ვინ არის WHO-ს  ანგარიშებში მოხსენიებული მეოთხე ექიმი, რომელმაც COVID-19-ის პირველი ტალღა შეაჩერა

ვინ არის WHO-ს ანგარიშებში მოხსენიებული მეოთხე ექიმი, რომელმაც COVID-19-ის პირველი ტალღა შეაჩერა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბოლო მონაცემებით, COVID-19-ის დასნებოვნების განსაკუთრებული რისკის ქვეშ დგანან სასუნთქი ორგანოების ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომელთა შორის პირველი ადგილი ტუბერკულოზს უჭირავს. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა ამ ნოზოლოგიის მქონე პაციენტების კორონავირუსით დასნებოვნების ფაქტები. არ აქვს ასეთი ფაქტები მხოლოდ საქართველოს. არადა, სწორედ ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში გაიხსნა პირველი საკარანტინე ზონა, სადაც დაკვირვების ქვეშ მყოფი კონტიგენტია განთავსებული.

ისინი თავის საქმეს ჩუმად აკეთებენ - ტუბცენტრის დირექტორი და მისი მედპერსონალი. მიუხედავად იმისა, ორმაგი დარტყმის ქვეშ იმყოფებიან - ტუბერკულოზი და COVID-19 გვერდიგვერდ. მათ მოახერხეს ის, რაც ევროპამ ვერ მოახერხა - არც ერთი „დავირუსებული“ ტუბერკულოზიანი პაციენტი არ გვყავს.
ტელეეთერებში ძირითადად ინფექციური საავადმყოფოსა და დაავადებათა ეროვნული ცენტრის ექიმების - ჩვენი გმირების კომენტარებს ვისმენთ. მაგრამ, საზოგადოებამ კიდევ ერთი გმირის შესახებაც უნდა იცოდეს, რომელიც ჩუმად არის - პროფ. ზაზა ავალიანი. ინტერვიუზე ძლივს დავითანხმეთ, ისიც იმ მოტივით, რომ ხალხს სჭირდება მეტი ინფორმაცია და გაგვიზიაროთ-თქო.

GeoDoc.Ge ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორს - ზაზა ავალიანს ესაუბრება:

- ბატონო ზაზა, რას ნიშნავს საქართველო COVID-19-ის მეორე ტალღის მოლოდინში?
- პირველ რიგში იმას, რომ შიდა გავრცელების თემა გაიზრდება. ვირუსი უკვე იმპორტირებულია - შემოტანილია ქვეყანაში და ამას მოჰყვება ქვეყნის შიგნით გავრცელება, ე.წ. მეოთხეული-მეხუთეული გადაცემები. სამწუხაროდ, ამას ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით. რაც არ უნდა იმედიანად და ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი - ეს ტალღა აუცილებლად მოვა. ამისთვის კი, ყველა ზომა უნდა გატარდეს, დაწყებული საკარანტინე პირობების გამკაცრებით ისე, საგანგებო სიტუაციის მოთხოვნების სრული დაცვით.

- არის მოსაზრება, რომ ძალიან საშიშნი არიან უსიმპტომო ანდა ნაკლებ სიმპტომების მქონე ადამიანები, რომლებიც ვირუსის გადამტანები ხდებიან?
- ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა ის ფაქტი, რომ გავრცელებაში პრიორიტეტულები არიან სიმპტომების მქონე პაციენტები. საფრთხეები რა თქმა უნდა უსიმპტომო პაციენტებისგანაც მომდინარეობს, მაგრამ ნაკლებად.

- დაიდო მონაცემები ასევე იმის შესახებ, რომ განკურნებული პაცინტების ნაწილში ვირუსი ტოვებს სერიოზულ კვალს?
- არსებობს სარწმუნო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკვე გაჯანსაღებულ პაციენტებში (შესწავლილ იქნა არახანდაზმული პაციენტები), 10%-ს სუნთქვის ფუნქცია უმცირდებათ 30%-ით - ვითარდება სუნთქვის უკმარისობა. ეს არის პირდაპირი კვალი ამ დაავადების, რომელიც რჩება ამ ტიპის პოპულაციაში. კვლევა ახალგაზრდებში ჩატარდა, მაგრამ იგივე რომ ჩატარებოდათ ასაკოვნებს, იქ პროცენტი სერიოზულად მოიმატებდა.

- ანუ უკვე დადგენილია აპრიორულად, რომ გამოჯანმრთელებული ახალგაზრდების 10%-ს სჭირდებათ რეაბილიტაცია? 
- დიახ, სამწუხაროდ. ეს დაავადება არ არის ასეთი მსუბუქი ელფერის გრიპი, რომელიც ზოგჯერ უკვალოდ ქრება ორგანიზმიდან. თუმცა, გრიპიც ხშირად ტოვებს სხვადასხვა ტიპის გართულებებს. ასევე დადებულია კვლევები, რომ რიგ შემთხვევბში თირკმლის უკმარობამდეც მიდის საქმე. ყველაფერი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია ადამიანის ფსიქოსომატური სტატუსიდან გამომდინარე, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ უკვალოდ კორონა ვირუსი არ ჩაივლის.

- თქვენ როგორ იცავთ თავს და თქვენი მედპერსონალი. გასაგებია, რომ გამოცდილი კადრი ხართ და არანაკლებ საშიშ, (უფრო მეტად თუ არა) დაავადებასთან გიხდებათ შეხება წლების განმავლობაში, მაგრამ დღეს ფაქტობრივად ორმაგი დატვირთვის ქვეშ იმყოფებით - ტუბერკულოზი და პლიუს ეს კორონავირუსი?
- ეს გახლავთ მართლაც უნიკალური სიტუაცია, როდესაც მოხდა სასუნთქი სისტემის უსაშინლესი ორი მტერის თანაარსებობა, თან ერთ სივრცეში, რომელსაც ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი ჰქვია. გარდა იმისა, რომ ტუბერკულოზით დაავადებულ პაიცენტებს ვმკურნალობთ, ცალკე საკარანტინე ზონა გვაქვს და ვაკვირდებით იმ პიროვნებებს, ვისაც შესაძლოა კორონავირუსი გამოუვლინდეს. მე საქართველოში არ მეგულება მეორე ისეთი ანალოგი ინფექციის კონტროლის კუთხით, როგორიც არის ჩვენი ის კორპუსი, სადაც საკარანტინო პირობებში განთავსებული გვყავს პაციენტები. მათ აქვთ აბსოლუტურად იზოლირებული სივრცეები, ცალკე შესასვლელები - დუბლირებული, აქ არის უარყოფითი წნევის თემებიც, გამწოვი სისტემები, რომელიც კარდინალურად განსხვავდება კონდენცირების იმ სისტემისგან რომელიც საქართველოში ბევრგან გვხვდება და დღეს ძალიან საშიშია.

- სხვათაშორის, „ჯანმომ“ უკვე დადო კვლევა, რომ ძალიან უნდა ვერიდოთ კონდენცირების სისტემას, ვინაიდან ის ერთ-ერთი ხელშემწყობია ვირუსის გადატანა-გავრცელების. კონდენცირებაში საცხოვრებელ სახლებში დამონტაჟებული კონდენციონერები და „ზამთარი- ზაფხულიც“ იგულიხმება?
- დიახ. მათი გამოყენება იმ საშიშროების პირობებში, რომელიც დღეს არსებობს, არაფრით არ შეიძლება. ისინი თუნდაც თვითიზოლაციის პირობებში არ უნდა იყოს გამოყენებული. მე არ ვიცი, ეს ინფორმაცია სრულად მიეწოდა თუ არა ჩვენს მოსახლეობას, ვაფიქსირებ აზრს, რომ ეს არის ერთ-ერთი კვლევის შედეგი, რომელიც დაიდო და იქ არის ნათლად ნათქვამი, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული დახურულ სივრცეში ჰაერის გამათბობელი თუ გამაგრილებელი ნებისმიერი ფუნქციით. აღნიშნული სისტემები ხშირად არის გამოყენებული სავაჭრო ცენტრებში და სხვათაშორის აფთიაქებშიც, რომელიც ახდენს იმ ჰაერის ცირკულაციას, რაც შიგნით არის.

- თქვენი ცენტრის მედპერსონალის დაცვაზე მინდა მიპასუხოთ?
- ყველაზე დიდი ტრაგედია უხანში რაც მოხდა, გახლდათ ის, რომ სამედიცინო პერსონალმა თავი ვერ დაიცვა. ისინი არ იყვნენ ბოლომდე ინფორმირებულნი და შედეგი - 46 მედმუშაკი გარდაიცვალა. ჩვენ პირველ რიგში უხანის გაკვეთილები უნდა გავითავისოთ. ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში პირველივე დღეებიდანვე დავსახეთ მენეჯმენტის და ადმინისტრაციის მკაცრი ხაზი თავის დაცვა! ჩვენს მონიტორინგის სისტემას, რომელიც აკონტროლებს სივრცეებს ვიდეოკამერების საშუალებით, დავავალე, რომ პირველ რიგში აღერიცხათ მედმუშაკები, რომლებიც გადაადგილდებიან დაცვის საშუალებების გარეშე. დავიწყე ასევე ტემპერატურის გაზომვა ჩვენი პერსონალისთვის. დღეს ცენტრში ყველასათვის აუცილებელია კომპონენტია - ნიღბები, პირბადეები, ქუდები, სათვალები და სპეციალური ამუნიცია, ვინც უშუალო კონტაქტშია, იგივე საკვები მიაქვს კარანტინში მყოფი პირებისთვის. ასევე გამკაცრდა ზომები თავად ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებთან მიმართებაში - მათ მიეცათ მკაცრი მითითება, რომ არ გადაკვეთონ წითელი ხაზი და არ გადმოვიდნენ დანარჩენ ტერიტორიებზე. ეს არის მარტო საკარანტინე ზონიდან გამომდინარე საფრთხე. ჩვენთან გარე ტერიტორიიდან მოდიან მომსვლელები, ვინაიდან ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

- ბატონო ზაზა, რომელი ქრონიკული დააავადებების მქონე პირები არიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ?
- სამი ძირითადი დაავადება მოიაზრება ამ კონტექსტში - ეს არის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა და ტუბერკულოზი. ეს სამი ნოზოლოგია გახლავთ სასუნთქი სისტემის კუთხით, რომელმაც შეიძლება ვერ გაუძლოს იმ დამატებით დარტყმას, რასაც კორონავირუსით მიყენებული ზიანი ჰქვია. ასე რომ, ამ ტიპის პაციენტების გაფრთხილება არის მთავარი. ყველაზე ავტორიტეტული არასამთავრობოს STOP TB მიერ (ლიდერი ორგანიზაცია ტუბერკულოზის კუთხით) უკვე გავრცელდა მოწოდება, რომ დავიცვათ ტუბერკულოზით დაავადებულებები.

- ვიცით, დიდი აქცენტი კეთდება უკვე მათვის საფრთხეების არიდებაზე?
- გარდა იმისა რომ პერსონალის დაცვის უსერიოზულესი ღონისძიებები მივიღეთ, კიდევ უფრო მკაცრი რეგლამენტი შემოვიღეთ ამ სახის პაციენტების დაცვის კუთხით. მაგალითად, ჩვენი პაციენტები, რომლებიც არიან ამბულატორულ ანუ მოსიარულე რეჟიმზე, მათ სახლში მიუვათ ის მედიკამენტები, ერთი თვის აუცილებელი მარაგი, რომელსაც იღებენ. დანარჩენებს უფლება მიეცათ წინასწარ აიღონ მედიკამენტები ვიდეომონიტორინგის სისტემაზე გადასვლით და მათაც არ მოუწევთ ხშირი სიარული, რათა არ შეექმნათ დამატებითი საფრთხეები. გარდა ამისა, მათი გადაადგილება იქნება ჩვენს მიერ გაკონტროლებული და შეთავაზებული ალტერნატიული გზები, რათა არ მოხდეს პაციენტების საერთო სივრცეში მოხვედრა. საბედნიეროდ, არც ერთი შემთხვევა ტუბერკულოზით დაავადებულის ვირუსით დასნებოვნების არ გვქონია. ეს ეხება რეგიონებსაც, სადაც დიდი ხანია ე.წ. ტელეკონსილიუმის მოდელზე ვართ გადასული. ეს უკანასკნელი კორონავირუსამდე გვქონდა, მესამე წელია ფაქტობრივად, რომლის მეშვეობითაც პროცესებს ვმართავთ ქსელის მასშტაბით.

- ვიცით, რომ 24 მარტს ტუბერკულოზის საერთაშორისო დღის აღნიშვნაც მოახერხეთ?
- ქსელურად ტელეკონფერენცია ჩავატარეთ, რომელშიც ჩვენი საერთაშორისო კოლეგები და პარტნიორები იღებდნენ მონაწილეობას. მანამდე გვქონდა ჩართვა ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან და მალევე გავაზიარეთ ის გაიდლაინი და პროტოკოლი, რომლითაც ხელმძღვანელობენ ემორის საერთაშორისო კლინიკაში, ატლანტაში. სწორედ იქ არის განთავსებული აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომელიც ითვლება პრიორიტეტულ ორგანიზაციად მთელს მსოფლიოში. ის ითვლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკის კანონმდებლად და სწორედ მათგან მოწოდებული გაიდლაინი ითვლება ამოსავალ წერტილად მთელი მსოფლიოს მედიკოსებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც ერთობ მცირე გამოცდილება არსებობს კლინიკური დიაგოსტიკის, დაკვირვების და პროცესების მართვისა კორონავირუსთან დაკავშირებით.

- ვაქცინასთან მიმართებაში როგორ წარიმართება პროცესები?
- არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამოდენიმე ტიპის ვაქცინების მოდიფიკაცია და გამოცდა იწყება. მე გამიჭირდება მათი შედეგების შესახებ წინასწარ მსჯელობა. ვაქცინის შექმნის დროს ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი და ამას მინიმუმ წელიწადნახევარი დასჭირდება.

- ავადობის კლებას და სიტუაციის დასტაბილიზებას როდისთვის უნდა ველოდეთ?
- აქაც რამოდენიმე ვერსია მუსირებს, მაგრამ ჩვენ სარწმუნო კვლევებს ვეყრდნობით, ყველა კვლევა არ არის სანდო... არის ასეთი ვარაუდი, რომ მაისს-ივნისის თვე იქნება გარდამტეხი. ერთი გარემოებაც არის ნიშანდობლივი - იმ ქვეყნებში, რომლებიც ეკვატორულ სარტყელში იმყოფებიან ანუ მაღალი ტემპერატურის პირობებში, ერთეული შემთხვევბია მხოლოდ დაფიქსირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მოცემულობა, რომ მაღალი ტემპერატურის პირობებში ეს ვირუსი კომფორტულად ვერ გრძნობს თავს. თორემ რა შეუშლიდა ხელს ვირუსის გავრცელება-გადადებას, მითუმეტეს ეკვატორულ ზონაში განვითარებადი ქვეყნებია მოქცეული. ვირუსმა საზღვრები არ იცის, ევროპაში ქვეყანა არ დარჩენილა, სადაც ის არ შესულიყო. ასე რომ, საფუძველი გვაქვს იმედიანად ვიყოთ.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST