„გამარჯობა, ნატა ექიმო! გახსოვართ?! თქვენ მე გადამარჩინეთ“

„გამარჯობა, ნატა ექიმო! გახსოვართ?! თქვენ მე გადამარჩინეთ“

“მე მახსოვს ყველა ჩემი პაციენტი, ყველა წარმატება და დამარცხება. ნეიროქირურგია - ეს ცხოვრების წესია“ - ასე იწყებს GeoDoc.Ge- თან საუბარს „ქართულ - ჰოლანდიური ჰოსპიტლის“ ნეიროქირურგიის სამსახურის უფროსი, მედიცინის დოქტორ ნატა შენგელაია. ქალი ქირურგი, რომელიც ურთულეს პათოლოგიებს მკურნალობს და რომელსაც უამრავი ადამიანი უმადლის სიცოცხლის შენარჩუნებას. 

- ქალბატონო ნატა, რომელ ნეიროქირურგიულ პათოლოგიებს მკურნალობთ „ქართულ - ჰოლანდიური ჰოსპიტალში“?
- ვმკურნალობთ პაციენტებს ინტრაკრანიული, ხერხემლის და ზურგის ტვინის ტრავმით, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლით, თავის ტვინის გამსკდარი ანევრიზმებით, მალთაშუა დისკების თიაქარით, ხერხემლის არასტაბილურობით, თავის, ზურგის ტვინის, პერიფერიული ნერვების და ხერხემლის სიმსივნეებით. ჩვენთან კეთდება აგრეთვე რეკონსტრუქციული ოპერაციები თავის ქალას ძვლების დეფექტების დროს, მაშუნტირებელი ოპერაციები ჰიდროცეფალიის დროს, ტკივილის მკურნალობა სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს.

- ითვლება, რომ თავის ტვინის სიმსივნე ყველაზე რთულ კატეგორიას განეკუთვნება და ძნელად ექვემდებარება მკურნალობას?
- ყველაფერი შედარებითია. თავის ტვინის სიმსივნეები განსხვავდება სხვა ორგანოების სიმსივნეებისაგან იმით, რომ არ იძლევა მეტასტაზებს და იზრდება მხოლოდ თავის ტვინში. მისი ჰისტოლოგიური ბუნებიდან გამომდინარე პირველი ხარისხის სიმსივნეები ყველაზე კეთილთვისებიანია, მეოთხე კი ყველაზე ავთვისებიანი. კეთილთვისებიანი სიმსივნეა, მაგალითად მენინგიომა, რომელიც მოითხოვს მხოლოდ ქირურგიულ ჩარევას ანუ მის ამოკვეთას. ამ დროს შედეგი მეტწილად დამოკიდებულია სიმსივნის ზომასა და ადგილმდებარეობაზე. რა საკვირველია, ნებისმიერ ოპერაციას თან ახლავს გარკვეული რისკი, მაგრამ თანამედროვე მიკროქირურგიული ტექნოლოგიების წყალობით, დღეს შესაძლებელი გახდა ამ სახის სიმსივნეების წარმატებით ოპერაციული მკურნალობა. გეტყვით ასევე, რომ პატარა მოცულობის სიმსივნე (სმ-მდე დიამეტრში) იკურნება ღია ოპერაციის გარეშე - რადიოთერაპიით (ე.წ. გამა/კიბერ - ნაიფის საშუალებით). ზოგადად კი, ისეთი ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა, როგორიცაა გლიობლასტომა, სარკომა და ა.შ., უნდა იყოს კომბინირებული და შეიცავდეს ოპერაციის შემდგომ ქიმიო და რადიოთერაპიას. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავუხანგრძლივოთ ასეთ ავადმყოფს სიცოცხლე, რადგან დედამიწის ზურგზე ჯერჯერობით არ არსებობს ამ სენის დამარცხების მეთოდი.

- როგორია თავის ტვინის სიმსივნის ადრეული სიმტომატიკა?
- პირველ რიგში - თავის ტკივილი, განსაკუთრებით თუ ეს ტკივილი ვითარდება დილაობით და თან ახლავს გულის რევის შეგრძნება. საერთოდ სიმტომატიკა არის დამოკიდებული სიმსივნის ლოკალიზაციაზე. ნებისმიერი თავის ტკივილის დროს აუცილებელია ნევროლოგთან ვიზიტი და თავის ტვინის მაგნიტურ -ბირთვული რეზონანსული კვლევის ჩატარება.

- ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიად თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა ითვლება. რას წარმოადგენს ის?
- ანევრიზმა წარმოადგენს არტერიის კედლის ადგილობრივ გათხელებას და ამობურცვას. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილიც. ხსენებული პათოლოგიის გავრცელების სიხშირენ არის 13 შემთხვევა 100 000-ზე. სამწუხაროდ, ანევრიზმა სანამ არ გასკდება, პრაქტიკულად გამოუვლენელია. მისი გასკდომა კი ძირითადად ხდება 20 -40 წლის ასაკში, უფრო ხშირად მამაკაცებში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი 10 ანევრიზმიდან სკდება ორი. „ხელშემწყობი“ ფაქტორებია ფიზიკური გადატვირთვა (მაგ.; სიმძიმის აწევა), ასევე ნერვული სტრესი არტერიული წნევის აწევით. გასკდომის შემთხვევაში განმეორებითი გასკდომის აცილების მიზნით ავადმყოფი საჭიროებს სასწრაფო წესით ანევრიზმის გათიშვას სისხლის ნაკადიდან ორი გზით - ღია ოპერაციით (ანევრიზმის კლიპირებით), რომელიც ითვლება „ოქროს სტანდარტად“, ან ენდოვასკულური ჩარევით, ე.წ. კოილინგით. ორივე მეთოდს აქვს თავისი ჩვენება.

- გასკდომამდე თუ შეიძლება ანევრიზმის აღმოჩენა?
- რასაკვირველია - კტ-ანგიოგრაფიის ჩატარებით ანუ თავის ტვინის სისხლძარღვების კონტრასტული კვლევით, კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით.

- მოდით, არანაკლებ გავრცლებულ პათოლოგიაზე- მალთაშუა დისკის თიაქარზეც გვითხარით. რა არის მისი განვითარების მიზეზი?
- ეს ძალიან ხშირი პათოლოგიაა - მოსახლეობაში ხვდება 100 000 -დან 100 შემთხვევაში. თიაქარის განვითარებას ხელს უწყობს უმოძრაობა, არასწორი ფიზიკური დატვირთვა, ოსტეოქონდროზი, ხერხემლის გადატანილი ტრავმა ან ზედმეტი წონა. უფრო ხშირად თიაქარი ვითარდება წელის არეში. საწყის სტადიაზე ე.წ. დისკოგენური რადიკულიტი ექვემდებარება კონსერვატულ მკურნალობას, მაგრამ როდესაც თიაქარი უხეშ მექანიკურ ზეწოლას ახდენს ნერვის ფესვზე და ემუქრება გადაგვარებით, ერთადერთი გამოსავალი გახლავთ მიკროქირურგიული ჩარევა. ოპერაციის მიზანი არის ნერვის ფესვის გადარჩენა, რომელიც ძალიან ეფექტურია და პრაქტიკულად ატრავმული.

- ქალბატონო ნატა, თუ გადაგირჩენიათ თავში ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრილი?
- ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ტრაგიკული მოვლენებიდან გამომდინარე, ქართველ ექიმებს დიდი გამოცდილება გვაქვს სამხედრო მედიცინაში. 2008 წელს ომის დროს ვმუშაობდი აკად. ო. ღუდუშაურის სახ. სამედიცინო ეროვნულ ცენტრში, რომელმაც მიიღო დაჭრილების ძირითადი ნაწილი. მთელი ომის განმავლობაში ჩვენ არ გავსულვართ კლინიკიდან. სამედიცინო პერსონალის შეთანხმებული, კვალიფიცირებული მუშაობის შედეგად ძალიან ბევრის სიცოცხლე გადავარჩინეთ, მათ შორის, თავის ტვინში დაჭრილების.

- და რას გრძნობთ ამ დროს - როდესაც სიკვდილს გამოსტაცებ ადამიანს ხელიდან?
- რა საკვირველია, უზომო ბედნიერებას. ხაზი უნდა გავუსვა, რომ სიცოცხლის გადარჩენა არ არის მარტო ერთი ადამიანის - ქირურგის დამსახურება, არამეთ სხვადასხვა სპეციალობის ექიმების (ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და ა.შ. ) და ექთნების დაუღალავი შრომის შედეგია. როდესაც ქუჩაში, მაღაზიაში, თეატრში უეცრად მხვდებიან და მესალმებიან სიტყვებით „გამარჯობა, ნატა ექიმო! გახსოვართ? თქვენ მე გადამარჩინეთ“, ამ დროს კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ეს მძიმე შრომის და სტრესული სიტუაციებით სავსე ექიმის ცხოვრებისეული გზა არის - ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და ამავე დროს ბედნიერი.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ნეიროქირურგი?
- ნეიროქირურგია - რთული სპეციალობაა. მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ისწავლო, ყოველ დღე იმუშაო საკუთარ თავზე. ნეიროქირურგია - ეს ცხოვრების წესია. ნებისმიერ დროს, დღედაღამ მზად უნდა იყო ავადმყოფს გაუწიო დახმარება. უნდა იყოს ჯანმრთელი და ამტანი, რადგან ზოგიერთი ოპერაცია გრძელდება მრავალი საათი. ოპერაციის დროს უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და ცივი გონება, რათა სწრაფად გაუმკლავდეს არაორდინალურ სიტუაციას, რომელიც ყოველთვის მოსალოდნელია. ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ გიყვარს სპეციალობა და პაციენტი. მე მახსოვს ყველა ჩემი პაციენტი, ყველა წარმატება და დამარცხება. სიკვდილს ვერასდროს შევეგუები. ყველა დაღუპული ავადმყოფი ტკივილს ტოვებს ექიმის გულში.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST