რატომ არ უნდა ეშინოდეს გლდანის მოსახლეობას ფილტვის დაავადებების

რატომ არ უნდა ეშინოდეს გლდანის მოსახლეობას ფილტვის დაავადებების

რამოდენიმე თვეა, რაც თბილისის №2 ფილტვის დაავადებათა ამბულატორიულ კლინიკას ახალი ლოკაცია და შენობა აქვს. გლდანის მოსახლეობა უკვე კარგად იცნობს პროფესიონალ ექიმთა გუნდს მისი დირექტორის - თამარ ბურდილაძის ხელმძღვანელობით. ამბულატორიული კლინიკის დირექტორობამდე თამარ ბურდილაძე მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, კერძოდ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში. ასევე სადაზღვევო კომპანია „ბისიაი“ „ალდაგი“ „იმედი ელ“ -ში. მას სახელმწიფო პროგრამების მართვის დიდი გამოცდილება აქვს, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორში.

GeoDoc.Ge კლინიკის დირექტორს - თამარ ბურდილაძეს ესაუბრება.

- მახსოვს, როგორი შოკი განვიცადე პირველად რომ შევაბიჯე ბორჯომის ქ. №10-ში მდებარე შენობაში. ჩემი წინა სამსახურებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით ყველა ამბულატორია და კლინიკა მქონდა მოვლილი. ის, რაც დედაქალაქის ცენტრში განთავსებულ ტუბდისპანსერში ვიხილე, ყველაზე მიტოვებული სოფლის სამედიცინო პუნქტში არ მინახავს. საერთოდ, არც მეგონა 21-ე საუკუნეში მსგავსი რამ თუ არსებობდა.

- იმ მომენტში დირექტორობაზე უარის თქმა არ გიფიქრიათ?
- არავითარ შემთხვევაში - რადგანაც ნულიდან საქმის დაწყება საკმაოდ აზარტულია, იქ სპეციალისტთა და პროფესიონალთა არაჩვეულებრვი გუნდი დამხვდა. ასევე ბევრი პაციენტი, რომელთაც ჩვენი ზრუნვა და ყურადღება სჭირდებოდათ. მათთან ერთად გავატარე ხუთი წელი ამორტიზებულ და სანახევროდ გაუქმებულ ნაგებობაში. პირველ სართულზე არ იყო იატაკი, მეორე სართულზე კი - ჭერი. რენტგენი გამართულად არ მუშაობდა, ლაბორატორია არ ფუნქციონირებდა. იმ დროს, ჩვენ თბილისის №2 ტუბსაწინააღმდეგო დისპანსერი გვერქვა. როგორც კი შენობა გადაეცა ეკონიმიკის სამინისტროს და დაექვემდებარა „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს“, მისმა დირექტორმა - ბატონმა ზაზა ავალიანმა დაიწყო ზრუნვა თანამედროვე ტიპის ახალ კლინიკაზე, რომელიც დააკმაყოფილებდა ყველა საერთაშორისო სტანდარტს. აქვე უნდა აღინიშნოს დიდი მხარდაჭერა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსი, ქალაქ თბილისის მერიის, ერთად დავიწყეთ იმ მიზნისკენ სვლა, რომ უნდა აშენებულიყო ახალი კლინიკა . „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელის ბატონი ზაზა ავალიანის ინიციატივითა და ძალიან დიდი ძალისხმევით მოხდა ისე, რომ „გლობალური ფონდის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი დაინტერესდა ამ პრობლემით. როდესაც ის იყო საქართველოში ჩამოსული, ბ-ნმა ზაზამ მოიყვანა ეს ქალბატონი ჩვენთან. მახსოვს ნახევარი საათი ეზოში იდგა და შენობაში არ შემოდიოდა, თავზე ჩამომენგრევაო. გვკითხა, აქ ყოველ დღე როგორ დადიხართო?! არ დამავიწყდება მისი სიტყვები - ასეთ დაწესებულებაში სომალიშიც კი არ მკურნალობენ ტუბერკულოზსო. ამ ვიზიტის შემდეგ „გლობალურმა ფონდმა“ დააფინანსა ახალი შენობის მშენებლობა.

- როგორც ვიცი, ორი კლინიკის მშენებლობა დაიგეგმა?
- „გლობალურმა ფონდმა“ თბილისში ორი დისპანსერის მშენებლობა დააფინანსდა. ჯერ ორთაჭალაში, შემდეგ - გლდანში! ლოკაციები სტრატეგიული კუთხით დაიგეგმა. მოგეხსენებათ, რომ მანამდე თბილისში ხუთი ტუბდისპანსერი არსებობდა; ბოლო წლებში ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის შედეგად ქვეყანაში ტუბერკულოზის შემთხვევების მკვეთრ კლებასთან ერთად დადგა ქსელის რეორგანიზაციის საჭიროება. ერთი დისპანსერი განლაგდა ქალაქის აღმოსავლეთ, მეორე კი- დასავლეთ ნაწილში და შუაში - მთავარი კლინიკა „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრია“ . ეს იყო ქალაქის, აბსოლუტურად სწორი გადანაწილება, რომ დაცული ყოფილიყო სამედიცინო მომსახურების ხელმისწავდომობა ყველა პაციენტისთვის.

- გლდანის კლინიკაში 2020 წლის 14 იანვარს გადმოხვედით - რა შეიცვალა თქვენთვის?
- რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ბორჯომის ქუჩიდან მხოლოდ საბუთები წამოვიღეთ, მეტი არაფერი - აქ ყველაფერი დაგვხვდა ახალი, გამზადებული და ავეჯით გაწყობილი. ახალი აპარატურა - რენტგენი და ლაბორატორიული აღჭურვილობა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პაციენტები ძალიან დიდი სიხარულით შეხვდნენ ჩვენს აქ გადმოსვლას - არავის უკითხავს, რატომ შევიცვალეთ ლოკაცია. ქალაქის ცენტრიდან დიდი დაშორების მიუხედავად, ჩვენს ამბულატორიულ კლინიკას არაჩვეულებრივი განთავსება აქვს - მეტროსთან ახლოს მდებარეობს და გლდანის ყველაზე მოძრავ ეპიცენტრში.

- რა კონტიგენტის პაციენტებს ემსახურებით?
- თავიდან, ძირითადად ჩვენი პროფილის პაციენტები მოდიოდნენ. შემდეგ, ადგილობრივმა მოსახლეობამ რომ გაგვიცნო, მათაც დაიწყეს მომართვა, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენთან მთელი რიგი პრიორიტეტები მოქმედებს. მაგალითად, იგივე, ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ოჯახის ექიმის რეფერალით მოვიდეს და ჩაიტაროს კვლევები უფასოდ.

- ტუბერკულოზის გარდა, კიდევ რას მკურნალობთ?
- ჩვენ გახლავართ თბილისის №2 ფილტვის დაავადებათა ამბულატორიული კლინიკა. შესაბამისად, ვმკურნალობთ ყველაფერს, რაც ფილტვებთან, სასუნთქ გზებთან და მათ გართულებებთან არის დაკავშირებული. ჩვენთან გაიცემა ცნობები ტუბერკულზის შესახებ სამსახურში წარსადგენად, კეთდება მანტუს სინჯი, რენტგენი, სახელმწიფო პროგრამაზე უკვე გითხარით. გვყავს არაჩვეულებრივი, გამოცდილი სპეციალისტები - ფტიზიო-პულმონოლოგები, ფტიზიო-პედიატრები, ექიმი რენტგენოლოგი. მინდა გითხრათ, რომ კორონავირუსამდე, ყველა რესპირატორული ან სეზონური გრიპის დროს, სწორედ ჩვენ მოგვმართავდნენ მოქალაქეები.

- კონკრეტულად რას აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა?
- თუ არის ეჭვი ტუბერკულოზზე, სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს ყველანაირ საჭირო კვლევას, რომ დაისვას დიაგნოზი. მაგალითად, პროგრამის ფარგლებში ჩვენთან ტარდება ექიმის კონსულტაცია, რენტგენოლოგიური, სისხლის, შარდის და ბიოლოგიური მასალის კვლევები. თუ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი დიაგნოზის დასადგენად, დამატებითი მაღალტექნოლოგიური კვლევებისათვის პაციენტი იგზავნება სტაციონარში „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში“.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- ჩვენს ექიმებს და მეც მათ შორის, დიდი სურვილი გვაქვს გასვლითი ღონისძიებები ჩავატაროთ. ეს იქნება რა თქმა უნდა ჰუმანიტარული სახის გასვლები საქართველოს რეგიონებში. ჩემი წინა სამსახურიდან გამომდინარე, დიდი გამოცდილება მაქვს რეგიონების ჯანდაცვის სტრუქტურებთან მუშაობის. ფაქტობრივად, ნამყოფი ვარ საქართველოს თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, ეს იქნება ქალაქი თუ სოფელი, ვიცნობ ძალიან ბევრ ექიმს. და აქაც ვაპირებთ - ახალი სტატუსი, ახალი დასახელება, ახალი შენობა -ჩვენი წვლილი გვინდა შევიტანოთ მოსახლეობის იმ კონტიგენტის მომსახურებაში, რომელთაც ქალაქებში ჩამოსვლა უჭირთ.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST