აშშ საქართველოში საოჯახო სახლებს ხსნის მიუსაფარი ბავშვებისთვის

აშშ საქართველოში საოჯახო სახლებს ხსნის მიუსაფარი ბავშვებისთვის

მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში მდებარე მცირე საოჯახო სახლი გაიხსნა. აქ 10 ბავშვი იცხოვრებს. სახლს გახსნამდე მცირედი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა - მიემატა ადმინისტრაციული ოთახი და შემოქმედებითი სახელოსნო, გამოიცვალა სახურავი და სრულად გარემონტდა შენობის ინტერიერი. ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა სოფელ წილკანში მდებარე მცირე საოჯახო სახლშიც. რეკონსტრუქციის პროექტი აშშ–ს თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებით გაკეთდა და მასში უშუალოდ მონაწილეობდნენ აშშ–ს ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების ჯარისკაცები.
გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოში აშშ–ს სრულუფლებიანი ელჩი იან კელი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატი, მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორი, ასევე USAID–ისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ გარემონტებული მცირე საოჯახო სახლი დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ შემოქმედებით სახელოსნოში ბავშვების მიერ დამზადებულ თექის ნივთებს და ნახატებს.
გალავნის მცირე საოჯახო სახლი პროვაიდერ არასამთავრობო ორგანიზაცია „დივაინ ჩაილდ–ჯორჯიას“ ეკუთვნის, რომელსაც საქართველოში 4 მცირე საოჯახო სახლი აქვს. აქ სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვები სახელმწიფოს დაფინანსებით, ოჯახთან მაქსიმალურად დაახლოებულ გარემოში იზრდებიან.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST