ქართველი ექიმის სულისშემძვრელი მიმართვა  - „მოდი, პამპერსი უნდა გამოგიცვალო!“

ქართველი ექიმის სულისშემძვრელი მიმართვა - „მოდი, პამპერსი უნდა გამოგიცვალო!“

თელავის საავადმყოფოს ექიმი-რეანიმატოლოგი ზურა მანჯგალაძე საკმაოდ ემოციურ მიმართვას ავრცელებს: 

აბა, გამომხედე ერთი ჯეელო, თხოვნა მაქვს და უნდა შემისრულო. სახლში გექნებათ ჩაკუჭული შავი ცელოფანი ნაგვისთვის, აიღე და ამოიცვი ფეხზე, მერე დასკოჩე, ამავე მოქმედებებს ვიმეორებთ ხელებზე. ღვინის „ბალონიც“ გექნებათ ოჯახში და ჩამოიცვი თავზე, დაჯექი ტელევიზორთან და უყურე ფეხბურთს. ერთი საათი!
ეხლა მოიხსენი, არ იყო მთლად კაი ამბავი ხო?
ეგ ყველაფერი გადაამრავლე 8 საათზე და თან მთელ ტანზე და სამმაგი ფენა. გშია და ვერ ჭამ, გწყურია და ვერ სვამ, „ტუალეტზე“ არც იოცნებო, როგორია? ხო და მე ვარ შენი მომვლელი რეანიმაციულ განყოფილებაში და ფეხბურთს კი არ ვუყურებ, გივლი შენ და კიდევ ათ პაციენტს პალატაში.
ეხლა მითხარი, მაქვს თუ არა უფლება გითხრა , რომ სახლში დარჩე.
კაი, როცა პროფესია ავირჩიე, უნდა მცოდნოდა და ეს სულაც არაა შენი პრობლემა, მაგრამ მე-8 საწოლზე შენ წევხარ და უნდა მოგხედო. თან ჩემთვის 608-ე პაციენტი ხარ უკვე.
ეხლა შენ როგორ გამოიყურები – თუ ზურგზე წევხარ ე.ი. გაგიმართლა. მაგრამ ცხვირ-პირზე იმდენი რამე გაქვს ასხმული, შენ ასაკს ვერ ვიგებ. პამპერსი გაქვს გამოსაცვლელი ( აბა, რა გეგონა ), გადაღლილს ამერია და შენ მაგივრად პამპერსი სხვას გამოვუცვალე, ვერც ვერაფერს მეტყვი (ცხვირ-პირი გამოტენილი გაქვს). გონებაზე ხარ და ბოლომდე იაზრებ რაც გჭირს. ორი საწოლის იქით ვიღაცის ხვრინვა რომ ნერვებს გიშლიდა ორი დღე, უცებ გაჩუმდა და ატყდა გნიასი – მოკვდა საწყალი. ახალი შემოსული ხარ და ხვრინვას და ხროტინს ჯერ ვერ არჩევ, გასაგებია. როგორც იქნა გამოგიცვალე პამპერსი და მოგაწესრიგე, შენც შვებით ამოსუნთქვა რომ დააპირე, რაღაც წაუხვრინე, არაფერია კაცო, დაიღალე და გეძინება.
აბა, ეხლა მითხარი რა ტონით გითხრა ტექსტი – დარჩი სახლში.
ნუ დადგები ბირჟაზე დავითას ახალი მანქანის გასარჩევად, ნუ გადახვალთ მეზობელ კორპუსში დაქალებთან ყავის დასალევად. ორივე გააკეთე კაცო, განა გიშლი, მაგრამ ტელეფონითაც შეიძლება. ან იდექი რა, ან უკვე იწექი და ელოდე რიგს, როდის გამოგიცვლიან პამპერსს“. - წერს ზურა მანჯგალაძე.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST