სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის წარმატებულია

სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის წარმატებულია

ნატა ხურციძე უკვე 10 წელზე მეტია მუშაობს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში PR-ს მიმართულების ხელმძღვანელად. „ცარიელი გული“ - ასე ეძახიან მას ექიმები და თავადაც არ მალავს, რომ კლინიკა მისთვის მეორე ოჯახად იქცა, თუმცა პროფესიით ექიმი გინეკოლოგია.

- რვა წლის მუშაობის სტაჟი მაქვს უმცროს ექიმ მეან-გინეკოლოგად „წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამშობიარო სახლში“. პარალელურად, ყოველთვის მაინტერესებდა ჯანდაცვის ადმინისტრირება და მენეჯმენტი. ერთხელ საქართველოს პარლამენტში კონკურსი გამოცხადდა, მივიღე მონაწილეობა და ჩემდა გასაკვირად მოვხვდი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. იმდენად გამიტაცა ამ სამუშაომ და ისეთი შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე ბედი მეცადა განსხვავებულ სფეროში. ბუნებით ხელოვანი ადამიანი ვარ, ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ზოგადად - ადამიანი. ამიტომ, ამ მიმართულებით დავიწყე ჩემს თავზე მუშაობა - გადავემზადე ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) „ჯანდაცვის მომსახურების მენეჯმენტში“ USAID- ის პროგრამის ფარგლებში. სერთიფიცირებული ვარ ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გადაუდებელი მდგომარეობების კომუნიკაციური მართვის მიმართულებით.

- და დღეს ორივეს ერთდროულად იყენებთ - სამედიცინო განათლებას და PR-ს სამედიცინო სფეროს აკადემიურ მართვაში?
- კი ბატონო. მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ბოლო 10 წელია ვმუშაობ აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში და ეს არის სწორედ ყოველდღიური ზრუნვა თითოეული აგურის დადებაზე.

- როგორც ვიცი, სხვადასხვა საინტერესო აქციებს გეგმავთ?
- დიახ, ჩვენს ექიმებთან ერთად. ამჟამად, გვქონდა უფასო გინეკოლოგიური კვირეული, გვაქვს ანგიოლოგიური და კარდიოლოგიური ეკონომ პაკეტები, ასევე საჩუქარი პენსიონერებისა და ბავშვებისთვის (ჯერ-ჯერობით, ოფთალმოლოგიურ კვლევებზე, მაგრამ თანდათანობით გავავაფართოებთ არეალს). აქვე დავძენ, რომ ჩვენი აქციები მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ყველა ექიმი ვინც აქციებშია ჩართული, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალია, რომელთა უმრავლესობას პროფესორის წოდება აქვს.

- საქველმოქმედო გასვლებზეც მოგვიყევით?
- ახლო მომავალში ვგეგმავთ გასვლით აქციებს ყველა მიმართულების სპეციალისტის ჩართულობით, ბევრი საინტერესო აქცია გვაქვს დაგეგმილი. ამ აქციებს მხოლოდ PR დანიშნულება არ აქვს - ის მოსახლეობის და პაციენტების კმაყოფილებასა და სოციალურ აქტივობაზეა გათვლილი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სახის პროფილაქტიკური და პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, რათა შესაძლებელი იყოს დაავადების ადრეული დიაგნოსტირება შემდგომი ეფექტური მკურნალობისთვის. ჩვენი დევიზია - გამოცდილება, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი. წლების განმავლობაში არსებობდა საინიციატივო ჯგუფი პროფესორ მაკა ბულეიშვილის თაოსნობით და ამ აქციებშიც აქტიურად ვიყავი ჩართული. ჯანდაცვის მინისტრმა ბატონმა დავით სერგეენკომ საპატიო სიგელებიც გადმოგვცა „ჯანდაცვის სფეროში გაწეული ღვაწლისათვის“.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST