რატომ ეძახდნენ დიაბეტს მდიდრების დაავადებას?

რატომ ეძახდნენ დიაბეტს მდიდრების დაავადებას?

Geodoc.ge-ს ესაუბრება პროფ, რამაზ ყურაშვილი - ენდოკრინოლოგი, დიაბეტის კვლევის ცენტრის დამაარსებელი, ფუძემდებელი და დირექტორი:

- ბატონო რამაზ, როდის რატომ გაგიჩნდათ სურვილი ამ მიმართულებით წასულიყავით?
- 16 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს ორ უსაყვარლეს ადამიანს - დედაჩემის დედას და მამაჩემის მამას, დიაბეტი აღმოაჩნდათ. 1950-იან წლებში ძალზედ მწირი საშუალება არსებობდა როგორც დიაგნოსტიკის, ისე წამლების მხრივ. სრული უცოდინრობა მეფობდა ირგვლივ და სწორედ მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ ამ დარგში წავსულიყავი. თავიდან თერაპევტად დავიწყე მუშაობა, მერე ჩემს კლინიკაში გაჩნდა ენდოკრინოლოგის ადგილი და დიაბეტის კლინიკური განყოფილება. მახსოვს, იმ დროინდელი სამსახურის უფროსმა, სპარტაკ ლაშხმა ჩემი დანიშვნის ბრძანებაში ჩაწერა, რომ რამაზ ყურაშვილის დამსახურებით გაიხსნას ეს კლინიკაო.

-  ბოლო წლებში ძალიან მოიმატა დიაბეტით დაავადების მაჩვენებელმა საქართველოში. მიზეზი რა არის?
- აქ რისკის ფაქტორების მთელი კრებულია. თუმცა, მაინც გამოვყოფდი რისკის ორს კატეგორიას - ერთი არის „უცვლელი“ და „მყარი“, მეორე კი „ცვალებადი“. ჩვენ თუ გვინდა, რომ ვებროძოლოთ დიაბეტს, ბუნებრივია უნდა ვიცოდეთ „მყარი“ რა არის. მშობლებს ვერ შევცვლით, კანის ფერს ვერ შევცვლით, ასევე ასაკს... სხვათაშორის, ზოგ შემთხვევაში შეიძლება წონაც იყოს უცვლელი და მყარი, რადგან ვერ დაიკლოს პაციენტმა. „ცვალებადია“ - არტერიული წნევა, გარემო ფაქტორები - ხმაური, თავისთავად ასაკი, ხანმოკლე ძილი, ჭუჭყიანი წყალი, დაბალი ხარისხის საკვები. 

-  ქრონიკულ დიაბეტზე რას გვეტყვით?
- სამწუხაროდ განუკურნებელი დაავადებაა, რომლის დროსაც  პაციენტმა ყველაფერი უნდა აკონტროლოს. იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით. აუცილებელია კარგი საკვები, პატარ-პატარა ულუფა, ნორმალური ძილი. დიაბეტი არის განვითარებადი ქვეყნების დაავადება. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მაშინ ისეთი სტატისტიკა და მიდგომა იყო, რომ ჩინეთში არ არის დიაბეტი, ვინაიდან ამ ქვეყნის მოსახლეობას გენეტიკური ფაქტორები იცავენო. თურმე, ნურას უკაცრავად! როდესაც მოვიდა დრო და ჩინეთმა ჩართო ინდუსტრიალიზაცია სახელმწიფოსათვის, ანუ 30 წელიწადში გაიარა ის გზა, რა გზაც უნდა გაევლო 300 წელიწადში, ეკონომიურად დაწინაურდა და დღეს, 120 მილიონი დიაბეტით დაავადებული ავადმყოფი ჰყავს ჩინეთს. ცნობისთვის, მთელს მსოფლიოში მათი რიცხვი 425 მილიონია. არ არსებობს სახელმწიფო, სადაც დიაბეტის შემთხვევები მცირდება. პირიქით სულ მატულობს. მეორე ადგილზე არის ინდოეთი.

- რა რჩევას მისცემთ ამ კატეგორიის პაციენტებს?
- ყველაზე მთავარს  - გაესაუბრონ განათლებულ ექიმს. სხვათაშორის, ევროპაში დიაბეტს ეძახდნენ ინგლისელების დაავადებას და იცით რატომ? პირველად ინგლისელებმა შემოიღეს შაქრის მიღების ტექნოლოგია. იმ დროს  შაქარი ძვირი ღირდა და  მხოლოდ მდიდრები მიირთმევდნენ. ამიტომაც, ძირითადად, მათ ემართებოდათ დიაბეტი.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST