იმუნოდეფიციტის ვირუსის (შიდსი) მკურნალობა მნიშვნელოვნად გაიაფდა

იმუნოდეფიციტის ვირუსის (შიდსი) მკურნალობა მნიშვნელოვნად გაიაფდა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის („ჯანმოს“) მონაცემებით, 2025 წლამდე 3.5 მილიონი იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირებული ადამიანის გადარჩენა შეიძლება. ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ შედარებით იაფი და უსაფრთხო მკურნალობის მეშვეობით, შიდსით დაავადებულებისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება სავსებით რეალური ხდება. 

როგორც „ამერიკის ხმა“ იუწყება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში შიდსის დეპარტამენტის კოორდინატორის თქმით, 2012 წლის დასასრულს იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც ანტირეტროვირუსულ თერაპიას გადიოდნენ, 9.7 მილიონი შეადგინა. ეს კი 10 წლის წინანდელ 300 ათასიან მონაცემთან შედარებით, დრამატული ზრდის მაჩვენებელია. განდო ვეილერი ამბობს, რომ თერაპია პაციენტების ცხოვრებაზე უზარმაზარ გავლენას ახდენს, რადგან მათი საერთო მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება. ამასთან თვითონ ეპიდემიის სურათიც მნიშვნელოვნად იცვლება.
„ბოლო 10 წლის მანძილზე დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში მიმდინარე ანტირეტროვირუსული თერაპიის შედეგად, ზუსტად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 4.2 მილიონი ადამიანი სიკვდილს გადაურჩა. 800 ათასამდე ბავშვში დედისგან ინფიცირების პრევენცია მოხდა. თერაპიამ არამარტო დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუმჯობესა, არამედ ვირუსის გავრცელების შანსიც მინიმუმამდე დაიყვანა. ასე რომ, მკურნალობამ და პრევენციის თანამედროვე მეთოდოლოგიებმა დედამიწაზე იმუნოდეფიციტის ვირუსის ეპიდემიის ზოგადი სურათი ძირფესვიანად შეცვალა“ - განმარტავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შიდსის განყოფილების კოორდინატორი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შიდსის მკურნალობის უფრო ინტეგრირებული მეთოდების დამკვიდრების მომხრეა. გაეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ანტირეტროვირუსული თერაპია უფრო მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული ჯანდაცვის სფეროს ისეთ მომსახურებებთან, როგორიცაა, მაგალითად, ტუბერკულოზის მკურნალობა, რეპროდუქციული ჯანდაცვა, დედათა და შვილთა ჯანმრთელობის პროგრამები და ნარკოლოგიური დამოკიდებულების მოხსნა.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST