„თუ ეს ცვლილებები არ მოხდა, შეიძლება ყველა ექიმი წავიდეს ციხეში“

„თუ ეს ცვლილებები არ მოხდა, შეიძლება ყველა ექიმი წავიდეს ციხეში“

სამედიცინო შეცდომის უსაფუძვლო კრიმინალიზაცია, ისეთი ბრალდებით, როგორიც არის, მაგალითად ადამიანის მკვლევლობა, სიკვდილის გამომწვევი ან ჯანმრთელობის სერიოზული დამაზიანებელი გულგრილობა, ფიზიკური ძალადობა და ა.შ. ზიანს აყენებს ექიმის რეპუტაციას, თვითრწმენას, და ასევე პაციენტებს, რომელთაც აღნიშნულით ეზღუდებათ პროფესიონალურ სერვისებზე წვდომა. მდგომარეობის გამოსასწორებლად კი აუცილებელია საკანონმდებლო რეფორმის გატარება.

რა რეფორმაზეა საუბარი? ამის შესახებ, GeoDoc-ს ესაუბრება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტი პერინატალურ მედიცინაში, დიდი ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის წევრი და პირველი სამედიცინო ცენტრის დირექტორი სამკურნალო დარგში - პროფესორი თენგიზ ასათიანი:
- აღნიშნული საკითხების გარჩევა ჩვენ აუცილებლად უნდა გადავიტანოთ საკანომდმებლო დონეზე. დავუშვათ გარდაიცვალა ბავშვი, ხომ ხდება ხოლმე ასეთი რამე. პირდაპირ პროკურორი მოდის და იწყებს გარჩევას. ამ დროს ეს სტრესი ძალიან გვაწუხებს ყველა ექიმს. იყო ერთი პერიოდი ე.წ. პროფესიული საქმიანობის დაზღვევა. დავუშვათ, სამი თვით თუ ჩამოაშორეს ექიმი საქმიანობას, მას უნაზღაურებდა დაზღვევა ან დაიცავდა იურიდიულად, მაგრამ რატომღაც აღნიშნული სახის სადაზღვევო მომსახურებამ ფეხი ვერ მოიკიდა საქართველოში თუ თავიდანვე არაეფექტურად წარმოადგინეს ეს პროდუქტი, ამას ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, მისი რეალური შედეგი არ გამოჩნდა. ამ დროს პირადად ჩემი აზრითუ გაინტერესებთ, პროფესიონალური დაზღვევა ძალზე მნიშვნელოვანია, მხოლოდ სწორი მიმართულებით უნდა წარიმართოს.

- ბატონო თენგიზ, ე.წ. „სამედიცინო კრიმინალის“ თემას რომ შევეხოთ, ევროპაშო და ზოგადად ცივილიზებულ დასავლეთში ეს კარდინალურად სხვა კუთხით არის წარმოდგენილი?!

- ინგლისში, მაგალითად, მოქმედებს British medical council, რომელიც გახლავთ მსგავსი საკითხების განხილვის უმაღლესი დონის ინსტანცია და იქ წელიწადში პაციენტებისგან დაახლოებით 9 000 საჩივარი შედის. აქედან, სასამართლო გარჩევამდე მიდის მხოლოდ 4-5 შემთხვევა. ჩვენთანაც, ესა თუ ის საქმე, პირდაპირ სისხლის სამართლის საქმეზე კი არ უნდა გადადიოდეს, არამედ ჯერ პროფესიონალებმა უნდა განიხილონ. სწორედ პროფესიონალები მიუთითებენ, თუ რა არის  შეცდომა და რა სამედიცინო გადაცდომა.

- ანუ თუ არ არის კრიმინალი, მაშინ არ მიდის საქმე სასამართლომდე. და ამას აღნიშნული საბჭო ადგენს?

- დიახ. აღნიშნული მაგალითი კი იმიტომ მომყავს, რომ ინგლისში კომუნიკაციასა და პაციენტის ინფორმირებულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შეიძლება, ექიმის შეცდომას იმდენად დიდი ყურადღება არ მიექცეს, რამდენადაც მისი პაციენტის არაინფორმირებულობას.

- ჩვენ კონკრეტული მაგალითიც გვაქვს - ირაკლი მერკვილაძის საქმე?

- მერკვილაძეს არ ჩაუდენია დანაშაული და ამის გამო ციხეში გაშვება არ შეიძლება. ინგლისში არსებობს კანონი Montgomery Low. ეს სახელწოდება მომდინარეობს პაციენტის გვარიდან. ნადიმ მონდგომერი იყო მშობიარე, რომელსაც სახსარი დაუზიანდა. ქალმა იჩივლა და გამოიტანეს ვერდიქტი, რომ პაციენტს უნდა ჰქონდეს ყველანაირი ინფორმაცია, თუ რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ მანიპულაციას. საქართველოში ხშირად ხდება, მომჩივანებს სულაც არ უნდათ ექიმის ჩასმა და პირდაპირ კომპენსაციას ითხოვენ. მაგრამ, ფული მომჩივანმა კი არ უნდა მოითხოვოს, არამედ სასამართლომ უნდა დაადგინოს კონკრეტული დარღვევის გამო კომპენსაცია და არა ექიმი გაუშვას ციხეში. ეს უკვე არ ხდება სისხლის სამართლის კოდექსით. ამიტომაც ვამბობ, რომ თუ ეს ცვლილებები არ მოხდა, შეიძლება ყველა ექიმი წავიდეს ციხეში. იმიტომ, რომ თავად ეს ფაქტი მოქმედებს ცუდად ფსიქოლოგიურად და არავითარ რთულ შემთხვევას ექიმი აღარ მოკიდებს ხელს. როცა არსებობს პაციენტის გარდაცვალების მაღალი რისკი და მე შეიძლება ციხეში ჩამსვან, პაციენტს ვეტყვი - „მე ვერ გიმკურნალებ, წადი სხვაგან“. ეს ავნებს მთელ საზოგადოებას. როცა ექიმი საკეისრო კვეთის წინ ეუბნება, რომ შეიძლება განვითარდეს სეფსისი, ეს არ არის საკმარისი ინფორმაცია, აუცილებელია პაციენტს უთხრა რამდენი პროცენტია ამის შანსი, რამდენი პროცენტი სისხლდენის, რამდენი სიკვდილის და ა.შ. ინგლისის შემთხვევის დროს, ექიმი იმით იმართლებდა თავს, რომ მე თუ პაციენტს ყველა სამშობიარო გართულებაზე ვეტყვი, შეიძლება ყველამ საკეისრო კვეთა მოითხოვოს ან სხვა რამ მოხდეს. მისივე თქმით, სრული ინფორმაცია ზოგჯერ ავნებს პაციენტს, მაგრამ კანონმდებლობა ამბობს, რომ აუცილებელია სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება. ირაკლი მერკვილაძის შემთხვევასთან რომ გავაიგივოთ ეს ამბავი, თავიდან საქმე სწორად წავიდა. იყო ინფორმირებული თანხმობა, თუმცა ისეთი არა, როგორსაც დღეს მოითხოვს სამედიცინო საზოგადოება, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი ინფორმირებული თანხმობა იყო. აი, მერე უკვე იყო გაურკვევლობა, ერთი ამბობს იყო თრომბოემბოლია, მეორე ამბობს არ იყოო... მესამე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ მე-20 დღეს ყველაზე ხშირი გართულება არის ინფექცია, სეფსისი... სიცხე და ანთება შეიძლება ყოფილიყო სეფსისის გამოვლინება. როცა დასკვნა დადგა, ჩანს რომ საშვილოსნო გამოკვლეული არ არის, მილები გამოკვლეული არ არის, საკვერცხეები გამოკვლეული არ არის. საბოლოო ჯამში, ამიტომაც არ დადგინდა ზუსტი მიზეზი სიკვდილის. ყველა ეს ქმედებებაკი იმაზე მეტყველებს, რომ პაციენტის სიკვდილის მიზეზის არასრულფასოვანი გამოკვლევა ჩატარდა.

- ბატონო თენგიზ, თქვენს ინიციატივას რაც შეეხება კანონპროექტის მუშა ვერსიის შეესახებ. ვიღაცამ ხომ უნდა შეიტანოს ის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში განსახილველად?

- პირველ რიგში საჭიროა საზოგადოების აქტიური ჩართულობა ამ საკითხში, თორემ მეც, ყველა ექიმი და სამედიცინო ასოციაციებიც მზად არიან ამ ნაბიჯის გადასადგმელად.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST