იშვიათი ოპერაცია და დაინვალიდებას გადარჩენილი ახალგაზრდა მამაკაცი

იშვიათი ოპერაცია და დაინვალიდებას გადარჩენილი ახალგაზრდა მამაკაცი

ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში იშვიათი ოპერაცია ჩატარდა, რამაც ახალგაზრდა მამაკაცი დაინვალიდებას გადაარჩინა. ოპერაციის დეტალების შესახებ Geodoc.Ge ტრავმატოლოგიური განყოფილების უფროსს, ახალგაზრდა და წარმატებულ ქირურგს - თემურ კვეტენაძეს გაესაუბრა:

28 სექტემბერს ჩვენს კლინიკაში  შემოვიდა 32 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მძიმე და მრავლობითი ტრავმებით, რომელიც  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად წარმოეშვა. პაციენტს ჰქონდა მენჯის ძვლების ორმხრივი დაზიანება, მენჯის რგოლისა და ტაბუხის ფოსოს დარღვევით. დაახლოებით, 3-4 დღე დაგვჭირდა მისი  საოპერაციოდ მომზადებისთვის. ოპერირების დროს, პაციენტს ჩაუტარდა ტაბუხის ფოსოს მოტეხილობის ოსტეოსინთეზი, რომლის შედეგადაც ეს ახალგაზრდა კაცი შეძლებს უპრობლემოდ გადაადგილებას უახლოესი 15-20 წლის განმავლობაში. 

ფაქტობრივად, ინვალიდობისგან იხსენით?
დიახ, ეს ჩატარებული ოპერაციის გარეშე ვერ მოხერხდებოდა. 

ალბათ, ენდოპროტეზირების გამოყენება მოგიხდათ?
რა თქმა უნდა, მეტალო-კონსტრუქცია ჩადგმულია, მაგრამ საკუთარი ძვლები სრულად არის შენარჩუნებული. მნიშვნელოვანია, რომ არანაირი უცხო სხეული პროტეზის სახით ჩვენ არ გამოგვიყენებია, მეტალო-კონსტრუქცია კი, ხელს უწყობს შეხორცების პროცესს. უფრო მეტიც, ვინაიდან პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცია და ორგანიზმი ამტანია, მაქსიმალურად გადავავადეთ ის სიტუაცია, რომელშიც მას ოდესმე დასჭირდება ენდოპროტეზის ჩადგმა. 

რითია ეს ოპერაცია გამორჩეული?
ღია ოპერაციები, მითუმეტეს საქართველოში, ძალიან იშვიათად კეთდება მენჯის ძვლებზე, თან ასეთი რთული მოტეხილობების ფონზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთჯერადი ჩარევით ავარიდეთ პაციენტს ინვალიდობა საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში.

რას ნიშნავს ღია ოპერაცია და რა შემთხვევებში ტარდება იგი მსგავსი მოტეხილობების დროს?
ღია ოპერაცია გახლავთ ტრადიციული ქირურგიული ჩარევა, როდესაც ვიზუალიზირდება, იხსნება ის მიდამო, სადაც უნდა მოხდეს ოპერირება. ასეთი ოპერაციები შეიძლება გაკეთდეს რენტგენის კონტროლის ქვეშაც, დახურული მცირე ინვაზიური ჩარევით, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს შეუძლებელი იყო. მოცემულ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი გახლდათ ტრადიციული ქირურგიული ჩარევა ღია წესით და ჩვენ სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. 

როგორ გრძნობს პაციენტი თავს?
პაციენტი 4 დღეში გაეწერა სახლში. თვენახევრის შემდეგ იგი შესძლებს თავისუფლად გადაადგილებას. რაც მთავარია, ოპერაციის მეორე დღიდანვე ტკივილის ინტენსივობა მნიშვნელოვნად შემცირდა. გართულებების არიდება მოხდა საოპერაციო ბრიგადის ძალისხმევის ხარჯზე და  რაც მთავარია, ჭრილობა იდეალურად დაიხურა, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა საკმაოდ დიდი მასშტაბის ჩარევა.

რას გრძნობს ქირურგი ასეთი წარმატებული ოპერაციის შემდეგ?
ოპერაცია 5 საათი გრძელდებოდა და დაღლის მიუხედავად, საოცარი სიმსუბუქე ვიგძენი. ეს განუმეორებელი შეგრძნებაა, როცა  იცი, რომ შენი პაციენტი გაივლის! 


(Video-ს გასაშვებად დააჭირეთ ფოტოს)
გაზიარება
კომენტარები
POST
POST