ეთნიკურად აზერბაიჯანელ პაციენტებს ექიმები თათრებად მოიხსენიებენ და ფულს ზედმეტად ახდევინებენ

ეთნიკურად აზერბაიჯანელ პაციენტებს ექიმები თათრებად მოიხსენიებენ და ფულს ზედმეტად ახდევინებენ

მუსტაფა გულმემედოვი ეთნიკურად აზერბაიჯანელია და იორმუღალნოში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. სოფელში საუკეთესო მწყემსად ითვლებოდა, ვიდრე 200-მდე სული ცხვარი ჰყავდა. როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, იძულებული გახდა ფარა გაეყიდა. თავდაპირველად, ღვიძლის ოპერაცია გაიკეთა, შემდეგ მხედველობის პრობლემები შეექმნა და კლინიკიდან-კლინიკაში ხშირად უწევდა სიარული. ოთხი ოპერაციის შემდეგ, სრულად მაინც ვერ გამოჯანმრთელდა.
მიუხედავად იმისა, რომ მუსტაფას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება აწუხებს, ცდილობს სამედიცინო ცენტრს იშვიათად მიაკითხოს, რადგან ეს მისთვის არაერთი ბარიერის გადალახვასთან ასოცირდება.
ყველაზე მეტად მას ის სწყინს, როცა მის ეთნიკურ წარმომავლობას უსვამენ ხაზს.

„თათარს მეძახიან და ყურადღებას არ მაქცევენ. სხვები შეჰყავთ და მე მალოდინებენ. რიგს არ აქცევენ ყურადღებას".

როგორც მუსტაფას ძმისშვილი, თოზუ გულმამედოვა იხსენებს, როცა ბიძა ოპერაციას იკეთებდა, მაშინაც დისკრიმინაციული მოპყრობა განიცადეს.

„თვალის კატარაქტის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა ბიძაჩემს. ანალიზის გასაკეთებლად რომ მივედით, გვითხრეს ფურცელი უნდა მოიტანოთო. ექიმს ავაკითხეთ და იმან აღარ გვაქვს ფურცელიო. რეგისტრატურაშიც იგივე გვითხრეს, ლაბორატორიაში დავბრუნდით, ამ დროს ვიღაცამ დარეკა, თათრების ფურცელი ჩვენ გვაქვსო. ავედი, რომ გამერკვია, ვინ გვეძახდა თათარს... შეურაცხმყოფელი ტონით გვესაუბრებიან, თითქოს ჩვენ უფრო დაბალხარისხიანი მოქალაქეები ვართ", - ამბობს თოზუ.

თოზუ ქართულად კარგად საუბრობს და თანასოფლელებს, რომლებსაც ენის ბარიერი აქვთ, ხშირად დაჰყვება სამედიცინო ცენტრებში.

„ხშირად მესმის ფრაზა: ფულის მეტი რა გაქვთ? ჩვენ ბევრს ვშრომობთ და ფული იოლად არასდროს გვიშოვია", - დასძენს მუსტაფას ძმისშვილი.
ექიმების მხრიდან, პაციენტების მიმართ ეთნიკური ნიშნით უსამართლო და უთანასწორო მოპყრობა სამედიცინო დაწესებულებებში სხვა პაციენტებისთვისაც შესამჩნევია.

რუსუდან რუხაძე ერთ-ერთია, ვინც მსგავს ფაქტებს შესწრებია:

„ექიმს პროცედურისთვის ორი გადასაფარებელი ჰქონდა, ერთი ქართველი და მეორე ეთნიკურად არაქართველი პაციენტებისთვის, თანაც განმიმარტა, აი რაც თქვენთვის გადავაფარე, მხოლოდ ქართველი პაციენტებისთვის მაქვს გადანახულიო. ასევე, ერთხელ აზერბაიჯანელი პაციენტის შემდეგ მომიწია ვიზიტზე შესვლა. ექიმმა მკითხა, ვგრძნობდი თუ არა რაიმე სუნს, რადგან ჩემზე წინ აზერბაიჯანელი პაციენტი იყო, შემდეგ თქვა, ცოტა ხანს გავანიავებ და მერე შემოდითო", - იხსენებს რუსუდან რუხაძე.

როგორც თოზუ ამბობს, ექიმს უფლება არ აქვს ასე მოქცეს:

„შეიძლება ჩვენ სულ ცხვართან რომ ვართ, რაღაც სუნიც გვქონდეს, მაგრამ ეს ექიმს არ აძლევს უფლებას ცუდად მოგვექცეს. ჩვენ ვშრომობთ,მოგვწონს მეცხვარეობა. სოფლის მეურნეობის ხარჯზეა ქვეყანა. ენა რომ არ ვიცით, ეს სისტემის ბრალია. ჩვენს ხალხს უნდა, ენა იცოდეს. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ. ჩემი ძმა შარშან ჯარში იყო, გადასახადებსაც ვიხდით, ამ სახელმწიფოსთვის ვმუშაობთ და თუ ერთიანები არ ვიქნებით, რა დროს ევროკავშირია", - აცხადებს თოზუ გულმამედოვა.

გულმამედოვების ოჯახი ის იშვიათი გამონაკლისია, ვინც ამ პრობლემაზე ღიად საუბრობს, სხვები თავს არიდებენ.
ეთნიკურად აზერბაიჯანელი ჯეუჰუნ მუჰამედალი იმ ექსპერიმენტს იხსენებს, თბილისში მდებარე კლინიკის ადმინისტრაციის დაკვეთით ჩატარებული მონიტორინგის შესახებ. ის იმავე კლინიკის ექიმების ქცევაზე დასაკვირვებლად ჩატარდა.

„მე დისკრიმინაციულად არ მეპყრობოდნენ, პირიქით, ზედმეტად სათუთად, რადგან ისე მიყურებდნენ, როგორც ფულის ქისას. ექსპერიმენტის ნაწილი ასეთი იყო - ექიმს ვუთხარი, ფულის გადახდა დამავიწყდა, დავბრუნდები და გადავიხდი მეთქი. მითხრეს არა, აქ გადაიხადეო. საფასური ვკითხე და 50 ლარიო. ამ დროს მე ვიცოდი, რომ 40 ლარი იყო. მიპასუხეს, რა გენაღვლებათ, თქვენ ფული ხომ არ გაქვთო", - იხსენებს ჯეიჰუნი.

„იმედის" მიერ ერთ-ერთი რეგიონის კლინიკაში ჩატარებულმა ექსპერიმენტმაც მსგავსი შედეგები აჩვენა. ექსერიმენტის მონაწილე აზერბაიჯანელ გოგონას, რომელმაც რეგისტრატურაში გინეკოლოგის კაბინეტი იკითხა, იქვე, საჯაროდ ჰკითხეს ქალიშვილი იყო თუ არა. შემდეგ სხვა შენობაში გაუშვეს. იქ, რეგისტრატურაში ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ექიმის მიმართვა, რადგან თუ არ ჰქონდა, 35 ლარის გადახდა მოუწევდა. გოგონამ გადაიხადა და მეან-გინეკოლოგთან შევიდა, ექიმმა ჩივილებზე ჰკითხა და ექოსკოპიაზე გაუშვა. ექოსკოპიისთვის კვლავ 35 ლარის გადასახდელად რიგში დადგა და თანასოფლელ ცოლ-ქმარს შეხვდა. ისინი უკმაყოფილონი იყვნენ, რადგან ოჯახის ექიმის მიმართვის მიუხედავად 35 ლარი მაინც გადაახდევინეს. როცა ექსპერიმენტის მონაწილე ახალგაზრდა ქალმა ექო გადაიღო, ექიმის კაბინეტში დაბრუნდა. ექიმმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ყურადღება არ მიაქცია, სოციალურ ქსელს ათვალიერებდა, შემდეგ სოციალურ ქსელს არ მოსწყდა და ისე გაეცნო ექოსკოპიის პასუხს, დანიშნულება პატარა ფურცელზე დაწერა და გოგონას უთხრა მკურნალობა იმავე დღეს დაეწყო. გოგონამ იკითხა, იყო თუ არა ფულის გადახდა საჭირო, რაზეც გინეკოლოგმა უპასუხა: „ერთი 10 ლარი დატოვეო".
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ევროპის საბჭოს ბიოეთიკის კომიტეტის ექსპერტისა და ბიუროს წევრის, გივი ჯავაშვილის შეფასებით, როგორც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ისე პირადი შეკითხვების საჯაროდ დასმა ექიმთა ეთიკის კოდექსით აკრძალულია.
მისივე თქმით, არსებობს გარეგანი მოტივაციის გზა - მე თუ ასე მოვიქცევი დავისჯები.. მაგრამ სასურველია შინაგანი მოტივაციის გზით მოგვარდეს, რათა პრობლემა ზნეობისა და კულტურის ფონზე, სიღრმისეულად გადაიჭრას.

„ეს კულტურისა და განათლების პრობლემაა. ექიმმა კარგად უნდა იცოდეს ჯანდაცვის კანონმდებლობა. ჩვენ ძალიან კარგი კანონმდებლობა გვაქვს პაციენტის უფლებების სფეროში, რომელიც ცალსახად კრძალავს დისკრიმინაციას", - განმარტავს გივი ჯავაშვილი.

2003 წელს მიღებული „ექიმთა ეთიკის კოდექსის“ მიხედვით, ექიმი პატივს უნდა სცემდეს პაციენტის პიროვნებას, მის კულტურულ, სულიერ და მორალურ ფასეულობებს, ის თანაბარ გულისყურით უნდა მოექცეს ყველა პაციენტს, გამონაკლისის გარეშე.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST