რა სახის დაავადებების მომატებაა მოსალოდნელი იანვრის შუა რიცხვებიდან და რა პრევენციულ ღონისძიებებს უნდა მიმართოს სახელმწიფომ ვირუსული და ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად? ამასთან დაკავშირებით, მედnews-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესაუბრება:
- რა სახის შტამების გააქტიურებას უნდა ველოდეთ ახალი წლიდან?
- ამ დროისთვის ფიქსირებულია ისეთი ტიპის ვირუსები, როგორიც გახლავთ ადენოვირუსი, რინოვირუსი, ენტეროვირუსი და ა.შ. ახალ შტამზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ გრიპი სავარაუდოდ იანვრის შუა რიცხვებიდან გააქტიურდება. მის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვითი ღონისძიება გრიპის საწინააღმდეგო აცრა გახლავთ.
- აცრა ფასიანი იქნება?
- მხოლოდ ნაწილისთვის. უფასოდ აიცრებიან ბავშვთა სახლების აღსაზრდელები და მოხუცთა თავშესაფრის მკვიდრები. ასევე, ქრონიკულ დიალეზზე მყოფი ავადმყოფები, შიდსიანები, დიაბეტიანი ბავშვები და ა.შ. უფასო აცრებს დაექვემდებარებიან დაავადებათა კონტროლის ცენტრის ის თანამშრომლები, რომლებიც გრიპოზულ დაავადებებზე და ინფექციებზე მუშაობენ. ასევე, სასწრაფო დახმარებისა და „ემერჯენსის" სერვისების პერსონალი.
- ფასიანი აცრა რამდენად ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის?
- ხშირად მეუბნებიან, რომ მთელ რიგ ქვეყნებში გრიპის საწინააღმდეგო აცრა უფასოა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთი ქვეყანა არ არსებობს. დიფტერიაზე, ჰეპატიტზე, პოლიომიელიტზე, დაახლოებით 12 ინფექციაზე უფასო აცრებია და ამ აცრებს სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს. გრიპის ვაქცინაცია კი ჯერჯერობით, არც ერთი ქვეყნის უფასო აცრათა ჩამონათვალში არ შედის.
- რამდენად ეფექტურია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?
- დიფტერიის ან წითელას საწინააღმდეგო აცრისგან განსხვავებით, რომლებიც 98-99%-იან გარანტიას იძლევიან, გრიპის ვაქცინის დაცვის კოეფიციენტი 70- 80%-ია. რაც შეეხება მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ვაქცინის ხელმისაწვდომობას, ფასები უალოეს მომავალში განისაზღვრება. საშუალოდ, წლის განმავლობაში საქართველოში 8-დან-12 000-მდე ადამიანი იცრება. 2014 წლისთვის სახელმწიფომ ვაქცინის 8000 დოზა უკვე შეიძინა და ამ თვის ბოლოდან უკვე დაიწყება აცრები.