ორალურ კონტრაცეფტივებს ქალის ტვინში ცვლილების გამოწვევა შეუძლიათ

ორალურ კონტრაცეფტივებს ქალის ტვინში ცვლილების გამოწვევა შეუძლიათ

სინთეტიკურ სტეროიდებს, რომელსაც ქალთა კონტრაცეფციული აბები შეიცავს, ქალის ტვინის გარკვეული რეგიონების შემცირება და მათი ფუნქციონირების შეცვლა შეუძლია.

2015 წელს, აშშ-ში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერებმა 90 ორალური კონტრაცეფტივების მომხმარებელი და არამომხამრებელი ქალის ტვინის სკანირებული სურათი გამოიკვლიეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ აბების მომხმარებელ ქალთა ტვინის ორი უბანი ზომაში შემცირებული იყო, კერძოდ - გვერდითი ორბიფრონტალური გარე ქერქი და უკანა სარტყლის ქერქი.
ეს ორი რეგიონი ჩართულია ემოციების რეგულირებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მკვლევარებს სჯერათ, რომ მათი მიგნება ახსნის, თუ რატომ იცვლება ზოგიერთი ქალის ემოციური მდგომარეობა ორალური კონტრაცეფტივების მიღების შემდეგ.

„ზოგიერთმა ქალმა საკუთარ თავზე გამოსცადა კონტრაცეფტივების მიღების ნეგატიური ემოციური გავლენა, რასაც მეცნიერული მიგნებებიც ადასტურებს,“ - განუცხადა კვლევის ავტორმა ნიკოლ პეტერსონმა The Huffington Post-ს.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მეცნიერული კვლევები იმასაც ადასტურებს, რომ შობადობის კონტროლისთვის განკუთვნილი აბები ქალის საკვერცხეების ზომაზეც ახდენს გავლენას.
2010 წელს კი მკვლევარებმა კონტრაცეფტივებსა და მეხსიერების პრობლემებს შორის კავშირსაც მიაგნეს. მათი აზრით ამის მიზეზი კონკრეტული უბნების არა ზომაში შემცირება, არამედ გაზრდაა, თუმცა მკვლევარებს არ შეუსწავლიათ ეს შედეგები დროებითია თუ რეგულარული.

ჟურნალ Human Brain Mapping-ში გამოქვეყნებულ შედეგებში მეცნიერები აღნიშნავდნენ, რომ საბოლოო შედეგების დასადგენად დამატებითი გამოკლევებია საჭირო. მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორალური კონტრაცეფტივები ზოგიერთი ქალის ტვინში ცვლილებებს იწვევს, შიშისა და პანიკის საფუძველი ჯერ მაინც არ არსებობს.

„აუცილებელია, ქალებს ჰქონდეთ ყოველგვარი, მათ შორის, სამედიცინო და ნეირობიოლოგიური ინფორმაცია მათი პერსონალური კონტრაცეფციის ფორმის შესახებ“- განმარტა აშშ-ის, რიჩმონდის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა, ქრეიგ კინზიმ.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST