მაია ტატიშვილის რჩევები მათ, ვისაც ალერგია აწუხებს

მაია ტატიშვილის რჩევები მათ, ვისაც ალერგია აწუხებს

მათ, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ალერგიასთან ან მასთან დაკავშირებულ სიმპტომებთან - მაია ტატიშვილს ყველა იცნობს. ქალბატონი, რომელიც აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში 1994 წლიდან მოღვაწეობს და რომელმაც თავი 25 წელი ექიმი-ალერგოლოგის პროფესიას მიუძღვნა. ნამდვილ პროფესიონალებს დრო და პრაქტიკა აყალიბებს, თუმცა მაია ტატიშვილის აზრით, აუცილებელია ყოველ დღიურად მსოფლიოში მიმდინარე სამედიცინო სიახლეების ეპიცენტრში იყო.

- ქალბატონო მაია, რა არის ალერგია და როგორია ალერგიული სიმპტომები?
- ალერგია არის ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა ამა თუ იმ ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ადამიანთა უმრავლესობისთვის სრულიად უვნებელია. ალერგია ასევე იმუნური სისტემის დაავადებაა. მას მიეკუთვნება: ალერგიული რინიტი, ბრონქული ასთმა, ატიპიური დერმატიტი, ურტიკარია (ჭინჭრის ციება) და ა.შ. ალერგიული სიმპტომებია: სურდო, ცემინება, ქავილი, ხმაურიანი სუნთქვა, ქოშინი, გამონაყარი, და ა.შ.

- რა უნდა ვიცოდეთ სეზონური ალერგიული რინიტის შესახებ?
- სეზონურ ალერგიულ რინიტს, იგივე პოლინოზს იწვევს მცენარეთა სამი ჯგუფი: ხე-მცენარეები, ბალახები-მარცვლოვნები, სარეველები. აღნიშნული მცენარეები მტვრის პროდუქციას იძლევიან სხვადასხვა დროს. ამის გამო პოლინოზი მწვავდება ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. აქედან, ხე-მცენარეები თებერვლის ბოლოდან აპრილის შუა რიცხვებამდე შეიძლება იყოს  გამომწვევი, ბალახები-მარცვლოვნები აპრილის მეორე ნახევრიდან მაის-ივნისამდე და სარეველები აგვისტოდან ოქტომბრამდე. 

- რა არის ალერგიული დაავადებების გამომწვევი ძირითადი მიზეზები?
- ალერგიული დაავადებების გამომწვევი ეგზოგენური ალერგენები: მცენარეული მტვერი, ოთახის მტვერი (ე.წ. საყოფაცხოვრებო ალერგენი), ნესტის სოკოები, ეპიდერმალური ალერგენები, მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, კოსმეტიკური საშუალებები, ბაქტერიები, ვირუსები. 

- ალერგიის შედეგად გამოწვეულ საშიშ გართულებად ანაფილაქსიური შოკი ითვლება. რა შემთხვევაში ვითარდება ის?
- ანაფილაქსიური შოკი სიცოცხლისთვის საშიში რეაქციაა, რომელმაც შეიძლება რამოდენიმე წუთში ან საათში გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი. ანაფილაქსიური შოკის გამომწვევი შეიძლება იყოს მედიკამენტი, მწერის ნაკბენი და სხვადასხვა ეგზოალერგენები.  ანაფილაქსიური შოკის სიმპტომებია სუნთქვის გაძნელება, ენისა და ხორხის შეშუპება (ბქონქოსპაზმი, ლარინგისპაზმი,  ვითარდება ჰიოქსია, არტერიული წნევის დაცემა, მძიმე შემთხვევაში გულის გაჩერება).  

- რას ურჩევთ მათ, ვისაც ალერგია აწუხებს?
- ალერგიის წარმატებით მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გამომწვევი ალერგენის ზუსტ იდენტიფიკაციას. არსებობს ალერგიულ დაავადებათა მკურნალობის სამი ძირითადი იმართულება: 1. მიზეზობრივი ფაქტორების რაც შეიძლება სრული ელიმინაცია პაციენტის უშუალო გარემოდან. 2. დაავადების სიმპტომური მკურნალობა მედიკამენტებით. 3. იმუნოთერაპია. 

ექიმი მაია ტატიშვილის რჩევები:

  • ალერგიულ რეაციაზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმ-სპცეიალისტს.
  • ერიდეთ თვითმკურნალობას. ამან შეიძლება უკუშედეგი მოგცეთ.
  • პაციენტის ინფორირებულობა და განათლება ზრდის მკურნალობის ხანგრძლივი შედეგის და წარმატების შესაძლებლობას.   




გაზიარება
კომენტარები
POST
POST