ახალგაზრდა ექიმი, რომლის ხელშიც უამრავი ადამიანის გულმა გაიარა

ახალგაზრდა ექიმი, რომლის ხელშიც უამრავი ადამიანის გულმა გაიარა

2003 წელს, წითელ დიპლომზე სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მოღვაწეობა კარდიოლოგიის ინსტიტუტში გააგრძელა - უმცროს ექიმად. პირველი ნაბიჯები სწორედ ამ დაწესებულებას უკავშირდება. პარალელურად მუშაობა სამედიცინო ცენტრ „ქირონში“ გააგრძელა. მერე იყო - „ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალი“, ქირურგიის ინსტიტუტი, თბილისის ზღვის ჰოსპიტალი და შპს „პირველი საავადმყოფო“. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, საკმაოდ გრძელი გზა გამოიარა და დღეს, ნათია ფიცხელაური „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის“ კარდიოინტენსიური განყოფილების წამყვანი ექიმია.

- რატომ აირჩიეთ კარდიოლოგია?
- ექიმობა ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო. რატომ კარდიოლოგია? იმიტომ, რომ გული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანოა, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ იცოცხლებს. ყოველთვის მხიბლავდა ის აზრი, თუ რამდენ ადამიანს შემიძლია შევუნარჩუნო ჯანმრთელობა და გავუხანგრძლივო სიცოცხლე. პარალელურად, ქირურგიაც ძალიან მიტაცებდა, მაგრამ, საბოლოოდ კარდიოლოგიაზე შევაჩერე არჩევანი. ამ ხნის განმავლობაში, ჩემს ხელში უამრავი პაციენტის გულმა გაიარა. იმის შეგრძნება, რომ ვიღაცა გადაარჩინე და სიცოცხლეს სიხალისე დაუბრუნე, ამაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის არ არსებობს.

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელი ცხოვრების წესს, რაც საქართველოს პირობებში საკმაოდ რთულია. ეკონომიური ფონი მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებს მოსახლეობის უმეტესობას. ამ შემთხვევაში რას ურჩევდით თქვენს პაციენტებს?
- თითქმის ყველა ჩვენგანს სტრესული ვითარებაში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ჯანმრთელობას არ მივაქციოთ ყურადღება. მაგალითად, დღეს საკმაოდ მწვავე პრობლემად იქცა არანორმირებული სამუშაო გრაფიკი და უძილობა. ასევე ადინამიურობა და ჯდომითი რეჟიმი, რომელიც სისხლძარღვებში ქოლესტერენის ჩალაგებას უწყობს ხელს. ელემენტარული, რაც შეგვიძლია ამ დროს გავაკეთოთ, ფეხით მეტი ვიაროთ. მაგალითად - სამსახურიდან სახლში. იგივე მიოკარდიუმის ინფაქრტის დროს, მესამე დღიდან ვიწყებთ რეაბილიტაციას და ჩემს პაციენტებს ვურჩევ, რომ ფეხით რაც შეიძლენა მეტი ისეირნონ.

- კვების რეჟიმზეც გვითხარით?
- მინიმუმ დღეში სამჯერადი კვება აუცილებელია, შეძლებისდაგვარად სრულყოფილი რაციონით. ლანჩი უმჯობესია 5-7 საათამდე. ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებს, უნდა მოერიდოს ცხიმიან საკვებს. შევზღუდოთ მარილიანი საკვები, ვინაიდან ის ჰიპერტენზიის განვითარებას უწყობს ხელს.

- გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ხშირად სეზონურსაც უწოდებენ?
- ის, რომ ბევრ ადამიანს დაავადება შემოდგომა-გაზაფხულობით უმწვავდება, არ ნიშნავს იმას, რომ დაავადება სეზონურია. უბრალოდ, წელიწადის ამ დროს იზრდება მთელი რიგი რისკფაქტორები. პაციენტთა უმეტესობას ჰგონია, რომ გულის შეტევის ნიშნების ამოცნობა შეუძლია, მაგრამ ამ დროს, 50 %-ს გულ-მკერდის არეში არანაირი ტკივილი არ აღენიშნება. ასე რომ, აუცილებელია ადამიანმა იცოდეს ის სიმპტომები, რომლებიც გულთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს.

- რა სიმპტომებია ეს?
- აჩქარებული გულისცემა (100 ან მეტი დარტყმა წუთში), არარეგალური გულისცემა, დაღლილობა, ძლიერი თავბრუსხვევა, , მოჭერითი ხასიათის ტკივილი გულ-მკერდის არეში. ყველას ვთხოვ, ყურადღება მიაქციოს ამ სიმპტომებს და მათი გაჩენისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST