ტაკოცუბოს კარდიომიოპათია - გატეხილი გულის სინდრომი

ტაკოცუბოს კარდიომიოპათია - გატეხილი გულის სინდრომი

ძლიერი ემოციური სტრესი გულს ისევე ვნებს, როგორც გულის შეტევა.

საუბარია გატეხილი გულის სინდრომზე (ასევე ცნობილია, როგორც ტაკოცუბოს კარდიომიოპათია). მდგომარეობის გამომწვევი მიზეზია დარდი, მძიმე დანაკლისი. სტრესის გამო გულის კუნთი სუსტდება.

აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერები შიშობენ, რომ მდგომარეობა გულის ჯანმრთელობას ისევე ემუქრება, როგორც გულის შეტევა. მეცნიერები 2 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ გატეხილი გულის სინდრომის მქონე 37 პაციენტს. ექსპერტები მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას რეგულარულად ამოწმებდნენ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიითა და ულტრაბგერით.

მკვლევარებმა შენიშნეს, რომ მდგომარეობა მაშინაც კი არ შეცვლილა, როცა სინდრომის გამომწვევი სტრესული მოვლენიდან გარკვეული დრო გავიდა. ბევრი პაციენტი დაღლილობას უჩიოდა და არ შეეძლო ვარჯიში. როგორც წესი სინდრომით უფრო ხშირად ქალბატონები იტანჯებიან.

„ამ დაავადებას შეუძლია, მოულოდნელად შეარყიოს ჯანმრთელი ადამიანის ფიზიკური მდგომარეობა. ვფიქრობდით, რომ დაავადების ეფექტი დროებითი იყო, მაგრამ ვხედავთ, რომ სავსებით შესაძლებელია, ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენა იქონიოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ამ კვლევაზე დაყრდნობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სინდრომი გულზე ხანგრძლივი დროით მოქმედებს. ვფიქრობთ, პაციენტს ისევე უნდა ვუმკურნალოთ როგორც მათ ვმკურნალობთ, ვინც გულის უკმარისობის რისკის წინაშე არიან“, - აცხადებს პროფესორი, ჯერემი პირსონი.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მდგომარეობა თავს იჩენს ძლიერი სტრესის ფონზე. მარცხენა პარკუჭი ფორმას იცვლის.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST