ქეთევან ბარბაქაძე: „პაციენტისთვის დიაგნოზირება და მკურნალობა სრულიად უფასოა“

ქეთევან ბარბაქაძე: „პაციენტისთვის დიაგნოზირება და მკურნალობა სრულიად უფასოა“

ვერაგ დაავადებას, რომელსაც ამ დაწესებულებაში ებრძვიან, 1941 წელს ლადო ასათიანმა შემდეგი სტრიქონები მიუძღვნა: 

„როგორ არ მინდა, ძლიერო სენო,
ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო!
როგორ არ მინდა, ჩემს სიჭაბუკეს
დააჩნდეს შენი შავი ჩრდილები!
ეს რა უშრეტი ცეცხლით დამბუგე,
პირს მარიდებენ ქალიშვილები!
შენ შეგრჩა ვაჟას ფილტვების დაღრღნა და
ჩემს წინააღმდეგ აღდექი ახლა..."


ათწლეულების შემდეგაც ტუბერკულოზი თანამედროვე მედიცინის გამოწვევად რჩება და ამის მთავარი მიზეზი სწორედ მისი ვერაგი ბუნებაა.
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის განყოფილების ხელმძღვანელი, ექიმი პულმონოლოგი, ფტიზიატრი ქეთევან ბარბაქაძე 30 წელია, ამ დარგში მუშაობს. ქალბატონ ქეთევანთან საუბარი სწორედ დარგის შეფასებით და განვლილი პერიოდის გახსენებით დავიწყეთ:

- დიახ, სამი ათეული წელი ის ვადაა, როცა შეგიძლია დარგის განვითარება შეააფასო. საბჭოთა პერიოდის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემამ ფაქტობრივად, დაშლა დაიწყო, თუმცა ჩვენს დარგში - ტუბერკულოზის კონტროლში ძალიან მალე დაიწყო აღმასვლა, ვინაიდან ეს არის ჰაერით გადამცემი ანუ ეროგენური ინფექცია და ამ კუთხით, საზოგადოებისთვის საშიშია. ერთი დაავადებული ადამიანიდან წლის განმავლობაში შეიძლება 10-15 ჯანმრთელი ადამიანი დაინფიცირდეს.

- რა პირობებში და როგორ შეიძლება დაინფიცირება მოხდეს?
- დაინფიცირება შეიძლება ოჯახში, სამსახურში ან დაწესებულებაში დაავადებულ ადამიანთან ხანგრძლივი კონტაქტის შედეგად მოხდეს. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს დაავადებას, მაგრამ დაინფიცირებული პაციენტი პოტენციურად რისკის ქვეშაა და შეიძლება სიცოცხლის განმავლობაში ავად გახდეს.

- დაინფიცირებული პაციენტი თვითონ თუ არის ინფექციის გადამცემი?
- დაინფიცირებული დიაგნოზი არ არის, არც მკურნალობა ჭირდება და არც ინფექციის გადამცემია. ეს არის პირი, რომელსაც ცხოვრების მანძილზე, იმუნური სისტემის ნაკლოვანების შემთხვევაში, აქვს რისკი განუვითარდეს დაავადება ტუბერკულოზი.

- იმუნური სისტემის ნაკლოვანებაში რას გულისხმობთ?
- სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებს, მათ შორის, აივ ინფექცია (შიდსს), დიაბეტს, ქრონიკულ შიმშილობას, ალკოჰოლიზმს, ნარკოტიკულ მედიკამენტებზე დამოკიდებულებას.. გარკვეული პრობლემები შეიძლება სოციალური მხრიდანაც მომდინარეობდეს.

- როდის და როგორ ხვდება ადამიანი, რომ ტუბერკულოზით დაავადდა?
- დაავადების სივერაგეც ამაში მდგომარეობს. ეს გახლავთ ისეთი ინფექციური დაავადება, რომელსაც არა აქვს ერთი სახე. შეიძლება დაავადება მიმდინარეობდეს ისეთი მწვავე სიმპტომებით, რომ უახლოეს დღეებში პაციენტი ექიმთან მივიდეს, დაესვას დიაგნოზი, დაიწყოს მკურნალობა და განიკურნოს. შეიძლება პირიქით, დაავადება უმნიშვნელო სიმპტომებით მიმდინარეობდეს. შეიძლება ადამიანს წლების განმავლობაში ჰქონდეს პატარა სიცხე და ხველა. დალიოს პარაცეტამოლი ან თვითნებურად, რაღაცით წაიმკურნალოს და თავი უკეთ იგრძნოს. ასე დაავადება შეიძლება თვეებისა და წლების განმავლობაშიც კი მიმდინარეობდეს და ქრონიკულ ფორმა შეიძინოს. რა თქმა უნდა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანი ინფექციის წყაროა და შეიძლება მასთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პირები დაინფიცირდნენ. აქედან გამომდინარე, დაავადებასთან ბრძოლას ათეული წლები ჭირდება, რადგან დღეს დაინფიცირებული 1 წლის ბავშვი შეიძლება 80 წლის ასაკში გახდეს ავად. ცნობისთვის, ჩვენს საზოგადოებაში მოსახლეობის 1/3 ინფიცირებულია. ასეთია სტატისტიკა.

- როგორც ვიცი, ტუბერკულოზის მკურნალობას მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს?
- ეს დაავადება ყოველთვის იყო სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგანი. ჩვენს ქვეყანაშიც და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ტუბერკულოზის მკურნალობაზე არის 100%-იანი დაფინანსება. პაციენტი არც დიაგნოზირებაში და არც მკურნალობაში არაფერს იხდის, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტს ეს გარკვეულ თანხად უჯდება. განსაკუთრებით, რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევებში.

- ასეთი შემთხვევები ხშირია?
- მოგეხსენებათ, დაავადების გამომწვევი არის მიკრობაქტერია ანუ ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც თავს იცავს განადგურებისგან. წლების განმავლობაში დაავადების მკურნალობა ანტიბაქტერიული მედიკამენტებით მიმდინარეობს. ბაქტერიამ საკუთარ გენეტიკაში განიცადა მუტაციური ცვლილებები და განავითარა რეზისტენტობის სხვადასხვა ვარიაციები სხვადასხვა ხარისხით, ამიტომ ათეული წლების წინანდელი მედიკამენტები დღეს სამკურნალოდ საკმარისი არ არის. კაცობრიობის განვითარების იმ ეტაპზე, სანამ აივ ინფექცია შიდსის ეპიდემიაზე გახდებოდა ცნობილი, ტუბერკულოზის კონტროოლი განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ კარგ დონეზე იყო. პრაქტიკულად, შემთხვევები აღარ არსებობდა, თუმცა ახალი ინფექციური დაავადების არსებობამ და გავრცელებამ ტუბერკულოზის გავრცელების ახალი ტალღა გამოიწვია. ამ ორ დაავადებას დაწყევლილ დუეტს ეძახიან, რადგან ერთი შემთხვევა მეორეს იხმობს.

- იქნებ, უკეთ აგვიხსნათ რა კავშირია ამ ორ დაავადებას შორის და როგორ შეიძლება ერთმა მეორე „მოიხმოს“?
- აივ ინფიცირებულის იმუნიტეტი შეიძლება ნულზე იყოს, ამიტომ მაღალი რისკია ნებისმიერი ინფექციური დაავადებით და მათ შორის, ტუბერკულოზით გახდეს ავად.

- ტუბერკულოზის სტატისტიკის მხრივ როგორი მდგომარეობა გვაქვს?
- ჩვენი მდგომარეობა არის საგულისხმო, თუმცა ჩვენს ქვეყანაში კარგად არის გაკონტროლებული ეს ინფექცია. ეს ჩემი მოსაზრება არ გახლავთ. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნაა. ჩვენ სისტემატიურად, კვარტალში ერთხელ ვაგზავნით მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. გვაქვს შექმნილი მონაცემთა ბაზა, სადაც ყველაფერი აღირიცხება - ყველა დიაგნოზი, ყველა მკურნალობა და ამ მონაცემების საფუძველზე „ჯანმომ“ განაცხადა, რომ ტუბერკულოზის კონტროლის თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მოდელი სხვა განვითარებადი ქვეყნებისთვის. შედარებისთვის გეტყვით, რომ ახალი შემთხვევები 100 000 მოსახლეზე ითვლება. სტანდარტად აღებულია 100 000 მოსახლეზე 100 შემთხვევა. 100 ცუდი მაჩვენებელია, 100-ზე ზემოთ არის ძალიან ცუდი მაჩვენებელი. იყო დრო, როდესაც ჩვენ 100-ზე ზემოთ ვიყავით. დღეს უკვე ვართ 100-ზე ქვემოთ - 90-88-ის ფარგლებში. შედარებისთვის ასევე გეტყვით, რომ ახლახან საფრანგეთიდან დავბრუნდი, სადაც ბოლო წლების განმავლობაში 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა 10-12-ს არ აღემატება და ისიც ძირითადად, ემიგრანტების ხარჯზე.
- როგორი შედეგები გვაქვს რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის მიმართულებით?
- რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა ჩვენს ქვეყანაში 2008 წლიდან არის შესაძლებელი. პირველად სწორედ ჩვენს განყოფილებაში დავიწყეთ ამ ფორმის ტუბერკულოზის მკურნალობა და დღესდღეობით, რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის მხრივ, მსოფლიოში მოწინავე პოზიციები გვიკავია. 2008 წლიდანვე გვაქვს უნივერსალური ხელმისაწვდომობა ანუ ყველა პაციენტს შეუძლია დაესვას დიაგნოზი და იმკურნალოს სრულფასოვნად. მთავარია, თვითონაც უნდოდეს.

- საფრანგეთში თქვენი ვიზიტის მიზნებზე გვიამბეთ - რა გამოწვევები დაგხვდათ და რა სიახლეები ჩამოიტანეთ საქართველოში?
- რაც შეეხება საფრანგეთს, უკვე მოგახსენეთ, რომ იქ ტუბერკულოზის გაცილებით ნაკლები შემთხვევაა. მე არ ვიყავი მივლინებული იმისთვის, რომ რამე სიახლე მენახა. პირიქით, სიახლეების სანახავად, ჩვენთან უფრო ბევრი ჩამოდის. წინა წლებში ჩვენი პაციენტების გარკვეული ნაწილი საფრანგეთში სამკურნალოდ მიემგზავრებოდა. ჩვენი პაციენტები მკურნალობის შესახებ შთაბეჭდილებებს ელექტრონული საშუალებებით უზიარებდნენ სხვა პაციენტებს. ყვებოდნენ. რომ აქ არის ასეთი მკურნალობა, აქ არის ასეთი სქემები, აქ არის ასეთი შესაძლებლობები. საბოლოოდ, იქაური ჯანდაცვის სისტემის შეფასება არა ავადმყოფის ნაამბობით, არამედ საკუთარი თვალით თვალით გადავწყვიტეთ. მე იქ ფაქტობრივად, ტრეინინგზე ვიყავი და ადგილობრივ ექიმებთან ერთად ვმუშაობდი. ამ ფრანგულ-ქართული გაცვლითი პროექტის ფარგლებში ვიზიტების დროს შეიცვალა განწყობა, დამოკიდებულება. დღეს სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შესაძლებლობები ისეთივეა და შესაძლოა უკეთესიც, ვიდრე საფრანგეთში და არანაკლებ ეფექტური მკურნალობა შეგვიძლია. მთავარია, პაციენტმა მოინდომოს და შეუძლებელი არაფერია.

ესაუბრა ნელი თორდია


გაზიარება
კომენტარები
POST
POST