ქართველი ექიმი, რომელიც ხატვით ებრძვის სტრესს

ქართველი ექიმი, რომელიც ხატვით ებრძვის სტრესს

„ნახატი თავისით მოდის, ნახატი ჩემი ემოციაა, ამით ვებრძვი სტრესს“- აცხადებს ექიმი-კარდიოლოგი ნინო ჭაღიაშვილი Geodoc-თან საუბრისას.

მიუხედავად იმისა, რომ ფანქარი ხელში სამი წლიდან აიღო, ექიმობაც ბავშვობიდანვე გადაწყვიტა.

- რა უფრო ადრე გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში, ხატვა თუ მედიცინა?
- რაც თავი მახსოვს, დაახლოებით სამი წლის ასაკიდან, ფანქარი და ქაღალდი ჩემი განუყრელი მეგობარი გახდა. ძალიან მიყვარდა ხატვა, ზოგადად ფერები და შემეძლო, მთელი დღე ხატვაში ან წერაში გამეტარებინა, თუმცა ინტენსიური ხატვა სულ ახლახან დავიწყე - ასე ვებრძვი სტრესს.

- რამ იქონია გავლენა თქვენს გადაწყვეტილებაზე, როცა პროფესიას ირჩევდით?
- მგონი, ჩასახვიდან ასე იყო გადაწყვეტილი, დედას უნდოდა ექიმობა და ნატრობდა, შვილი ექიმი ჰყოლოდა. ექიმი აიბოლიტის ხელსაწყოები ორი წლიდან, მუდამ ჩემთან იყო. მახსოვს ტონზილექტომიას სწორედ იმ პირობით დავთანხმდი, რომ ექიმის ქუდსა და აიბოლიტის ჩანთას მიყიდდნენ.

- და მაინც, რა არის თქვენთვის ხატვა - მეორე სპეციალობა თუ ჰობი?
- ნახატი თავისით მოდის, ნახატი ჩემი ემოციაა, თუმცა ზოგჯერ ბისერით ვარ დაკავებული და სამკაულებს, ბროშებს ვაკეთებ, ასევე თოჯინაც მაქვს შექმნილი, ვქსოვ.

- რა მასალით მუშაობთ?
- ძირითადად, აკრილით...

- რამდენ გამოფანაში მიგიღიათ მონაწილეობა?
- კლინიკა „პინეოს“ კარდიოლოგიურ განყოფილებაში ჩემი ნახატებია გამოფენილი. გამოფენის მოწყობას ალბათ თავისი დრო აქვს. ჯერ არ მიფიქრია მაგაზე.

- ასევე, ხომ არ გაიხსენებდით ექიმს ან პროფესორს, რომელმაც თქვენს პროფესიულ ნაბიჯებზე დადებითი გავლენა მოახდინა?
- საქართველოში არ არის მარტივი ექიმი იყო და დრო იყო, როცა ვკარგავდი იმ წყურვილსა და სურვილს, რამაც ეს პროფესია ამარჩევინა. ლევან ყურაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც გამომაფხიზლა და სტიმული მომცა.

- თქვენი ფავორიტი მხატვრები დაგვისახელეთ...
- ვან გოგი და დალი ჩემთან ახლოს არიან...


ესაუბრა თამთა ქარქაშაძე

გაზიარება
კომენტარები
POST
POST