, ქალებში კი აორმაგებს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ რისკის ქვეშ ახლა დამატებით 30 მილიონამდე ამერიკელი აღმოჩნდება. საშუალოდ, ჰიპერტენზიით დაავადებულთა ჯგუფი ზრდასრული ამერიკელების თითქმის ნახევარს, 46 პროცენტს გაუტოლდება. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 103 მილიონი გახდება.
ახალი გზამკვლევი 13 ნოემბერს გამოქვეყნდა ჟურნალებში „ჯამა” (JAMA Internal Medicine) და „ჰიპერტენზია” (Hypertension). სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კლინიცისტები გზამკვლევის ინფორმაციას აუცილებლად გაითვალისწინებენ და სიახლეს დაუყოვნებლივ დანერგავენ.