„ქართული ლუდის კომპანიის“ მხარდაჭერით კონფერენცია „ქალი და მიგრაცია“ გაიმართა

„ქართული ლუდის კომპანიის“ მხარდაჭერით კონფერენცია „ქალი და მიგრაცია“ გაიმართა

სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მხარდაჭერითა და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის ორგანიზებით, კონფერენცია „ქალი და მიგრაცია“ გაიმართა, რომლის მიზანიც ქართულ ემიგრაციასთან კონტაქტების გაღრმავება და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე ქალბატონების ღვაწლის დაფასება. როგორც „ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე აცხადებს, შორს არ არის ის დრო, როდესაც თითოეული ქართველი ემიგრანტები უცხოეთში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოს მოახმარს. 
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი ჩვენი თანამემამულე აიძულა უცხოეთში გადახვეწილიყო, რათა საკუთარი თავის, ოჯახისა და ახლობლების რჩენა შეძლებოდა. ასე უვადოდ და განუსაზღვრელად აიღეს საკუთარ თავზე უმძიმესი ტვირთი უდიდესი ტკივილთ, საკუთარ მიწა წყლის, სახლ-კარის, ოჯახისა და ახლობლებს მონატრებულმა. ძნელია უცხო ქვეყანაში, მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილმა, მშობლის და შვილების სუნთქვა მონატრებულმა, თავი დაიმკვიდრო. კიდევ უფრო ძნელია, წარმატებას მიაღწიო და სხვა მზის მომზირალმა შენს სამშობლოზე იზრუნო მაინც. მტკივა და ვამაყობ თითოეული მათგანით. იმედი მაქვს დაგვიდგება ის დრო როცა ერთ მშვენიერ დღეს, ყველა მათგანი უცხოეთში მიღებულ ცოდნას ჩვენს სამშობლოს, საქართველოს მოახმარს“, აცხადებს ხათუნა მიქაცაძე. 
დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოდან გასული და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე ქალბატონების რაოდენობა არც თუ მცირეა. ბევრ ქვეყანაში ემიგრანტი ქალბატონები ჩართულნი არიან ადგილობრივ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ორმხრივი ურთიერთობებისა და სახალხო დიპლომატიის გაძლიერების და განვითარების საქმესაც აქტიურად უძღვებიან. „ძალიან დასაფასებელია, რომ მათი მზერა ყოველთვის მიპყრობილია საქართველოსკენ და მათი წარმატება ჩვენი, ყველას წარმატებაა“, განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. 

გაზიარება
კომენტარები
POST
POST