საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები: ყაბზობა

საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები: ყაბზობა

ყაბზობა ანუ შეკრულობა არის ნაწლავების დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა. ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობას ნაწლავთა მოქმედება, დღე-ღამეში ერთხელ აქვს,საზოგადოდ, შეკრულობად მიიჩნევა ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით, თუკი თქვენ ასეთი სახის დისკომფორტი გაწუხებთ, აუცილებელია მომნელებელი სისტემის მოწესრიგება.  შეკრულობის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს კვებითი დარღვევები; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებები; ნევროგენული დარღვევები (ზურგის ტვინის დაავადებები, პარკინსონის დაავადება, ჰირშპრუნგის დაავადება); სხვადასხვა მედიკამენტის ხანგრძლივი ხმარება; მეტაბოლურ-ენდოკრინული დარღვევები; ფუნქციურ-ფსიქოგენური დარღვევები: ნაკლებად მოძრავი ცხოვრების რეჟიმი, დეპრესია, დეფეკაციის სურვილის შეგნებულად დათრგუნვა.

ყაბზობა შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის ანთებითმა დაავადებებმა (ქრონიკულმა კოლიტმა ანუ მსხვილი ნაწლავის ქრონიკულმა ანთებამ და ქრონიკულმა ენტერიტმა _ წვრილი ნაწლავის ქრონიკულმა ანთებამ), ასევე დისბაქტერიოზმა - პათოლოგიურმა მდგომარეობამ, რომლის დროსაც ნაწლავში ირღვევა მიკროორგანიზმების ნორმალური თანაფარდობა და რაოდენობა. ყაბზობას რეფლექსურად იწვევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, დუოდენიტი, გასტრიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ქრონიკული ქოლეცისტიტი და სანაღვლე გზების დისკინეზია.

სათანადო დიეტური კვება ყაბზობის წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. სწორედ კვების თავისებურებებთან არის დაკავშირებული შეკრულობის სიხშირე იმ ქვეყნებში, სადაც ბოჭკოებით ღარიბ (ე.წ. რაფინირებულ - თეთრი პური, შაქარი და ა.შ.) საკვებს იყენებენ. ბოჭკო მცენარეული საკვების ის ნაწილია, რომელსაც საჭმლის მომნელებელი ფერმენტები ვერ შლის. მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვები ხელს უწყობს კუჭის მოქმედებას - ბოჭკო წყალს შეიწოვს, რის შედეგადაც განავლოვანი მასების მოცულობა იზრდება და ნაწლავთა მოქმედებაც უმჯობესდება. მცენარეული ბოჭკოთი მდიდარია ქატო, ბოსტნეული, შავი პური. ამავე დროს, მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ ასეთმა საკვებმა შესაძლოა მეტეორიზმი და ტკივილის გაძლიერება გამოიწვიოს. ამის გათვალისწინებით, უმჯობესია, კვების რაციონი ექიმმა და პაციენტმა ერთად დაგეგმონ.

ყაბზობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელვანია მიღებული სითხის რაოდენობის განსაზღვრაც, თუ პაციენტს სხვა ორგანოები არ აწუხებს, დღეში 1,5-2 ლიტრი სითხე მაინც უნდა მიიღოს, მოერიდოს კოფეინის შემცველი პროდუქტის მიღებას, ჰქონდეს მუდმივი ფიზიკური აქტივობა და მოთხოვნილების გაჩენისთანავე ისარგებლოს ტუალეტით.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST