„ექთნები ადამიანის სულს ვხედავთ, ეს განგვასხვავებს სხვებისგან!“

„ექთნები ადამიანის სულს ვხედავთ, ეს განგვასხვავებს სხვებისგან!“

თბილისის ონკოლოგიური ცენტრის მთავარი ექთანი მარინა სახვაძე ძირითადი საქმიანობის პარალელურად, სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო ფაკულტეტის პედაგოგი და საქართველოს ექთნებისა და თანაშემწეების პროფესიული განვითარების ასოციაციის თავმჯდომარეა. 1996 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ტრეინინგების მონაწილე და უამრავი საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი გახლავთ. 30 წლიანი სამუშაო სტაჟის მქონე ექთანი აქტიურად მონაწილეობს ექთნების პოსტდიპლომურ განათლებაში, რაც 2019 წლიდან სავალდებულო ხდება და სტუდენტებთან ერთად, თავადაც გამუდმებით სიახლეების გაცნობისა და ათვისების პროცესშია.

- ქალბატონო მარინა, ბევრი პაციენტისგან მსმენია, რომ მკურნალობის პროცესში ექთანი ექიმზე მნიშვნელოვანია. მართლა ასეა?
- ასე ვერ ვიტყოდი. ექიმი მკურნალია, რომელიც დანიშნულებას წერს, ექთანი კი ასრულებს. თუმცა, გეტყვით, რომ დანიშნულების შესრულებისა და მოვლის პროცესში, ექთანი უფრო მეტ დროს ატარებს პაციენტთან და მასზე უფრო მეტი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა მოდის.

- როგორია თქვენთვის რთული პაციენტი და მასთან ურთიერთობის მეთოდები?
- შიშის სინდრომი ყველა პაციენტს აქვს. როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა გეჩვენოთ, განსაკუთრებით მშიშარა პაციენტები მამაკაცები და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები არიან. ყველაზე ძლიერი და ვაჟკაცური პროფესიის წარმომადგენლებს უბრალოდ ხელის დაკარებისაც კი ეშინიათ, აღარაფერს ვიტყვი მარტივ ინექციაზე. თუმცა, ჩემი პრაქტიკიდან გეტყვით, რომ დაუმორჩილებელი პაციენტი არ არსებობს. სამედიცინო პროცედურების ჩატარება არავის სიამოვნებს, მაგრამ ექთანს უნდა შეეძლოს პაციენტთან იმ დონეზე ურთიერთობა, რომ პაციენტი შეთავაზებული მომსახურეობის სერვისზე წამოვიდეს.

- რით განსხვავდება ონკოლოგიაში მომუშავე ადამიანი დანარჩენებისგან?
- მხოლოდ ფსიქოლოგიური მიდგომებით. სხვაგანაც ატარებენ პროცედურებს და მანიპულაციებს, აქვთ მოვლის ასპექტები, მაგრამ ჩვენთან ამაზე მეტი დატვირთვა ფსიქოლოგიაზე მოდის. მე არ ვამბობ, რომ პაციენტი უნდა მოატყუო, მაგრამ ინფორმაცია უნდა მიაწოდო იმ დონეზე და იმ ფორმით, რომ არ დაითრგუნოს. მით უმეტეს, რომ დიდი ხანია, კიბო აღარ არის სასიკვდილო განაჩენი და ეს საყოველთაოდ ცნობილია.

- ალბათ, დაავადების მიმართ დამოკიდებულებაც ამიტომ შეიცვალა. წლების წინ ხომ პაციენტს კიბოს დიაგნოზს არავინ აგებინებდა?
- ეს კანონმდებობიდან გამომდინარე ხდება. პაციენტის უფლება რომ არ დაირღვეს, ერთ ინექციასაც ვერ გაუკეთებ, თუ საქმის კურსში არაა. თუ ატყობ, რომ პაციენტისთვის დიაგნოზის გაგება ძლიერი სტრესი იქნება, არის გამოსავალი - პატრონს ეტყვი და მას არა. ეს ძალიან ინდივიდუალურია. სიმართლის გაგება ზოგისთვის სტრესია, ზოგისთვის ბრძოლის მოტივაცია.

- როგორია იმ ადამიანების ფისიქოლოგიური მდგომარეობა, რომლებსაც გამუდმებით სხვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ფიქრი უწევთ?
- ეს მხოლოდ პიროვნებაზეა დამოკიდებული. თუ ერთი პაციენტით ისე დაითრგუნე, რომ ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი გახდი, მეორე პაციენტს ვერ გამოადგები და აქ არ უნდა იმუშაო. უნდა მოახერხო, რომ შენმა განწყობამ პაციენტზე გავლენა არ მოახდინოს.

- ამბობენ, რომ სტომატოლოგები ადამიანებს კბილებზე აკვირდებიან, ოფთალმოლოგები თვალებზე. თქვენ რას აკვირდებით?
- ექთნები ადამიანს სულს ხედავენ, ეს სხვაობაა ჩვენსა და ექიმებს შორის. ამიტომ იყვნენ ადრე მოწყალების დები. ამიტომ ასწავლიდნენ საექთნო საქმეს, განსაკუთრებით, ონკოლოგიური პაციენტების მოვლას მონაზვნებს. როდესაც პაციენტს თვეობით და ზოგჯერ, წლობით უვლი, იქ აუციოებლად სულიერი თანადგომა ჩნდება.

- მარცხი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ?
- ის ჩემი პაციენტი არ იყო და შესაბამისად, ჩემი მარცხი არ გახლდათ, თუმცა არასოდეს დამავიწყდება. 22 წლის წინ ოპერაცია გაუკეთეს 6 წლის ბავშვს, რომელსაც ენაზე სიმსივნე ჰქონდა. დედას მეორე, 3 წლის შვილის დამტოვებელი არ ჰყავდა და ორივე ბავშვთან ერთად აქ ცხოვრობდა. ერთი თვის მანძილზე ყოველ დღე სახლში ვამზადებდი სადილს და ამ ბავშვებისთვის მომქონდა. 22 წელი გავიდა და იმ ბავშვების სახეებს დღემდე ვერ ვივიწყებ.

- ბავშვთა ონკოლოგიაში მუშაობაზე თუ გიფიქრიათ?
- საერთოდ ბავშვთა განყოფილებებში მუშაობა არ შემიძლია. არც ონკოლოგიაში და არც არაონკოლოგიაში. ეს არის ის, რაც ვერ გადავლახე.

- ოდესმე თუ გინანიათ, რომ ეს პროფესია აირჩიეთ?
- არასოდეს! გარდა იმისა, რომ ექთანი ვარ, უზარმაზარი საზოგადოებრივი დატვირთვა მაქვს და უამრავ სიახლეებს ვეცნობი. სინანული კი არა, სულ უფრო ვაქტიურდები და უფრო წინ მივდივარ.

ესაუბრა ნელი თორდია 

გაზიარება
კომენტარები
POST
POST