ვინ იტანჯება პარასკევიდეკატრიაფობიით?

ვინ იტანჯება პარასკევიდეკატრიაფობიით?

პარასკევი, რიცხვი 13 - გავრცელებული ცრურწმენის მიხედვით, ამგვარი დამთხვევა ორმაგად ცუდის ნიშანია. ბევრი მიიჩნევს, რომ ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება მართებს, რათა თავიდან აიცილოს უიღბლობით გამოწვეული უსიამოვნება. ეს ფენომენი ფსიქოლოგიაში ცნობილია ტერიმინით - პარასკევიდეკატრიაფობია (ბერძ. παρασκευή პარასკევი, δεκατρείς -ცამეტი.). რა კვებავს ამგვარ ფობიას და რას ფიქრობენ მის შესახებ საქართველოში?

13 რიცხვი, თანაც პარასკევი - კალენდრის შესაბამისად, ასეთი დამთხვევა წელიწადში, სულ ცოტა, ერთხელ მაინც გვხვდება. ხალხის ნაწილს პარასკევი ნეგატიურ დღედ მიაჩნია საქართველოშიც. საინტერესოა, რატომ?

ქრისტიანულ კულტურაში ნეგატიური დატვირთვა აქვს 13 რიცხვს. თუნდაც მარტო ის რად ღირს, რომ წმინდა სერობის დროს იუდა მეცამეტე თანამეინახე იყო, ხოლო ანტიქრისტეზე ლაპარაკია აპოკალიფსის მეცამეტე თავში, თუმცა, როგორც აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე ამბობს, 13-თან დაკავშირებული ცრურწმენა სხვა კულტურებშიც შეინიშნება. ცნობილია, რომ საუკუნეების მანძილზე მუსლიმები ერიდებოდნენ 13 რიცხვის ყოველდღიურ ყოფაში გამოყენებას.

„ისლამიდან განვითარებულ ზოგიერთ კულტურაში, ზოგიერთ ქალაქში იყო ისეთი ვითარება, როცა „13“ რიცხვს იმდენად ერიდებოდნენ, რომ ქუჩაზე დანომვრის დროს არ იყო სახლი ცამეტი ნომრით. რეალური საფუძველი ამ შიშს არ აქვს, ანუ ვგულისხმობ იმას, რომ ეს შიში არ არის შეპირობებული ყურანით, წმინდა წიგნით, მაგრამ არსებობდა ეზოტერული მოძღვრება, რომელიც ასოებს განიხილავდა ციფრების მეშვეობითაც და ასოებს უკავშირებდა გარკვეულ ციფრულ მნიშვნელობებს და, შესაძლოა, ეს იყო ღვთის მოწინააღმდეგე ძალის ერთ-ერთი ანაგრამა, რომლის გამოც წარმოიშვა ასეთი შიში“, - აცხადებს ლობჟანიძე.

უიღბლობის ორი მაჩვენებლის - პარასკევისა და 13 რიცხვის - გადაკვეთა საბედისწერო აღმოჩნდა გენიალური იტალიელი კომპოზიტორის ჯოაკინო როსინისათვის, რომელიც 1868 წლის 13 ნოემბერს, პარასკევს გარდაიცვალა.

ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ პარასკევიდეკატრიაფობიას, ისევე როგორც სხვა ფობიებს, იწვევს ცალკეულ პირთა ძლიერი მიდრეკილება ცრურწმენისაკენ. მისი თქმით, ეს არის ერთგვარი ოფსესიურ-კომპულსიური აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანი იჯერებს, რომ რაღაც არის კარგის ან ცუდის ნიშანი. გაგა ნიჟარაძის თქმით, საქართველოში თითქმის ყოველ მეათე ადამიანს აწუხებს ესა თუ ის ფობია. ყველაზე მეტად გავრცელებულია ობობებისა და გველების შიში, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც 13 რიცხვის ან პარასკევის ავბედითობის სჯერა:

„ორივეს დამთხვევა, რაც იშვიათად ხდება, ითვლება, რომ განსაკუთრებით უიღბლოა, მაგრამ ფსიქოლოგიურად საინტერესოა, რომ ის, ვისაც ამისი სჯერა, მართლა ეხვევა ხოლმე რაღაც შარში, იმიტომ რომ მზად არის ამისთვის და, ასე ვთქვათ, ეძებს თუ იზიდავს ხოლმე თავგადასავალს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას ობიექტურობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაგალითად შეგვიძლია მოვიტანოთ ასეთი რამ: იმ ქვეყნებში, სადაც აქვეყნებენ მზეზე მაგნიტური ქარიშხლების კალენდარს, ანუ ჯანმრთელობისთვის ცუდი დღეების ჩამონათვალს, ამ დღეებში ბევრი ადამიანი აკითხავს ექიმებსა და სამედიცინო დაწესებულებებს, და სადაც არ აქვეყნებენ, იმ ქვეყნებში - არა. ასე რომ, სუფთა ე.წ. პლაცებო ეფექტია“.

გაგა ნიჟარაძის მსგავსად, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელიც მიიჩნევს, რომ პარასკევისა და ცამეტის შიში უსაფუძვლოა. უფრო მეტიც, ვარსკვლავების გადმოსახედიდან არაფერი დაეწუნება არც რიცხვ ცამეტს და არც პარასკევ დღეს: ასეთი ფობიით დაავადებულს ეგოცენტრიზმისკენ აქვს მიდრეკილება, ანუ ფაქტობრივად, სჯერა, რომ მისთვის ხდება 13-იც და პარასკევიც. ამას ძალიან ჰგავს ჭექა-ქუხილის შიში...“   აცხადებს ასტროლოგი.

გაგა ნიჟარაძე ამგვარი ფობიის მსუბუქი ფორმით შეპყრობილ ადამიანებს მარტივ გამოსავალს სთავაზობს: ან პირადი გამოცდილებით დარწმუნდნენ, რომ ამ დღეს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ანდა დარჩნენ შინ, მით უმეტეს, რომ წლის მანძილზე პარასკევი და 13 ერთმანეთს საშუალოდ ერთხელ ან ორჯერ ემთხვევა, თუმცა, როგორც ირკვევა, არსებობს განკურნების სხვა საშუალებაც: ამერიკელი ფსიქოთერაპევტი და ტერმინ პარასკევიდეკატრიაფობიის დამამკვიდრებელი დონალდ დოსეი ამტკიცებს, რომ თუკი ამ რთული სიტყვის რამდენჯერმე ბორძიკის გარეშე გამეორებას შეძლებთ, მაშინ თქვენი შიში პარასკევისა და რიცხვ ცამეტის მიმართ თავისთავად გაქრება.

ჯიმშერ რეხვიაშვილი

https://www.radiotavisupleba.ge/a/25421344.html

Copyright (c) 2010. RFE/RL, Inc. გადაბეჭდვის ნებართვა მიღებულია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისგან, 1201 Connecticut Ave., N.W. Washington DC 20036.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST