მეორადი იმპლანტები ანუ რა ღირს დაინვალიდება საქართველოში

მეორადი იმპლანტები ანუ რა ღირს დაინვალიდება საქართველოში

საქართველოს ტრავმატოლოგთა ასოციაციის წევრი, პროფესორი რამაზ აღლემაშვილის განცხადებით, ქვეყანა მიაქვს არალიცენზირებულ და უხარისხო ტრავმატოლოგიურ მასალებს (იმპლანტები, პროთეზები, ფიქსატორები და ა.შ.), რაც ხშირად პაციენტს ჯანმრთელობის ფასად უჯდება.
- არსებობს ხერხემლის ინპლანტები, რომელთა 1 ცალი ღირებულება 500 დოლარზე ნაკლები არ არის და არის ისეთიც, რომლებსაც 150 ლარში იყიდით. აი, ამხელა სხვაობაა. არადა, რაც უფრო მაღალხარისხოვანი ინპლანტით გააკეთებს ექიმი ოპერაციას, მით მეტად არის დაზღვეული გართულებებისგან. შემდეგ, ანტიბიოტიკები, შესახვევი მასალა, ფიქსატორები და ა.შ. აქაც არის განსხვავება. მაგალითად, ანტიბიოტიკებიდან „როცეფინი“ ღირს 10-15 ლარი. და არსებობს „ცეფტრიაქსონი“, რომელიც ლარნახევარი ღირს. ორივე დარეგისტრირებული პრეპარატია და ექიმის გადასაწყვეტია, რომელს გაუკეთებს პაციენტს. მე, მაგალითად, მირჩევნია ორი „როცეფინი“ გავუკეთო და 30 ლარი გადავიხადო, ვიდრე ათი ცეფტრიაქსონი და ათი ლარი გადავიხადო. იმიტომ, რომ ამით უფრო დაზღვეული ვარ გართულებისგან.
- ძვირადღირებული პრეპარატების შემთხვევაში გართულება არ ექნება პაციენტს?
- არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ფასი განსაზღვრავს ხარისხს. ესა თუ ისე პრეპარატი ერთისთვის შეიძლება წამალი იყოს და მეორესთვის საწამლავი. ეს კვლევები, დაკვირვებები, მისადაგება და ა.შ. საკმაოდ ძვირადღირებულია.
- როგორ ხვდება უხარისხო მასალები საქართველოს კლინიკებში?
- როგორც წესი, ტენდერი ცხადდება. მაგალითად, ერთ-ერთმა კლინიკამ გამოაცხადა ტენდერი და ტენდერში გაიმარჯვა ფირმამ, რომელიც საერთოდ არ აწარმოებდა და არც შემოჰქონდა ეს ნაწარმი საქართველოში. როცა უთხრეს, მოგვაწოდეო, უპასუხეს, რა უნდა მოგაწოდოთო. პარადოქსალურია, მაგრამ ეს მოხდა. კიდევ ვიმეორებ, ადამიანი მანქანა არ არის, ჭანჭიკი მოუჭირო და გარანტიები მისცე. ყველა ოპერაციას თავისი რისკები, ჩვენება და უკუჩვენება ახლავს. ევროპაშიც ამ გართულებების რიცხვი დაახლოებით 4-7 %-ია. თუ შეფარდებით ვიმსჯელებთ, „ჯონსონის“ და „ციმერის“ იმპლანტები თუ ამომიღია წელიწადში ერთი-ორი, სხვა მწარმოებლების ათი ამომიღია.
- სად მზადდება არალიცენზირებული იმპლანტები?
- სადღაც ცეხში... ჩინეთში, თურქეთში, ინდოეთში. იქ არც შემადგენლობაა განსაზღვრული და არც სხვა დანარჩენი. არადა, მაღალი ხარისხის იმპლანტების სტერილიზაცია რამდენიმე ფაზას გადის. მათ ეს შეფუთვაზეც ეტყობათ, ხარისხზეც და მეტალის დამუშავების ვიზუალზეც. საქართველოში შემოდის მაგალითად იმპლანტები, რომლებიც ინგლისურია და ინდოეთში მზადდება. ისინი მაღალი ხარისხის არის და ვხმარობთ. მაგრამ არის იმპლანტები, რომლებიც სრულიად გაურკვეველი წარმოშობის გახლავთ, ყოველგვარი ლიცენზიების და სერთიფიკატების გარეშე. შემოდიან ეს კომპანიები, რაღაც გარკვეულ სეგმენტს იკავებენ, მერე ქრებიან. ძირითადად, ჩინურ და თურქულ წარმოებებს ვგულისხმობ. თუმცა, იქაც არის პროდუქცია, რომლებიც საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და ნუ ვიტყვით იმას, რომ მაინდამაინც ევროპულია კარგი. უბრალოდ, იმიტომ ვამახვილებ ევროპულზე აქცენტს, რომ იქ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა საერთაშორისო სტანდარტებს. უხარისხო პროდუქცია ბაზარზე, მითუმეტეს სამედიცინო ბაზარზე იქ ვერ მოხვდება.
- ჩვენთან როგორ ხვდება ისინი?
- ალბათ. და ეს შესამჩნევიც არის. ევროპიდან პროდუქცია მოდის მთელი თავისი ბიოქიმიური შემადგენლობით, თავისი დამცავი მექანიზმებით. შესაბამისად, გართულებების შემთხვევაში პასუხისმგებლობას მწარმოებლებიც ღებულობენ. საქართველოში კი ბაზრის უმეტესი პროცენტი ისეთ შემომტანებს უკავიათ, რომელთა პროდუქცია იღუნება, ტყდება, ხდება ორგანოებთან შეუთავსებლობა.
- მოდით ისიც ვთქვათ, რომ ეს აძვირებს ოპერაციის თვითღირებულებას?
- აძვირებს, მაგრამ დამცავი მექანიზმიც მეტია. არის იმპლანტები, რომლებსაც თავისი ცვეთის ხარისხი აქვს. პირველ ეტაპზე შესაძლოა სახელმწიფოს იაფი უჯდება მოცემულ სიტუაციაში იაფფასიანი იმპლანტების ჩასმა და ერთი ავადმყოფის მკურნალობა, მაგრამ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ეს ავადმყოფი ისევ გართულებებით მოდის. შეუთავსებლობით, რომლებიც უნდა ამოიღო, დაჩირქებული ჭრილობით და უკვე დამატებით სჭირდება მედიკამენტოზური მკურნალობა. ეს უკანასკნელი კი საკმაოდ ძვირი ჯდება. ყოველივე ამის შემდეგ კი ისევ ხელახალი იმპლანტირება სარევიზიო პროტეზით. და ეს ყველაფერი უკვე ორჯერ მეტად ძვირი პროცედურაა.
- თვეში საშუალოდ რამდენი „გართულებული“ პაციენტი მოგმართავთ?
- საშუალოდ, თვეში 5-6 გართულებული პროტეზირებაა მიხდება აღდგენის. ვიღებთ პროტეზს, მერე ვასვენებთ პაციენტს, ვინაიდან შეუთვსებლობაა და მერე სპეციალურად ვუთესავთ სარევიზიო პროთეზს. ეს ყოველივე კი პაციენტსაც და სახელმწიფოსაც ბევრად მეტი უჯდება.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST