კრიო აბლაციის პროცედურა გულში არითმიების კერების გაყინვას გულისხმობს და მისი საშუალებით ყველა ტიპის არითმიისგან განკურნებაა შესაძლებელი. ჯანდაცვის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ პროექტის განხორციელებაში საყოველთაო ჯანდაცვის როლი გამოჰყო. „ეს ყველაფერი მოხდა ჯანდაცვის სისტემის სწორი და გამართული მუშაობით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყველა კლინიკას აძლევს საშუალებას, გაფართოვდეს და შეიძინოს ახალი აპარატურა, რაც თავის მხრივ, პაციენტების თანამედროვე სტანდარტებით მკურნალობის საშუალებას იძლევა,“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. არითმიების ამ მეთოდით მკურნალობა ევროპასა და აშშ-ში აპრობირებული მეთოდია. ამიერკავკასიაში კი, კრიო აბლაციის პროცედურა პირველად რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნება ხელმისაწვდომი. ერთი ოპერაციის ღირებულება 15000 ლარს შეადგენს, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ჯგუფისთვის მომსახურება ფინანსდება. დღესვე, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა ჯანდაცვის სისტემის ერთიან ელექტრონულ ველში ჩაერთო.