ცნობილი ონკოლოგის - პროფ. რევაზ გაგუას გარდაცვალების მიზეზის გაუხმაურებელი დეტალები

ცნობილი ონკოლოგის - პროფ. რევაზ გაგუას გარდაცვალების მიზეზის გაუხმაურებელი დეტალები

„ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ყოფილი დირექტორის - პროფესორ რევაზ გაგუას გარდაცვალების მიზეზებზე პირველ რიგში მისი კოლეგები სდუმან. არადა, კარგი იქნებოდა იმაზე დაფიქრება, თუ რა ტკივილს ატარებდა გაგუა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და რამაც შეიწირა კიდეც - გულმა ვერ გაუძლო.

ჩვენ მხოლოდ ფაქტებით ვისაუბრებთ, მითუმეტეს ისეთ დელიკატურ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ქართველი ექიმის გარდაცვალება და მისი გამომწვევი (თუნდაც ირიბად) მიზეზები ჰქვია. 

2010 წლის 19 ნოემბერს, ჩინურ-კანადურ კომპანიასთან სახელწოდებით - „პეგასუს ფარმაცეპტიკალ გრუპთან“ პრივატიზაციის ხელშეკრულება დაიდო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ეკონომიკის სამინიტრომ ყოველგვარი აუქციონის გარეშე, გარკვეული ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ უცხოურ კომპანიას გადასცა სამართავად.
ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 18 ნოემბრის განკარგულება, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 61 852 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების კანადაში რეგისტრირებულ ჩინურ კომპანიისთვის გადაცემა პირდაპირი მიყიდვის წესით“.   

აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებდა „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის“ სრულ და თავიდან ბოლომდე აღჭურვას და განახლებული რესურსით ამოქმედებას. სწორედ ეს გახდა განხეთქილების ქვაკუთხედი ექიმებსა და ხელმძღვანელობას შორის. კერძოდ, 2012 წლის 15 დეკემბერს, მედპერსონალის გარკვეული ნაწილი დაუპირისპირდა ცენტრის ხელმძღვანელს-  რეზო გაგუას. ის, რომ „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ სახელმწიფო კუთვნილებაში შედიოდა და მისი ხელმძღვანელი დანიშნული  გახლდათ - ეს მხედველობაში ყველაზე ნაკლებად იქნა მიღებული. ყველა ჯოხი მაშინ რეზო გაგუაზე გადატყდა. „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ექიმების ნაწილმა პროკურატურას მიმართა განცხადებით, სადაც მოთხოვნილი იყო ინვესტორებთან დადებული ხელშეკრულების გაუმება. ბევრი რამ იყო ამ განცხადებაში ნათქვამი, მაგალითად, ის რომ „პეგასუსფარმაცეპტიკალმა“ ჩალის ფასად, 3 100 000 დოლარად იყიდა „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის“ კუთვნილი შენობა-ნაგებობები და მასზე დამაგრებული ტერიტორია; რომ საპრივატიზაციო ხელშეკრულების თანახმად, „პეგასუს ფარმაცეპტიკალს“ შეეძლო ხუთი წლის შემდეგ საავადმყოფოსთვის პროფილი შეეცვალა და მაგალითად, სასტუმროების ქსელის გაკეთება. სულ ტყუილად აკეთებდა რეზო გაგუა საჯარო განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ინვესტორები პროფილის შეცვლას არ აპირებდნენ და ძირითადი მიმართულება ონკოლოგია იქნებოდა.

და აი, სწორედ აქ დაიწყო ომი! ომი, რომელმაც საბოლოო ჯამში „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ დაშალა და შეიძლება ითქვას, პროფესორ რეზო გაგუას „თანდათანობითი სიკვდილის“ მიზეზი გახდა. წლების განმავლობაში ასაკოვანი პროფესორი ყველაფერს თავის თავში ატარებდა - მანამდე, სანამ გული უძლებდა.
მოვლენები კი ასე განვითარდა. 2011 წლის 22 ნოემბერს რეზო გაგუამ დააფუძნა შპს „საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი“. დეკემბერში მან ამ შპს-ს სახელით „თბილისის ონკოლოგიურ საავადმყოფოს“ ხელშეკრულება დაუდო. ხელშეკრულების თანახმად, „თბილისის ონკოლოგიურ საავადმყოფოს“ საქმიანობის უფლება ახლად დაფუძნებულ შპს-საც გადაეცა. როდესაც ამ ფაქტის შესახებ „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ექიმებმა შეიტყვეს, სასწრაფოდ შექმნეს ონკოლოგიური ცენტრშივე ე.წ. საინიციატივო ჯგუფი და მასში გაგუას კოლეგები ანუ კლინიკის პროფესორების ნაწილი შევიდა. სწორედ ეს საინიციატივო ჯგუფი დაუპირისპირდა რეზო გაგუას და ონკოცენტრის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება მოითხოვეს.

2013 წლის 18 მარტს, რეზო გაგუამ საინიციატივო ჯგუფს სასამართლოში უჩივლა და ღირსების შელახვის ბრალდება წაუყენა. გაგუამ მათგან მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა 234 521, 87 ლარის ოდენობით, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. მორალური ზიანი გამოიხატებოდა იმაში, რომ „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის“ პრივატიზება არ ყოფილა რეზო გაგუას ინიციატივა. ეს იყო სახელმწიფო ინიციატივა, ვინაიდან ცენტრი სახელმწიფოს კუთვნილება იყო. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში გაგუა შეეცადა, რომ ეს პროცესები რამენაირად მართვადი გაეხადა, რომ საბოლოოდ არ ჩამონგრეულიყო ათწლეულების განმავლობაში „ნაშენი“ ქართული ონკოლოგიის ტრადიცია. ეს კი მისმა თანამშრომლებმა და კოლეგებმა ისე აღიქვეს, თითქოს ჩინური კომპანიის უკან თავად გაგუა მდგარიყოს.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სასამართლო პროცესის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფში შემავალი ექიმების უძრავი ქონება დააყადაღეს. ბუნებრივია, ასეთ მძიმე მდგომარეობა - ომი საკუთარ თანამშრომლებთან არც რეზო გაგუას აწყობდა. თანაც, 20 მილიონ დოლარად გაწერილ შენობა-ნაგებობებში, 2013 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო რეაბილიტაციის პროცესი. არადა, ფაქტობრივად არაფერი იყო გაკეთებული. ბევრი ჭორი აუგორეს მაშინ ცხონებულ ექიმს - სააკაშვილის ოჯახთან ახლობლობა, რომ ჩინური ექსპერიმენტალური პრეპარატების გამოცდას აპირებდნენ ქართველ პაციენტებზე და ა.შ.

ვინაიდან 2013 წელი ახლოვდებოდა და ფაქტობრივად არაფერი არ იყო გაკეთებული, ხელისუფლებამ მართვაში შემოიყვანა „მედიკალ პარტნიორი“, რომლის ხელძღვანელიც „ბლოკ ჯორჯიას“ ჯგუფიდან იყო. როგორც ამბობდნენ, „მედიკალ პარტნიორი“ იმ პერიოდში იმისთვის დაარსდა, რომ მართვაში აეღო „საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრი“. ასე და ამირგად, ონკოლოგიური საავადმყოფოს მმართველობაში სახელმწიფომ ირიბად შემოიყვანეს „ბლოკ ჯორჯია”. მაგრამ, „ბლოკ ჯორჯიას” წინააღმდეგ აჯანყდნენ თანამშრომლები. მათ უფლებადამცველებს და სხვადასხვა არასამთავრობოებს მიმართეს. და დაიწყო საჯარო გამოსვლების მთელი სერია, თან ამ ყველაფერს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟს უწოდებდნენ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით უნდა ყოფილიყო კვალიფიცირებული.

„ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ფუნქციონირებდა როგორც  სს „ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“.  2011 წლის დეკემბერში ცენტრის ფუნქციონირება ფაქტობრივად შეწყდა. ონკოლოგიის ცენტრის გაფიცული თანამშრომლები ყველა თავის გამოსვლაში აფრიალებდნენ რეზო გაგუას ბრძანება N88, სადაც იგი მიუთითებდა, რომ ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის ცენტრმა 26 დეკემბერს სამედიცინო საქმიანობა შეწყვიტა, სამაგიეროდ სტაციონარული საქმიანობის ლიცენზია გადაეცა შპს „საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს“, რომლის დამფუძნებელიცა და დირექტორიც გახდა რეზო გაგუა.
არავის არ გაუმახვილებია მაშინ ყურადღება იმაზე, რომ ეს გაგუამ გააკეთა იმიტომ, რომ სახელწოდება მაინც გადაერჩინა. 2013 წელს გაგუამ თავად მიმართა საქართველოს ხელისუფლებას და სთხოვა, რომ „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ დაებრუნებინა სახელმწიფოს თავის მართველობაში. წერილში განმარტებული იყო, რომ არ შეიძლებოდა ისეთი სტრატეგიული ობიექტი, როგორიც ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი გახლდათ, იყოს პრივატიზებული და ვინმეს, მითუმეტეს უცხოური კერძო კომპანიის საკუთრებაში.

სახელმწიფომ საბოლოო ჯამში „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ დაიბრუნა თავის დაქვემდებარებაში და ყველა ჯოხი გადატყდა მის ყოფილ დირექტორზე - რეზო გაგუაზე. ეს უკანასკნელი აღარ ჩაება ომში, მითუმეტეს რომ მისი მთავარი ოპონენტი და ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის - თამარ ბერუჩაშვილის ქმარი რემა ღვამიჩავა გახლდათ. 

გარდაცალებამდე არც ისე დიდი ხნის წინ, რეზო გაგუა საუბრობდა იმაზე, რომ უნდოდა გაეხსნა თავისი კლინიკა, რომელიც მისცემდა საშუალებას იმ საქმიანობით დაკავებულიყო, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა. ამის საშუალება სიცოცხლის ბოლო წლებში მხოლოდ ფრიდონ თოდუამ მისცა, რომელმაც არ დაივიწყა ძველი მეგობარი და გაგუას მისცა საშუალება  კვლავ წამყვანი ქირურგი ყოფილიყო. იქვე გარდაიცვალა, „თოდუას კლინიკაში“ - წარმატებულად ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გასახდელში. ალბათ, ყველა ექიმი და მითუმეტეს ქირურგი ინატრებდა ასეთ სიკვდილს.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST