ყველაზე სასაცილო მკურნალობები - რეზო გაგუას ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ

ყველაზე სასაცილო მკურნალობები - რეზო გაგუას ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ

„ჩემთან მოიყვანეს ავთვისებიანი სიმსივნის მქოხე ავადმყოფი და მთხოვეს, მუცელი დაუჩირქეო. ვიფიქრე, მომესმა მეთქი, მაგრამ შემდეგ ამიხსნეს - თურმე, ეს თბილისში კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი ყოფილა. რაღაც წამალი ყოფილა, რომელიც ჩამოაქვთ უკრაინიდან. კიბოთი დაავადებულს მუცელზე კანს უჭრიან, ჭრილობაში დებენ წამალს და შემდეგ, კანს კერავენ. რამდენიმე დღეში, შიგთავსი ერთიანად ჩირქდება და დაავადებული დადის დაჩირქებული მუცლით. როგორც ამიხსნეს, ამ დროს თურმე ადამიანის იმუნიტეტი იწყებს ამ დაჩირქებული კაპსულის წინააღმდეგ ბრძოლას და შედეგად, იმუნეტეტი ძლიერდება. კაპსულას იღებენ და მოძლიერებული იმუნიტეტი უკვე კიბოს ებრძვისო. მოხდა ისე, რომ ავადმყოფს, რომელსაც ეს წამალი ჩაუდეს მუცელში, ჭრილობა არ დაუჩირქდა და დაიწყო ექიმებში სირბილი, რომ დაჩირქებოდა. მუცლის დაჩირქების მეთოდით კიბოს მკურნალობამ უბრალოდ შემზარა“ - ყვება თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე,  პროფესორი რეზო გაგუა.
- საშინელება ხდება თბილისში! მოგიყვებით, რითი ნამკურნალები ხალხი მოდის ჩემთან. უმძიმეს მდგომარეობაში მომიყვანეს ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ავადმყოფი, რომელიც ოთხი თვის კვიცის ჩლიქებით იყო `ნამკურნალევი~. პირველი რაც ვიკითხე, ეს იყო - რატომ მაინცა და მაინც 4 თვის კვიცის მეთქი. მესმის, რომ კითხვა თავისთავად აბსურდულია, იმიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ცხოველის ჩლიქით იქნება ნამკურნალევი, მითუმეტეს ასაკს. მაგრამ, სუფთა ადამიანური (არა პროფესიული) ინტერესი გამიჩნდა - ეს 4 თვე რა არის, რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს-მეთქი. აღმოჩნდა, რომ არც პაციენტმა და არც მისმა პატრონმა არ იცოდნენ - რატომ. სამაგიეროდ, ამ 4 თვის კვიცის ძებნაში, უამრავი თანხა დახარჯეს ერთი წელი დაკარგეს, იმიტომ რომ ჯერ მაკე ცხენი უნდა ეპოვათ, შემდეგ კვიცის დაბადებას დაელოდნენ, შემდეგ იმის 4 თვის გახდომას და მოკლეს, ანუ დაკლეს ალბათ. შემდეგ ეს მიუტანეს ექიმბაშს და იმან დაუმზადა ამ ჩლიქების ნახარში, რასაც სვამდა რამდენიმე თვის განმავლობაში ავადმყოფი.
- უშველა?
- რომ შველოდა, ონკოლოგიის ცენტრში ხომ არ მოიყვანდნენ. ავუხსენით, რომ ეს არის შარლატანობა, რომ ეს ხალხური მედიცინაც არ არის, იმიტომ მე პირადად ხალხურ მედიცინაში მსგავსი არაფერი წამიკითხავს. ეს არ არის ერთეული შემთხვევები. თვეში რამდენჯერმე შემოჰყავთ იგივე კუს ბაქნით ნამკურნალევი ხალხი.
- ამ კუს ბაქნით როგორ მკურნალობენ?
- როგორც მითხრეს საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი წარმონაქმნების დროს იყენებენ და ატყუებენ ამ ისედაც გასაცოდავებულ ხალხს. ჯავშანს აძრობენ კუს, ფხვნიან, მერე რაღაცეებს უმატებენ მალამოს კონსტიტეციის მისაღებად და ავადმყოფს უსვამენ. რომ არ დაგიმალოთ, სურვილიც არ მაქვს, მერე დავჯდე და გამოვკითხო პაციენტი, რატომ მივიდა ამ დონეზე, რომ ადამიანს ავთვისებიანი წარმონაქმნი აქვს ორგანიზმში, რომელსაც უსერიოზულესი მკურნალობა სჭირდება, ის კიდევ რაღაც კუებს დასდევს. თან, ეს კუ თურმე ბუნებრივ რეზერვუარში უნდა იყოს გამოზრდილი, და არა ხელოვნურ გერბარიუმში.
- ალბათ, უნდა გაუგოთ. ისინი ცდილობენ ყველა სიახლე მოსინჯონ, ოღონდ კი ეს მძიმე დაავადება დასძლიონ?
- მერედა, ეს სიახლე ხომ უნდა იყოს მეცნიერულად დასაბუთებული! მაგას როგორ მეუბნებით, უნდა გაუგოო! კაცი რომ კატის ბრჭყალით ნამკურნალევი მოვა შენთან, იმას გაუგებ?!
- კატის ბრჭყალებითაც მკურნალობენ?
- მკურნალობენ რომელია, ნამდვილი ბუმია თბილისში. თან აქ ავადმყოფები ორ კატეგორიად იყოფა - ვისაც ეკონომიურად უჭირს და ვისაც არ უჭირს. ვისაც ეკონომიურად უჭირს, ის აგერ იტალიურ ეზოში დაიჭერს კატას და ეგ არის. ვისაც არ უჭირს, ის ვეფხვის ბრჭყალებით მკურნალობას არჩევს. შეკვეთას აძლევს და ჩამოაქვთ. ეგ არის მხოლოდ, ვეფხვის ბჭყალებით უშედეგოდ ნამკურნალევი ხალხი მერე საზღვარგარეთ არჩევს წასვლას შემდგომი მკურნალობისთვის, ჩვენთან ისინი ხვდებიან, ვინც კატის ბჭყალოთერაპიას მისდევდნენ.
- კატის ბრჭყალს რას უშვებიან, როგორ ამზადებენ?
- მე არ მესმის, თვითონ პატრონები როგორ უშვებენ ასეთ რაღაცეებს. ახლა, მთლად სენსაციურ ფაქტის შესახებაც გეტყვით. ჩვენს ცენტრში შემოვიდა მძიმე კარცენომათი დაავადებული ადამიანი, რომელიც მანამდე ავთვისებიან სიმსივნეს მკურნალობდა დაჟინებული მზერით.
- დაჟინებული მზერით როგორ, ვის უყურებდა?
- მას უყურებდნენ. ექიმბაში, პირდაპირ თვალებში ჩასცქეროდა დღეში რამდენიმე საათი განმავლობაში. მერე, ის კაცი ძალიან მძიმე მდგომარეობაში მოიყვანეს ჩვენთან და აღარ შემიწუხებია კითხვებით. არადა, ძალიან მაინტერესებდა. პატრონებისგან მარტო ის შევიტყვე, რომ სადღაც უნახავთ განცხადება. დავიწყე ძებნა და ვნახე ეს განცხადება რომელიღაც გაზეთში. ერთადერთი წინადადება ეწერა: `ვმკურნალობ კიბოს დაჯინებული მზერით~ და ტელეფონი გვერდით. არ დამირეკავს. ანდა, მე რატომ უნდა დამერეკა. თვითონ პატრონებს რატომღაც არა აქვთ სურვილი, რომ ან შესაბამის ორგანოებს მიმართონ, ან ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
- ონკოლოგებმა თუ წარადგინეთ საპარლამენტო კომიტეტში რაიმე მოთხოვნა იმის შესახებ რომ ეს საკითხი კანონით დარეგულირდეს?
- სამწუხაროდ არ წარგვიდგენია და ალბათ, სწორი ბრძანდებით. ამაში ჩვენი დანაშაულიც არის.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST