ძვალზე ამოკვეთილი ხელოვნება - ექიმის სამურაები და სხვანი

ძვალზე ამოკვეთილი ხელოვნება - ექიმის სამურაები და სხვანი

ძვალზე ამოკვეთილი ფაუნის წარმომადგენლები, სტარკების მგელი - „სამეფო კარის თამაშებიდან“, „ავატარის“ სიმბოლოები, სამურაები, ქალთა პორტრეტები... დერმატო-ვენეროლოგ თამაზ შოთაშვილის ამ საინტერესო ნამუშევრების ხილვა, ნებისმიერ მსურველს სამი დღის განმავლობაში შეეძლო მედიცინის ისტორიის მუზეუმში.

როგორც თავად აცხადებს, ძვალზე კვეთა მისთვის ჰობია და სამედიცინო პრაქტიკას ამ საქმეს დიდი სიამოვნებით უთავსებს.
თამაზ შოთაშვილი ძვალზე მხატვრული ჭრით 1976 წლიდან დაინტერესდა. მისი 100-ზე მეტი ნამუშევარი პირველად მიხეილ შენგელიას მედიცინის ისტორიის მუზეუმში გამოიფინა.

Geodoc.ge ექიმსა და ხელოვანს თამაზ შოთაშვილს გამოფენის შემდეგ გაესაუბრა:

- ბატონო თამაზ, რამდენი ხანია, რაც ექიმი ბრძანდებით?
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე 1974 წელს ჩავირიცხე; 1980-82 წლებში გავიარე კლინიკური ორდინატურის კურსი დერმატო-ვენეროლოგიაში, 1984-89 წლებში ვსწავლობდი ასპირანტურაში, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. 1983-2000 წლებში ვმუშაობდი თბილისის მე-7 ვენ-დისპანსერში. 2003 წლიდან ვეწევი კერძო პრაქტიკას დერმატო-ვენეროლოგიაში.

- ძვალზე კვეთით როდიდან დაინტერესდით?
- ძვალზე მხატვრული ჭრით 1976 წლიდან ვარ გატაცებული, თავდაპირველად ლანცეტით ვმუშაობდი, თანდათან დავხვეწე ტექნიკა და სტომატოლოგიური ინსტრუმენტების დახმარებით ვმუშაობ.

- საშუალოდ, რა დრო სჭირდება ერთი ნამუშევრის დასრულებას?
- მეტ-ნაკლებად, 2-3 კვირა, გააჩნია, მუზა როგორ მომივა. ესკიზებს ვიღებ და ვსაზღვრავ, შემიძლია თუ არა მისი ძვალზე გადატანა.

- ძირითადად რა არის თქვენი სამუშაო მასალა?
- ეს ნამუშევრები საქონლის ძვლისგან არის დამზადებული, თუმცა მაქვს ორი ნამუშევარი, რომელთაგან ერთი ირმის რქისგან დავამზადე, მეორე კი სპილოს ძვლისგან.

- როგორც ჩანს „სამეფო კარის თამაშებს“ უყურებთ, თქვენს ნამუშევრებში სტარკების სიმბოლო ამოვიცანი..
- დიახ, სტარკების მგელი და „ავატარის“ წყლის და ცეცხლის სტიქია ჩემი ქალიშვილის სურვილით დავამზადე, მეც ვუყურებ, ძალიან საინტერესოა და მიყვარს ასეთი თემატიკა.


ესაუბრა თამთა ქარქაშაძე


გაზიარება
კომენტარები
POST
POST