რომელი ნევროლოგიური დაავადებები სჭარბობს ქალებში და რომელი - მამაკაცებში?

რომელი ნევროლოგიური დაავადებები სჭარბობს ქალებში და რომელი - მამაკაცებში?

ცნობილ ნევროლოგთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორთან და აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან - ია რუხაძესთან, GeoDoc.Ge არა ერთ საინტერესო ინტერვიუს შემოგთავზებთ. ამჯერად, ია რუხაძე ყველაზე გავრცელებულ კითხვებს პასუხობს.

- ჯერ, თქვენს შესახებ მოგვიყევით? 
- რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1992 წლიდან ინტერნატურის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა. ამ პერიოდში კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრა, რომელსაც გამოჩენილი ნევროლოგი, პროფესორი ავთანდილ ლაჭყეპიანი ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ კათედრაზე დავიწყე მუშაობა უფროს ლაბორანტად, პარალელურად ვმუშაობდი ექიმ-ნევროლოგად ნერვულ სნეულებათა განყოფილებაში. მალევე კლინიკაში გაიხსნა ეპილეფსიის ცენტრი, სადაც ამ დარგში მიშაობის დიდი პრაქტიკული გამოცდილება მივიღე. 2001 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია. 2006 წლიდან ჩემი მოღვაწეობა თითქმის მთლიანად დავუთმე პრაქტიკულ საქმიანობას. თუმცა პერიოდულად ვეწეოდი პეგაგოგიურ საქმიანობას კათედრაზე, როგორც მიწვეული პედაგოგი.

- და დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნევროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელობთ?
- დიახ. ეს ჩემი მეორე სახლია!

- ქალბატონო ია, ამ წლების განმავლობაში, მოიმატა თუ არა ნევროლოგიური დაავადებების რიცხვმა. როგორც ვისი, რომ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს?
- მიუხედავად იმისა, რომ დაავადებების სტატისტიკური მაჩვენებლების ზედმიწევნითი ფიქსაცია არ ხდება, ჩემი გამოცდილებით ის შემიძლია გითხრათ, რომ დაავადებების რიცხვი არ შემცირებულა. თუმცა კლინიკაში პაციენტები ძირითადად მწვავე ნევროლოგიური სინდრომებით ხვდებიან, ამდენად კლინიკაში სხვა ნევროლოგიური სინდრომების სპექტრი, როგორც ადრე იყო, ისეთი აღარ არის.

- ადრე როგორი იყო?
- თუ ადრე ჩვენთან მკურნალობდნენ ქრონიკული და იშვიათი ნევროლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებიც, დღეს სჭარბობს მწვავე შემთხვევები. ასევე გვაქვს მაღალი ამბულატორიული მომართვიანობაც, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საინტერესო და იშვიათი შემთხვევები მოგვაკლდა.

- იშვიათ შემთხვევებში რას გულისხმობთ?
- მაგალითად, ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენს კლნიკაში დაფიქსირდა აუტოიმუნური ენცეფალტების რამდენიმე ახალი შემთხვევა და ფაქტობრივად ყველა მათგანი გამოჯანმრთელებული გავუშვით. ეს ძალიან მახარებს! მათი უმეტესობა ახალგაზრდა გახლდათ და კლინიკაში უცნობი ეტიოლოგიის კომით მოთავსდნენ. დიდხანს მოგვიწია მათი დაყოვნება რეანიმაციულ დეპარტამენტში და შედეგიც დავდეთ. მსგავსი შემთხვევები გაგვაქვს ევროპის ნევროლოგთა კონფერენციებზე, რაც ჩვენი დასავლელი კოლეგების დიდ ინტერესს იწვევს.

- ნევროლოგიურ დაავადებებს შორის გენდერული სხვაობა თუ არსებობს?
- არის პათოლოგიები, რომლებიც ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. მაგალითად, შაკიკი.

- შაკიკის წამალი თუ არსებობს?
- არსებობს შეტევის კუპირების სტანდარტული გაიდლაინი და არის პროფილაქტიკური მკურნალობის სქემები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებს შეტევების ინტენსივობას და სიხშირეს. შაკიკის სხვადასხვა ვარიანტები გვხვდება და მკურნალობის შერჩევა და ეფექტურობაც ამაზეა დამოკიდებული. ტკივილის მომენტია ყველაზე მძიმე, რაც რთულ ნეირომეტაბოლურ ძვრებს უკავშირდება. ანუ, შაკიკი თავისთავად საშიში არ არის, რასაც ინსულტზე ვერ ვიტყვით. ეს უკანასკნელი თითქმის თანაბრად არის გადანაწილებული მამაკაცებსა და ქალებს შორის, თუმცა ხანდაზმულ ასაკში ქალთა სქესი პრევალირებს. ინსულტის შესაძლო ეტიოლოგიური ფაქტორების დროული და ადექვატური მართვა მნიშვნელოვნად ზრდის მის პრევენციას.

- უცნაურია, მაგრამ ყოველი მეორე ადამიანი კიდურების დაბუჟებას უჩივის, ასაკობრივი ცენზის გარეშე? 
- კიდურების დაბუჟების ყველაზე ხშირი მიზეზი სპეციფიური ცხოვრების წესია, როდესაც ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში ერთ პოზიციაში უწევს კიდურების გაჩერება. განსაკუთრებით საყურადღებოა პათოლოგიები, რომლებსაც სისხლის მიმოქცევისა და ინერვაციის დარღვევა სდევს თან. ამ დროს ექიმის დროული კონსულტაცია აუცილებელია. თვითმკურნალობამ შესაძლოა კლინიკური სურათი წაშალოს და დაავადების ამოცნობა გაართულოს. ამიტომ, ექიმმა ზუსტად უნდა იცოდეს რა არის გამომწვევი მიზეზი - ოსტეოქონდროზი, დისმეტაბოლური პროცესი თუ სხვა რაიმე პათოლოგია. აქვე აღვნიშნავ მაჯის არხის სინდრომს, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური ბოლო პერიოდში გახდა და ხშირ შემთვევაში გარდა ანატომიური თავისებურებისა, კომპიუტერული ტექნიკის მოხმარებასთან ასოცირდება. სხვათაშორის, გენდერულ მიკუთვნებულობაზე რომ მკითხეთ - ამ სინდრომით ქალები ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები. რისკის ასაკი 40-60 წელია და მის განვითარებას ნაწილობრივ და მეტაბოლურ ცვლილებებსაც მიაწერენ.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST