„მორბენალი მშობიარეები“ ანუ რას მალავს ჯანდაცვის სამინისტრო?!

„მორბენალი მშობიარეები“ ანუ რას მალავს ჯანდაცვის სამინისტრო?!

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებული რეკომენდაციით, საკეისრო კვეთების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით მშობიარობათა საერთო რიცხვის 10-15 %-ს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ნორმატივი დღესაც მოქმედებს - 2019 წელს! საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალს მიეკუთვნება, სადაც საკეისრო კვეთების პანდემიაა და ის „ჯანმოს“ მიერ რეკომენდირებულ 15%-იან ზღვარს, საკმაოდ მაღალი ციფრებით სცილდება. მაგალითად, საქართველოში საკეისრო კვეთის საშუალო მაჩვენებელმა 2013 წელს 37.3% შეადგინა.
GeoDoc.Ge ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარეს სალომე ლოლუას ესაუბრება:

-  წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც კლინიკებს დაეწესათ ფიქსირებული პროცენტი. მეორე დონის კლინიკებში საკეისრო კვეთა არ უნდა გასცდენოდა 40%-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალს საკეისრო რომც სჭირდებოდეს, ექიმი მას ვერ გაუკეთებს, ვინაიდან 40%-იანი ზღვარის გადაბიჯების შემთხვევაში, კლინიკა ჯარიმდება. ასე გაჩნდა ქართულ რეალობაში ტერმინი - „მორბენალი მშობიარეები“. ქალი ეძებს კლინიკას, სადაც მას საკეისროს გაუკეთებენ. საკეისრო კვეთების შემცირება საქართველოში აუცილებელია და ის თუ არ გაუთანაბრდება, უნდა მიუახლოვდეს ყველა ვარიანტში „ჯანმოს“ მიერ დაწესებულ ზღვარს - 12-15%-ს! მაგრამ, არა 2016 წელს მიღებული კანონით. ამ კანონმა გამოიწვია კატასტროფული შეგედები - საკესირო კვეთების პროცენტმა კი არ დაიწია, არამედ გადანაწილდა კლინიკებს შორის. სამაგიეროდ მოიმატა ჩვილთა და დედათა სიკვდილიანობამ და ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა).

- სტატისტიკა გაქვთ?
- დღეს ჩვენი ორგანიზაცია აგროვებს სტატისტიკა ს და კვლევაში თითქმის ყველა სამშობიარო სახლია ჩართული. კვლევა ეხება შემდეგს: 2013 წლიდან, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, ფიზიოლოგიური მშობიარობა ფინანსდება 500 ლარით, ხოლო საკეისრო კვეთა 800 ლარის ოდენობით. ანუ სამედიცინო ჩვენების გარეშე, დედის მოთხოვნით საკეისრო კვეთა ფინანსდება ისევე, როგორც ფიზიოლოგიური მშობიარობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს რეგიონებს შორის საკეისრო კვეთების მხრივ გამოირჩევიან: სამეგრელო-ზემო სვანეთი (51%), აჭარა (40.6%), იმერეთი (41.8%), შიდა ქართლი (38.4%), კახეთი (38.5%), თბილისი (36.9%), მცხეთა-მთიანეთი (30.3%), გურია (32%), ქვემო ქართლი (27.4%). წინა წლებში გაკეთებულ ამდენი საკეისრო კვეთების შემდეგ რა უნდა უქნან კლინიკებმა?! დღეს ყველა კლინიკებს დაავალეს, რომ შენ ამდენი და ამდენი პროცენტით შეამცირეო. ელემენტარულად დააკვირდით ერთ რაღაცას - შენ სახელმწიფო გეუბნება, რომ პროტოკოლით უნდა გაკეთდეს საკეისრო კვეთა და არსებობს ჩამონათვალი, რომ აი, ამ დიაგნოზებით უნდა გაკეთდეს საკეისრო კვეთა. აქედან გამომდინარე, ყველა კლინიკა აკეთებს საკეისრო კვეთას არსებული პროტოკოლით. რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკა დიაგნოზებს აგზავნის ჯანდაცვის სამინისტროში, იქ ამოწმებენ ამ დიაგნოზებს, უდასტურებენ საკეისრო კვეთას და ანაზღაურებენ. ანუ სამინისტრო რომ ხარ და ანაზღაურებას აძლევ, გამოდის, რომ მას ამ დიაგნოზში ეთანხმები. ამის შემდეგ უბრუნდები კლინიკებს და ეუბნება, რომ კი ბატონო - დიაგნოზიც სწორი დაგისვამს და ჩემი ნებართვითაც გაგიკეთებია, მაგრამ ბევრი გაგიკეთებია. ამიტომ გაჯარიმებ. ჯარიმები კოლოსალურია - 40 ათასიდან დაწყებული 360 ათასი ლარით დამთავრებული.

- ანუ შენ ექიმს სამუშაოს უნაზღაურებ და შემდეგ აჯარიმებ. რის საფუძველზე?
- მაშინ ადექი და მთელი იმ დიაგნოზების სისწორე შეამოწმე, რომელიც მანამდე დაუდასტურე. ჩვენი არასამთავრობის ერთ-ერთი ინიციატივა იქნება ის, რომ როდესაც საკეისრო კვეთა არის პაციენტის მოთხოვნით, მაშინ ადგეს პაციენტი და თავად გადაიხადოს მთლიანი ღირებულება. ამ კუთხით უნდა შეცვალოს კანონი. თორემ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ჯერ რომ უნაზღაურებ და შემდეგ აჯარიმებ, ეს რომელ ლოგიკაში ჯდება.

- ანუ პროცენტების დაწესებით საკეისროების რიცხვი არ შემცირებულა?
- არა, სამაგიეროდ, კლინიკებიდან კლინიკებში დაიწყეს სირბილი მშობიარეებმა. თუ არჩეულ კლინიკაში ქალს ექიმი არ უკეთებს საკეისროს, იმიტომ რომ სახელმწიფომ ამ კლინიკას 41%-იანი ზღვარი დაუწესა და ამ 41%-ში ქალი ვერ ხვდება, მშობიარე მირბის სხვა კლინიკაში. რა გამოდის - პროცენტი კი არ შეიცვალა ან დაიწია დაბლა, არამედ გადანაწილდა. ანუ, სხვა კლინიკაში რომ არ გააკეთებინეს საკეისრო, მოვა შენთან და გეუბნება, რომ შენ ცოტა მაღალი გაქვს პროცენტი და გამაკეთებინეო. სამაგიეროდ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ბავშვების სიკვდილიანობამ მოიმატა. მიზეზი არის ის, რომ ექიმს, რომელსაც დროულად უნდა დაესახა ოპერაცია და გაეკეთებინა, არ გააკეთებინეს თავის დროზე, იმიტომ რომ კლინიკას პროცენტებს აჭარბებდა და დაჯარიმდებოდა. მეორე - ადრე თუ ექიმი თამამად წავიდოდა საკეისრო ოპერაციაზე, დღეს ფიქსირებული პროცენტების გამო ქალს უშვებს მშობიარობაზე. ეს კი ხშირ შეთხვევაში ჩვილთა და დედის ტრავმატიზმს ზრდის, იმიტომ რომ ჩვენება ხომ საკეისრო იყო. ბევრმა ქალმა დაკარგა ამის გამო საშვილოსნო.

- მაშინ რა მეთოდი არსებობს საკეისრო კვეთების შემცირების?
- ეს უნდა გახდეს სახელმწიფო დიდი პროგრამა. პირველ რიგში, ჯანდაცვის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამოკვლეულ უნდა იქნას მიზეზები, რატომ მოიმატა საკეისრო კვეთების რიცხვმა ბოლო წლებში. შენ რომ სახელმწიფო ხარ და იწყებ საკეისრო კვეთასთან ბრძოლას, ჯერ განმანათლებელი უნდა იყო. ყველაფერი უნდა ჩართო - მასმედია, საინფორმაციო ფონი, კონფერენციები და ა.შ. ჯერ ხალხამდე უნდა მიიტანო ინფორმაცია, რომ საკეისრო კვეთა არ არის სასარგებლო და რომ ის მხოლოდ ჩვენებით უნდა გაკეთდეს. ამ ყველაფრის მიზეზი არის არასწორი ჯანდაცვის პოლიტიკა, უფროსწორედ ჯანდაცვის პოლიტიკის არ არსებობა. ფაქტობრივად მიუგდეს კლინიკებს კანონი და თითიც დაუქნიეს - შეასრულეთ, თორემ დაგაჯარიმებთო. ექიმმა რომ კლინიკის ჯარიმა გადაიხადა თავისი ჯიბიდან, როგორ ფიქრობთ, საიდან უნდა ამოიღოს - პაციენტიდან, ისე თავის ხელფასს როგორ შექმნის - ბევრი ოპერაცია უნდა გააკეთოს, ბევრის მანიპულაცია უნდა ჩაატაროს, ბევრი მედიკამენტი უნდა დანიშნოს, რაც დასანიშნი არ არის ( პოლიფარმაციის პრობლემა კიდევ ცალკე დგას). მანკიერი წრეა იქმნება ფაქტობრივად. მეტსაც გეტყვით - ჩვენი არასამთავრობოს ხელთ არსებული ინფორმაციით, რაც დაიწყო მარტის მეორე ნახევარი, არა ერთი ბავშვის სიკვდილია დაფიქსირებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, მისაღები პროცენტული მაჩვენებლი არის 12-15%. და ეს სრულიად სწორი მიდგომა, რაზეც საქართველოს უნდა ჰქონდეს სწორება. მაგრამ, არა ამ კანონით. ჩვენთან საქართველოში ვერ დარეგულირდება და ვერ დაიწევს საკეისროების რიცხვი ასეთი მიდგომით. თორემ, ფაქტი სახეზეა - კანონი 2016 წელს მიიღეს და საკეისროების რიცხვმა კი არ დაიწია, არამედ გადანაწილდა.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST