რა იწვევს ყურის ანთებას და როგორ ვებრძოლოთ ყურის ტკივილს სახლის პირობებში

რა იწვევს ყურის ანთებას და როგორ ვებრძოლოთ ყურის ტკივილს სახლის პირობებში

თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის ოტორინოლარინგოლოგიური დეპარტამენტი ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების დაავადების მქონე პაციენტებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების სრულ სპექტრს სთავაზობს. აღნიშნულ დეპარტამენტს ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი ნიკოლოზ ცეცხლაშვილი ხელმძღვანელობს.

რა იწვევს ყურის ტკივილს, რა შეიძლება იყოს ყურის ანთების, იგივე ოტიტის გამომწვევი მიზეზი, როგორ ვებრძოლოთ ყურის ტკივილს სახლის პირობებში - ამ და სხვა თემებზე თავად ნიკოლოზ ცეცხლაშვილს გავესაუბრეთ:

1. რა იწვევს ყურის ტკივილს?

ყურის ტკივილი, იგივე ოტალგია არის ყურიდან მომდინარე დისკომფორტი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ყურში , ისე მოსაზღვრე ორგანოებში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებებით.  განარჩევენ პირველად და მეორად ოტალგიას.
როდესაც ყურის ტკივილის მიზეზისაკუთრივ ყურია (პირველადი ოტალგია), მაშინ ოტოსკოპიით ადვილად დგინდება პათოლოგია, ხოლო როდესაც ტკივილის მიზეზი ყური არ არის (მეორადი ოტალგია), მაშინ ოტოსკოპიური სურათი ნორმალურია და საჭირო ხდება ტკივილის წარმოშობის მიზეზის ძებნა.
ყურის ტკივილი ხშირად ევსტაქის მილის (შუა ყურის ცხვირხახასთან დამაკავშირებელი მილი) დახშობითაა განპირობებული, რაც ალერგიამ, გაციებამ ან ცხვირხახის ადენოიდების ჰიპერტოფიამ შეიძლება გამოიწვიოს. ამას მოყვება შუა ყურში ვენტილაციის მოშლა, იქ

არსებული ჟანგბადის შეწოვა და ვაკუუმის წარმოქმნა, რაც იწვევს სითხის (ტრანსუდატის) დაგროვებას, ამას კი შუა ყურში წნევის გაზრდა და ტკივილი მოყვება. ოტალგია შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, კერძოდ:
პირველადი ოტალგიის შემთხვევაში: გარეთა ოტიტი, ნეკროზული გარეთა ოტიტი, შუა ოტიტი, ვირუსული მირინგიტი, პერიქონდრიტი, უცხო სხეული, ბაროტრავმა, მასტოიდიტიგოგირდის საცობი, რამსი ჰანტის სინდრომი (ტკივილს თან ახლავს ვეზიკულური გამონაყარი. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება), ტრავმა, ვეგენერის გრანულომატოზი, ყურის ნიჟარის და გარეთა სასმენი მილის სიმსივნე და ინფიცირებული კისტა, ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი და სხვა.

მეორადი ოტალგიის შემთხვევაში: სტომატოლოგიური მიზეზები, ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სინდრომი, ხერხემლის კისრის ნაწილის ართრიტი, სამწვერა და ენახახის ნერვის ნევრალგია, ბელის დამბლა, საფეთქლის არტერიტი, პირის ღრუს აფტოზული წყლულები, კისრის ადენოპათია, თირეოიდიტი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგიები, მიოფასციალური ტკივილი ( კუნთის სპაზმი ან საღეჭი და მკერდ - ლავიწ - დვრილისებრი კუნთის ანთება ), გულმკერდის ანევრიზმა, კრიკოარითენოიდული ართრიტი, ფსიქოგენური , სიმსივნეები (მაგალითად: პაროტიდული, ჰიპოფარინგეალური, ნაზოფარინგეალური, ენის ძირის, ტონზილარული ფოსოს, ხორხის, საყლაპავის, ინტრაკრანიალური, ხერხემლის კისრის ნაწილის ) და სხვა.

2. რა შეიძლება იყოს ყურის ანთების (ოტიტის) გამომწვევი მიზეზი და როგორ ვითარდება ოტიტი გრიპის დროს?

გარეთა ოტიტების (გარეთა სასმენი მილის ანთება, პერიქონდრიტი და სხვა ) განვითარებას ხშირად ხელს უწყობს დაბინძურებული წყლის მოხვედრა ყურში, ყურის გაღიზიანება სხვადასხვა უხეში საგნით, ეგზემა, ფსორიაზი, ასევე გოგირდის საცობი.
რაც შეეხება შუა ოტიტს, იგი როგორც წესით ვითარდება სხვადასხვა ვირუსული ინფექციის დროს, ასევე ოტიტის განვითარებას ხელს უწყობს ცხვირით სუნთქვის გაძნელების ნებისმიერი მიზეზი, რადგან , როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ევტაქის მილის ერთი ბოლო იხსნება დაფის ღრუში, მეორე ბოლო კი ცხვირხახის ლატერალურ კედელში, ცხვირის ქვემო ნიჟარის უკან. ევსტახის მილის დანიშნულებაა დაფის ღრუს შიდა წნევის გარემოს წნევასთან გათანაბრება, რაც აუცილებელია ბგერის გამტარი აპარატის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ევსტაქის მილის დახშობის გამო, რაც თავის მხრივ შეიძლება  გამოიწვიოს გრიპის დროს ქვემო ნიჟარის შეშუპებამ, დაფის ღრუში წნევა მკვეთრად ეცემა, რაც ხელს უწყობს ანთებითი გამონადენის გამოყოფას. ეს უკანასკნელი კი დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში ცხვირხახიდან მოხვედრილი ბაქტერიებით ინფიცირდება და ჩირქად გადაიქცევა.

ბავშვებში ოტიტი გაცილებით უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მოზრდილებში. ამის მიზეზი ის ანატომიური თავისებურებებია, რომელიც ბავშვის ყურს ახასიათებს. კერძოდ , ბავშვებში ყურის და ცხვირის დამაკავშირებელი არხი ( ევსტახის მილი ) მოკლე და ფართეა, რაც ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს. დაფის ღრუში ინფექცია შეიძლება ასევე მოხვდეს ტრავმული, მენინგოგენური, ჰემატოგენური გზითაც.

3. როგორ ვუმკურნალოთ ყურის ტკივილს, ყურის ანთებას?

პირველ რიგში, თუ ტკივილი ძალიან შემაწუხებელია შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, მაგალითად პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. ბავშვებისთვის ექიმის ნებართვის გარეშე დაუშვებელია ასპირინის ჯგუფის პრეპარატების მიღება.
ყურზე თბილი (არა ცხელი) კომპრესი ასევე დაგეხმარებათ ტკივილის მოხსნაში, თუმცა ეს საშუალება მოძველებულია და წამლის ან ექიმის არ არსებობის შემთხვევაში უფრო გამოგადგებათ. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და ბენზოკაინის წვეთები.
ყურის ტკივილისას ზოგჯერ მიზანშეწონილია ყურის წვეთების გამოყენება, თუმცა ექიმის რჩევის გარეშე წვეთების გამოყენებას მოერიდეთ, რადგან ზოგი მათგანი მხოლოდ გარეგანი მოხმარებისაა და ოტოტოქსიურია დაფის აპკის პერფორაციის ( მთლიანობის დარღვევის ) დროს.
რაც შეეხება ოტიტის მკურნალობას ის განსხვავებულია ყურის ანთების სიმძიმის მიხედვით,

კერძოდ, გარეთა ოტიტის დროს:

  • ანტიბიოტიკები, როგორიცაა: ამინოგლიკოზიდები, ქინოლები, პოლიმიქსინ B ;
  • სტეროიდების წვეთები (ჰიდროკორტიზონი ან დექსამეტაზონი)
  • დაბალი PH ის მქონე ანტისეპტიკური საშუალებები, როგორიცაა: 8% ალუმინის აცეტატის ხსნარი .

                შუა ოტიტის დროს:

  • თუ ანალგეზიური თერაპიის ფონზე 48-72 საათში მდგომარეობის გაუმჯობესება არ აღინიშნება რეკომენდებულია ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნა. არჩევის პირველი რიგის პრეპარატია ამოქსიცილინი. თუ ამოქსიცილინზე აღინიშნება ალერგიული რეაქცია პირველი რიგის თერაპიად მისაღებია აზიტრომიცინი. თუ სიმპტომები გრძელდება ან პაციენტს მედიკამენტების პერორალური მიღება არ შეუძლია, მიზანშეწონილია ცეფტრიაქსონის კუნთშიდა ინექციები რამდენიმე დღის განმავლობაში.
  • ასევე რეკომენდებულია ცხვირის სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებები.

4. ყურის ტკივილი ექიმის დროულ ჩარევას და მკურნალობას საჭიროებს. რჩევები პაციენტებს ექმთან მიმართვამდე  ანუ როგორ გაიყუჩონ ყურის ტკივილი?

ყურის ნებისმიერი ანთების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის კონსულტაცია ყელ - ყურ - ცხვირის ექიმთან, რადგან დადგინდეს ოტიტის ტიპი. თუ ექიმთან ვიზიტი ვერ ხერხდება და აღინიშნება ძლიერი ტკივილი, შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ერთჯერადად გამოვიყენოთ ცხვირის სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებები და ყურის ანალგეზიური და ანთების საწინააღდეგო წვეთები, ხოლო შემდგომ მივმართოთ ექიმს. არ შეიძლება ყურის გამორეცხვა, სპირტისა და სხვა საშუალებების თვითნებური გამოყენება ყურში, რადგან ყური საკმაოდ ფაქიზი ორგანოა და ამან შეიძლება სერიოზული გართულება მოგვცეს ან რაიმე კვალი დატოვოს პაციენტის სმენასა და ჯანმრთელობაზე.

ესაუბრა ნინო გოლოშვილი


გაზიარება
კომენტარები
POST
POST