ვიქტორია ჟიჟკო - ახალი სიტყვა ქართულ სამედიცინო მარკეტინგში

ვიქტორია ჟიჟკო - ახალი სიტყვა ქართულ სამედიცინო მარკეტინგში

ყოველთვის ხალისიანი, აქტიური და მომღიმარი - ასეთია „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის“ მარკეტინგის მენეჯერი ვიქტორია ჟიჟკო. იგი იმ მცირერიცხოვანთა ჯგუფს განეკუთვნება, რომლებიც სამედიცინო მარკეტინგში ახალ სიტყვას ქმნიან.

ვიქტორია ჟიჟკო, „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის“ მარკეტინგის მენეჯერი:
- მიუხედავად იმისა, რომ დღეს-დღეობით აქტიურად ვარ ჩაბმული სამედიცინო მარკეტინგში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე რთულ სეგმენტად ითვლება, ჩემი პიარსაქმიანობა იწყება სრულიად განსხვავებული სფეროდან. ხუთი წლის განმავლობაში ვიყავი მინერალური წყალი „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი. აქ მომეცა შესაძლებლობა პრაქტიკაში გადამეტანა ჩემი თეორიული ცოდნა როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის, ისე მარკეტინგის-სარეკლამო მიმართულებით. ვარ თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი და ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება და ნელ-ნელა გადავინაცვლე საკონსულტაციო კომპანია „C-team“-ში. ეს კომპანია თანამშრომლობდა „ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალთან“. კლინიკა ახალი გახსნილი გახლდათ და საჭიროებდა როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან მარკეტინგული სტრატეგიების დასახვას, რაც თავის მხრივ მოიცავდა ბაზრის კვლევას, სარეკლამო მიმართულებით კონკრეტულ სამუშაოებსა და პირველ რიგში სოციალური მედიის ამუშავებას. ჩემს წინაში იდგა სრულიად ახალი პერსპექტივები, ახალი გამოცდილების მიღების საშუალება, ახალი გამოწვევები და შედეგად 2018 წლის ბოლოდან გადმოვედი ჰოსპიტალის მარკეტინგის სამსახურში.

- თუმცა, ყოველ წელს მაინც ახალ სტრატეგიებს სახავთ?
- სამედიცინო მარკეტინგი ზოგადი მარკეტინგისგან განსხვავებული სფეროა. არის ნიუანსები, რომლებიც ბევრად უფრო რთულს ხდის ამ მიმართულებას. პირველი და მთავარი არის ის, რომ ჩვენი პროდუქტი არის ექიმის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურება. ეს კი ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა, ვინაიდან საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, რიგ შემთხვევაში სიცოცხლესაც კი. მარკეტინგული და პიარ სტრატეგიის შემუშავების დროს უნდა დაეყრდნო კონკრეტულ ფაქტებს, ჩაატარო შესრულებული სამუშაოს ანალიზი, გამოავლინო ის საჭიროებები და მოთხოვნები რაც მოცემულ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია და ამ ყველა მონაცემის შეჯამების შედეგად ჩამოაყალიბო და მოარგო სტრატეგია რეალობაში არსებულ მოთხოვნებს. უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კრიზისული სიტუაციების მართვის ტაქტიკის ცოდნაც.

- კონკრეტულად რა მეთოდებს მიმართავთ მარკეტინგული სქემის შედგენისას?
- მე „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის“ კვლევისა და განვითარების ცენტრის ერთ-ერთი რგოლი ვარ. ჩვენი გუნდი ერთად და შეთანხმებულად მუშაობს.
დღეისათვის ორიენტირი აღებული გვაქვს, ძირითადად, სოციალურ პროექტებზე. ხშირად გავდივართ რეგიონებში უფასო სამედიცინო აქციების ჩასატარებლად. გარდა ამისა, აქციები სისტემატიურად ტარდება ჰოსპიტალშიც. ამასთან დაკავშირებით ვახდენთ მოსახლეობის ინფორმირებას სხვადასხვა ინფორმაციული წყაროების მეშვეობით. ვცდილობთ გამოვიყენოთ ყველა მეთოდი, რითაც მივაწვდენთ ხმას პაციენტებს, ეს იქნება რადიო რეკლამა, სტატიები, ბუკლეტები და რა თქმა უნდა, აქტიური სოციალური მედია. ჩემს მოვალეობაში აგრეთვე შედის საჭიროებისამებრ მედია საშუალებებთან კომუნიკაციაც.

- ჰოსპიტალის ლოგოს შექმნის ისტორია მოგვიყევით?
- როდესაც შევუერთდი „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის“გუნდს, კლინიკის ლოგო შემუშავების სტადიაში იყო. ძალიან მცირე დროში უნდა მოგვეფიქრებინა სამედიცინო სფეროსთან ასოცირებული, მაგრამ არაბანალური და თვალშისაცემი ლოგო. საბოლოოდ გადაწყდა გრაფიკულად დახატული ფონენდოსკოპი. ხელით დავხატე რამოდენიმე ვარიანტი და საბოლოოდ შევჯერდით იმ ერთზე, რომელიც, იმედი მაქვს, უკვე საკმაოდ ცნობადია. სლოგანიც „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი - თქვენთვის“ - მოკლე, ლაკონური, მაგრამ გასაგები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის მომსახურების მაღალი სტანდარტი, პაციენტის კმაყოფილებაზე ზრუნვა, რაც ჩანს სლოგანში.

- ექიმებს და მედპერსონალს კარგ ხასიათს ყოველთვის ვერ მოსთხოვ?
- მე მიმაჩნია, რომ კლინიკის იმიჯის მთავარი კომპონენტი არის პაციენტის შთაბეჭდილება ჰოსპიტალზე. პროფესიონალი ექიმები, მომღიმარი და ყურადღებიანი პერსონალი ახდენს გავლენას პაციენტის დამოკიდებულებაზე. მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა პაციენტთან, მის ახლობელთან, გულისხმიერება, მის დასახმარებლად სწორი მიმართულების დასახვა. ეს გუნდური სამუშაოა, რომელშიც ჩართულია ჩვენი კლინიკის აბსოლუტურად ყველა რგოლი.

- „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი“ მუხიანში მდებარეობს და ქალაქიდან ცოტა მოწყვეტილია?
- ჩვენი ჰოსპიტალი ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს, მაგრამ ლოკაცია ძალიან ხელსაყრელია გლდანისა და მუხიანის მოსახლეობისთვის. რამოდენიმე ჩვენი პაციენტის გადარჩენა ცნობილი ქეისი გახდა ქვეყნის მასშტაბით. მაგალითად, გიორგი ფალელაშვილის შემთხვევაში, სწორედ კლინიკის ადგილმდებარეობა გახდა გადამწყვეტი, ყოველი წამი მნიშვნელოვანი იყო და ინციდენტის ადგილიდან პაციენტი 7 წუთში უკვე საოპერაციოში იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა ძალზედ რთული იყო, თუმცა ჩვენმა ექიმებმა ფაქტობრივად შეუძლებელი შესძლეს და დღეს ის მშვიდად და ჯანმრთელად განაგრძობს ცხოვრებას. სწორად ამით ვარ ამაყი, რომ მაქვს შესაძლებლობა თავისი საქმის უბადლო სპეციალისტებთან ერთად ვიზრუნო ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST