მსოფლიოში ცნობილმა მხატვრმა ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკას ტილოები უსახსოვრა!

მსოფლიოში ცნობილმა მხატვრმა ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკას ტილოები უსახსოვრა!

2008 წელს საფრანგეთის მთავრობამ ლევან მოსიაშვილს საფრანგეთში ცხოვრება და მოღვაწეობა შესთავაზა. იმ დროისთვის ქართველი მხატვრის შემოქმედება 50-ზე მეტ გამოფენას ითვლიდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.

მანამდე იყო გრძელი გზა ძიების, ბრძოლის, გაჭირვების, თვითდამკვიდრების და ბოლოს, საერთაშორისო არენაზე გასვლის. დიდი შრომის ფასად მოსულმა საყოველთაო აღიარებამ ქართველ შემოქმედს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი გალერეების და სამთავრობო ორგანიზაციების კარი გაუღო. მისი ბიოგრაფია ითვლის პერსონალურ გამოფენებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში სამხრეთ აფრიკის, ახალი ზელანდიისა და ჩილეს ჩათვლით. სხვათაშორის, 2006 წელს თურქეთში ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა ქვეყნის იმ დროინდელმა პრეზიდენტმა - დემირელმა გახსნა. პრეზიდენტები კი გამოფენებს, მითუმეტეს სხვა ქვეყნის წარმომადგენლის არ ხსნიან.

დღეს, ლევან მოსიაშვილის ნამუშევრებს იხილავთ თითქმის ყველა ცნობილი წამყვანი კოლექციონისტის ნუსხაში - აშშ-ის, გერმანიის, შვეიცარიის, იტალიის, ურუგვაის, იაპონიის, კანადის, ვენესუელას, ავსტრალიის, ბრაზილიის, ბელგიის, ნორვეგიის, ჩინეთის მაგნატებისა და კონცერნების დარბაზებში. იგი იმ ერთეულ მხატვრებს ეკუთვნის, რომლის ნამუშევრებიც პენტაგონის ცენტრალურ ოფისს ამშვენებს.
GeoDoc.Ge ცნობილ ქართველ მხატვარს - ლევან მოსიაშვილს მის სახელოსნოში ესტუმრა. სტუმრობის მიზეზი - მხატვრის მიერ ახალი მიმართულების - ფილოსოფიური აბსტრაქციის სტილში შექმნილი ნამუშევრების ცნობილი ქართული კლინიკისთვის გადაცემა გახდა. საკმაოდ საინტერესოდ გვიყვება ამის შესახებ თავად მხატვარი:

- ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენელი დამიკავშირდა წინადადებით, რომ კლინიკას სურვილი ჰქონდა ჩემი ნამუშევრების ფოტოასლები გამოეფინა ერთ-ერთ დეპარტამენტში, სადაც განსაკუთრებით მძიმე პაციენტები ჰყავთ მოთავსებული. მთხოვეს მოწიწებით, იქნებ რამდენიმე ფოტო განვათავსოთ პაციენტების გულის გასახარად და ექიმებისთვის სასიამოვნო გარემოს შესაქმნელადო. ჩემთვის ზოგადად ძალიან მტკივნეული თემაა, როდესაც საქმე ეხება პაციენტებს, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც მათ, და ზოგადად, საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, ყველაზე დიდი დაფასებისა და პატივისცემის ღირსნი არიან. ამიტომ მათ წინადადებას მაშინვე დავთანხმდი! ეს ხომ შესანიშნავია, რომ ხელოვნება შევიტანოთ კლინიკებში. მაგრამ, შევიტანოთ არა ფოტოების, არამედ ნამდვილი ორიგინალების სახით. ჩემის მხრივ შევთავაზე, რომ რამოდენიმე ნახატს ვუსახსოვრებდი კლინიკას. ასეც მოვიქეცი და საკმაოდ დიდი ფორმატის ტილოები გადავეცი ფილოსიფიური აბსტრაქციის ჟანრში შესრულებული. ჩემთვის ეს დიდი პატივიც არის, რომ ქართველმა მაყურებელმა იხილოს ნამუშევრების ორიგინალები. უამრავი ნახატია უცხოეთის ქვეყნებსა და გალერეებში გამოფენილი, გაყიდული, გაჩუქებული... არადა, ჩემი უპირველესი და ყველაზე დიდი სურვილია, რომ ქართველი ადამიანი ეზიაროს იმ სამყაროებს, რასაც ეს ბოლო პერიოდი ვქმნი.

- და სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც მათ ამის საშუალებას მისცემს?
- მიმართულება, რომელსაც ამ ეტაპზე შევეჭიდე, არის აბსტრაქციის ფილოსოფიური და სიღრმისეული სფერო. არ დაგიმალავთ, აქამდე მოსასვლელად საკმაოდ დიდი გზა გავიარე. მე ნაივური ფერწერიდან მოვედი აბსტრაქციამდე, თუმცა ეს არ არის ფინალი. ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა გახლავთ მუდმივ ძიებაში ყოფნა. ყოველი წელი, შეიძლება ითქვას, ყოველი დღე ჩემთვის სიახლეა. სწორედ ამიტომ, ამ ახალი მიმართულების ნამუშევრები მინდოდა მესახსოვრებინა კლინიკისთვის და რაღაც სტიმული მიმეცა საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ არ ვიყიდებით - პირიქით, ერთმანეთის ხიდები ვართ. ფოტოასლებს კიდევ ვერ ვაკადრებ ქართველ მაყურებელს. ასლი ვერასოდეს გადმოსცემს იმას, რაც ჩემს შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარია - ფერი!

- სხვათაშორის, არტ-კრიტიკოსები და დასავლელი ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ლევან მოსიაშვილს საოცარი ინტენსივობის ფერადოვანი გამა ახასიათებს. მის ნამუშევრებში თითქოს ფერი ლაპარაკობსო?
- ფერი ჩემი სულის ენაა! ამიტომაც, არ მსიამოვნებს, როდესაც რაღაც კომერციულ გარიგებებზე მიკავშირდებან. ხეჩინაშვილის კლინიკის მიერ შემოთავაზებული მსგავსი გარიგებები უფრო მხიბლავს - ეს იქნება ჰუმანიტარული აქციები, გამოფენები და ა.შ. მსგავს წინადადებზე უარს არასოდეს ვამბობ - ეს ჩემთვის საშუალებაა გულიდან გამოსული გულებამდე მივიტანო.

- თქვენი საყოველთაო წარმატების საიდუმლოც ალბათ ეს არის?
- სხვანაირად ვერც წარმომიდგენია! მე ადამიანებით ვსაზრდოობ, მათგან მინდა კრიტიკაც მოვისმინო, შექებაც... მათი აზრი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

- თქვენ უკვე ფლობთ კლინიკებთან მსგავსი სახის ურთიერთობის გარკვეულ გამოცდილებას. მოგვიყევით ამის შესახებ?
- არც ისე დიდი ხნის წინ, ქალაქ ტულუზის ცენტრალური ჰოსპიტალის მმართველი ორგანო დამიკავშირდა და ცენტრალურ ოფისში ჰქონდათ მთელი წლით ჩემი ნამუშევრები გამოფენილი. იმ პერიოდში ბევრი კარგი ექიმი გავიცანი... ხელოვნების მოყვარული ჯანდაცვის მუშაკები ჰყოლია საფრანგეთს. ბევრ მათგანთან დღესაც ვმეგობრობ. როგორც ჩემთან საუბრებში აღნიშნეს, მათთვისაც შოკი იყო ქართული სულით გაჯერებული ამდენი ნახატის ერთად ხილვა.

- ხელოვნების მოყვარული ჯანდაცვის მუშაკების სიმრავლეს საქართველოც არ უჩივის და ერთ-ერთი მაგალითი ხეჩინაშვილის კლინიკაა?
- რაღაც სიხალისე შემოაქვს ჩემს ცხოვრებაში ასეთ შემოთავაზებებს. ამ დროს ბავშვივით გულღიად მიხარია. სხვათაშორის, ისიც შემოუთავაზებიათ, რომ პაციენტებისთვის მასტერკლასები ჩამეტარებინა, მაგრამ ამისთვის ჯერ არ ვარ მზად. მირჩევნია, რაც ჩემში მომწიფებულია და გადმოსვლას ლამობს, თავისი სისავსით, სისუფთავით, სიხალასით... ის შევთავაზო საზოგადოებას. სულ ბოლოს, საფრანგეთში ღია კარის დღეზე მიმიწვიეს და ვცადე პაციენტებთან ერთად ხატვა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს იოლად გადასალახი ბარიერი არ არის. ამ მიზეზით, თავის დროზე უარი განვაცხადე ტულუზის სამხატვრო აკადემიაში რამოდენიმე კურსის წაყვანაზე. მე შემოქმედების კაცი ვარ - ჩემს თავში ვიკეტები, ჩემს ქართულ სულს ვეჯუჯღუნები და ვქმნი.

- პარიზის ცნობილ ჰოსპიტალშიც გქონდათ გამოფენა, პრესა წერდა ამაზე?
- დიახ, 2006 წელს თვითონ მოითხოვეს და ჩემმა მენეჯერმა გამოფინა ჩემი ნამუშევრები. გაგიკვირდებათ, მაგრამ გამოფენებზე ყველაზე მეტად მიყვარს ცოცხალი კონტაქტი მაყურებელთან - საუბრები ხელოვნებაზე, საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე. ეს ცოცხალი კონტაქტი მაძლევს იმის სტიმულს,რომ რაღაცეები ვეძიო შემდგომ და ისტორიები, ხანდახან ბანალურიც კი, ხელოვნებად ვაქციო. ალბათ, ესეც ერთგვარი ნიჭია.

- შემოქმედებაც ხომ ეს არის - ზოგჯერ ბანალური ისტორიების ხელოვნების ნიმუშად ქცევა?
- ხშირად მეკითხებიან, რას ქმნი, რას ხატავო? რას და ჩემს თავს, ჩემს ირგვლივ ცხოვრებას. ხანდახან ნეგატივს პოზიტივად ვაქცევ და მაშინ ვიჭერ, რომ ბედნიერი კაცი ვარ. ის მაინც შევძელი, რომ გამელამაზებინა უარყოფითი.

- თქვენს მომავალ გეგმებზეც გვითხარით?
- ახალ პროექტზე დავიწყე მუშაობა, რომელსაც სიურპრიზად შემოვინახავ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ რამოდენიმე თვეში ათეულ ნამუშევარს შევთავაზებ საზოგადოებას ქართული ყოფა ცხოვრებიდან, სადაც მთავარი თემა იქნება ვაზისა და ღვინის ისტორია.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST