რა უნდა ვიცოდეთ ინსულტის, შაკიკის, მაღალი წნევის და თრომბის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ ინსულტის, შაკიკის, მაღალი წნევის და თრომბის შესახებ

თბილისის „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი“ ახალი, ინოვაციური მეთოდების დანერგვაში ერთ-ერთი ნოვატორია და ამაში მას პროფესიონალურად შერჩეული პერსონალიც უწყობს ხელს. GeoDoc.Ge-ს ამ ინოვაციურ მეთოდებზე, ასევე ყველაზე გავრცელებულ ნევროლოგიურ დაავადებებზე ესაუბრება კლინიკის ნევროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი - ნათია ბაბუხადია:

რა უნდა ვიცოდეთ ინსულტის, შაკიკის, მაღალი წნევის და თრომბის შესახებ  ყველაზე ხშირად რა ჩივილებით მოგმართავენ პაციენტები და როგორ გამოიყურება  ჩივლების პირველი სამეული?

პრიორიტეტული მომართვიანობის შკალას ასე დავალაგებდი:  თავბრუსხვევები და თავის ტკივილი.  გარდა ამისა  ხშირია ჰოსპიტალიზაცია სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის დიაგნოზით, კონკრეტულად ინსულტის დიაგნოზით.

და რა შეიძლება იყოს სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის გამომწვევი მიზეზები?

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით თუ დავიწყებთ, მიზეზი ბევრია. ესენია, არტერიული ჰიპერტენზია, ასაკი, ათეროსკლეროზული გართულებები,  ცხოვრების არასწორი წესი, თამბაქოს და ნარკოტიკული საშუალებების  მოხმარება, ალკოჰოლი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა თანმდევი სომატური  დაავადებები;  სისხლის დავადებები, გულის სხვადასხვა დაავადებები - აი, ეს გახლავთ მცირე ჩამონათვალი იმისა, რაც იწვევს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლას. ხშირია ასევე ჰემორაგიული სისხლჩაქცევები.

ბოლო პერიოდში შეიმჩნევა მთელი რიგი ნევროლოგიური დაავადებების მომატება. განსაკუთრებით, ინსულტის?

ინსულტი არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ირღვევა თავის ტვინის სისხლმომარაგება.  არსებობს ორი სახის ინსულტი, იშემიური  და ჰემორაგიული ტიპის. იშემიური ინსულტი გამოწვეულია სისხლძარღვის ოკლუზიით ან სტენოზით; ჰემორაგიული ინსულტი უშუალოდ სისხლჩაქცევაა თავის ტვინში (სუბდურული, სუბარაქნოიდული, ინტაცერებრული და სხვა), რომელსაც იწვევს  სისხლძაღვის გაგლეჯა. ეს უკანასკნელი გამოწვეულია სისხლძარღვოვანი პათოლოგიებით (ანევრიზმა არეტრიოვენოზური მალფორმაცია და სხვა). აგრეთვე ჰემორაგიული ინსულტის გამომწვევ მიზეზად  სხვა დანარჩენი რისკ ფაქტორების არ არსებობის შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს პერორალური კონტრაცეპტივების სისტემატური გამოყენება.

სიმპტომები როგორია?

ინსულტის  კლინიკას  რაც შეეხება, ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ სიმპტომებზე: ცნობიერების დარღვევა ( დეზორიენტაცია, პათოლოგიური ძილიანობა და სხვა); მეტყველების გაძნელება, სახის  ასიმეტრია, კიდურების სისუსტე და ძალის დაქვეითება (სხეულის რომელიმე მხარეს), თუმცა არსებობს ტრანზიტორული გარდამავალი იშემიური შეტევა, რომლის დროსაც არსებული სიმპოტომების რეგრესირება ხდება 24 სააათში ნარჩენი მოვლენების გარეშე.

- შაკიკზე რას გვეტყვით, რომელიც ასევე ძალიან გავრცელებულია და დღემდე განუკურნებელ დაავადებად ითვლება?

 პირველ რიგში უნდა დიფერენცირებულ იქნეს ის, რომ არსებული თავის ტკივილი  შაკიკია თუ  სხვა სახის თავის ტკივილი. დადგენილი დიაგნოზის შემთხვევაში, დაავადების მართვა ხდება ერთჯერადი მოხმარების ანალგეტიკებით, ასევე გამოყენებული შეიძლება იყოს პირველი რიგის ტრიციკლური  ანტიდეპრესანტები. ზოგადად, შაკიკისთვის დამახასიათებელია მფეთქავი ან მოჭერითი ხასიათის ტკივილი თავის ერთ მხარეს, რომელიც გრძელდება მაქსიმუმ 72 საათი.   შაკიკი შეიძლება პროვოცირებული იყოს  ძილის, ემოციური სფეროს და კვების დარღვევებით.   შაკიკის დიაგნოზის დროს არ არის სასურველი ალკოჰოლის, თამბაქოს და თირამინის შემცველი საკვების  მიღება.

 სპეციალისტების აზრით, ბევრი დაავადება გაახალგაზრდავდა, მაგალითად, იგივე ოსტეოხონდროზი?

ოსტეოხონდროზი არის ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული  დაავადება, რომელიც ვითარდება ასაკის მატებასთან  ერთად, თუმცა ამ დაავადების ასაკი გაახალგაზრდავდა. ხალხური ტერმინით მას მარილების დაგროვებას ეძახიან, მაგრამ ეს არის ე.წ. ძვლოვანი წანაზარდები ანუ ოსტეოფიტები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მალებსა და სისხლძაღვებზე, რაც ძირითადად გამოვლინდება ტკივილის სახით.  ტკივილთან ერთად შესაძლოა იყოს დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, ჭიანჭველის ცოცვის მსგავსი შეგრძნება და სხვა. დაავადების განვითრების მიზეზი შეიძლება იყოს - მემკვიდრეობითი ფაქტორი, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, ტრავმები,  ავიტამინოზი და ჰიპოვიტამინოზი, ხერხემლის თანდაყოლილი დეფექტები,  სიმსუქნე,  გადაციება,  ცხოვრების უძრავი წესი და მუდმივად ერთი სტატიკური მდგომარეობა.  ძალიან მნიშვნელოვანია კვებითი ბალანსი, თუ რას ვჭამთ, აქვე დავძენ, რომ  არ შეიძლება მთლიანად უმარილო და უშაქრო  საკვები, ზომიერება უნდა დავიცვათ კვებითი რეჟიმის დროს. აუცილებელია სწორი ჯდომა. ამისთვის არსებობს სპეციალური სკამები და საზურგეები. როდესაც დიდხანს უწევს ადამიანს ჯდომა, ნახევარ საათში ერთხელ უნდა ადგეს, გაიარ -გამოიაროს. პლიუს ვარჯიში, მასაჟი, ცურვა და ა.შ.

საქართველოში სტრესული ფონი ძალიან მომატებულია, რომელიც შემდგომ იწვევს იგივე ჰიპერტონიულ კრიზს. განსაკუთრებით მენოპაუზის პედიოდში. გაქვთ თუ არა მკურნალობის კონკრეტული სქემა , თუ როგორ უნდა დაეხმაროთ პაციენტებს ყველა ზემოთჩამოთვლილი დაავადების დროს?

ყველა კონკრეტულ დაავადებას თავის მკურნალობის სქემა აქვს, რომელიც საერთაშორისო გაიდლაინებთან და ეროვნულ პროტოკოლებთან არის მისადაგებული. ყველა პაციენტი ინდივიდუალურია და განსაკუთრებული მიდგომას საჭიროებს. აუცილებელია ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების რეგულარული გამოყენება.  უნდა ვეცადოთ, რომ მოვიშოროთ მავნე ჩვევები და ვიცხოვროთ ცხოვრების ჯანმრთელი წესით.

პარკინსონის დაავადებაზეც მინდა გკითხოთ, რომელიც ასევე გაახალგაზრდავდა. მიზეზი რა არის?

პარკინსონი გახლავთ ტვინის ქრონიკული დეგენერაციული დაავადება, რომელიც  განპირობებულია თავის ტვინის შავ  სუბსტანციაში დოფამინის ნაკლებობით. სიმპტომები ვითარდება ძირითდად  60 წლის შემდეგ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც დაავადება თავს იჩენს 50 წლის და ქვემოთ ასაკში. დაავადება დროთა განმავლობაში მწვავდება და მძიმდება, რასაც მივყავართ უნარშეზღუდულობამდე და ქმედითუუნარობამდე.  პარკინსონით დაავადებულებს ახასიათებთ ტრემორი(კანკალი) მოსვენებით მდგომარეობაში, შენელებული მოძრაობები(ბრადიკინეზია), კუნთების რიგიდობა, წონასწორობის, მდგრადობის  და მოძრაობის ავტომატიზმის  დარღვევა,  არტიკულაციის მოშლა, ნერწყვის გამოყოფის და ყლაპვის გაძნელება, ჭკუასუსტობა (კოგნიტიური ფუნქციების მოშლა). გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს სხვადასხვა სისხლძარღვოვანი დაავადებები, ასევე რიგ სახეობის მედიკამენტები, გენეტიკური წინასწარგანწყობა და სხვა.   ავადმყოფი ამ დროს იღებს  სპეციალურ პრეპარატებს, რომელიც შედარებით ამცირებს ტრემორს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

უძილობაც ერთ-ერთ გავრცელებულ სენად იქცა?

უძილობაც გამოწვეულია ისევ და ისევ ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე - სოციალური ქსელი,  დაძაბული სამუშაო გარემო, ეკონომიური მდგომარეობა და ა.შ. ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ ბავშვები მოვარიდეოთ კომპიუტერს, ტელევიზორს და.შ.

 სამომავლო გეგმები ს შესახებაც მოგვიყევით?

„ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში“ დავნერგეთ იშემიური ინსულტის  მკურნალობის ახალი მეთოდი - ტრომბოლიზისი. ეს არის იშემიური ინსულტის მკურნალობის ახალი მეთოდი, რომელიც ნიშნავს თრომბის დაშლას ინტრავენური, ინტრავასკულური მიდგომით. სიმპტომების დაწყებიდან  მაქსიმუმ გასული უნდა იყოს  ოთხსაათნახევარი, რომ მოხდეს ამ პროცედურის ჩატარება. თრომბოლიზისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროცედურაა  და ინტრავენურ ინექციას - თრომბოლიზური მედიკამენტის გადასხმას გულისხმობს, რომლის საშუალებით ხდება არტერიებში წარმოქმნილი იშემიური ინსულტის გამომწვევი სისხლის კოლტების დაშლა. მნიშვნელოვანია პროცედურის ადრეულ ეტაპზე  - ინსულტის განვითარებიდან უახლოეს საათებში ჩატარება, რათა მოხდეს ინსულტით  გამოწვეული ზიანის და ინვალიდიზაციის  მაქსიმალურად თავიდან   აცილება.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST