რის საფუძველზე შეიძლება შეამოწმო ექიმი - ძალიან საინტერესო ინტერვიუ ზურაბ რაინაულთან

რის საფუძველზე შეიძლება შეამოწმო ექიმი - ძალიან საინტერესო ინტერვიუ ზურაბ რაინაულთან

საქართველოში რომელიმე კლინიკაზე თუ შეიძლება ითქვას, რომ ევროპულ, კერძოდ გერმანულ სტანდარტებს არის მიახლოვებული, ეს თბილისის ონკოლოგიური ცენტრია. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის კლინიკის დამფუძნებელს და დირექტორს - პროფ. ზურაბ რაინაულს

- ბატონო ზურაბ, ის კადრი, რომელსაც დღეს უშვებს სახელმწიფო თუ კერძო ინსტიტუტები, არ არის საკმარისად კვალიფიციური იმისთვის, რომ დამოუკიდებლად დაიწყონ მაგალითად, ქირურგიული მანიპულაციების ჩატარება. ამერეკაში მომავალი ექიმი სანამ გამოცდებზე დაიშვება, 11 წელი სწავლობს. შემდეგ კიდევ ხუთი წელი გადის მთელ რიგ საფეხურებს. ჩვენს შემთხვევაში, უკვე თქვენ და თქვენაირ სპეციალასტებს ევალებათ მათი გაზრდა?
- მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმის საკითხი ყოველთვის იდგა, და რა თქმა უნდა, დღესაც დგას. თუ ჩვენ პროფესიონალიზმის განსაზღვრებას ზოგადი პოსტულატებით მივუდგებით, მაშინ მას ის სახელმწიფო დოკუმენტი ასახავს, რომელსაც სერტიფიკატი ჰქვია. ანუ, თუ ექიმს აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი ონკოლოგიაში, ეს უნდა ნიშნავდეს იმას, რომ იგი კვალიფიციური ონკოლოგია.

- ასეა კი სინამდვილეში?
- ყოველ შემთხვევაში, ქაღალდზე ასე წერია. რამდენად კვალიფიციურია ექიმი სინამდვილეში, ეს მეორე საკითხია და ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. გარდა თეორიული ცოდნისა, აუცილებლად გამოცდილებაზე, ურთიეროთობაზე და იმ ავანგარდში ყოფნაზე, რასაც თანამედროვე მედიცინის მიღწევები ჰქვია. ამაზე განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება, ვინაიდან ექიმი მუდმივად საქმის კურსში უნდა იყო, რა ხდება მსოფლიო მედიცინაში. ამისთვის კი დასავლეთთან მუდმივი კავშირი უნდა გქონდეს. ასე რომ, თქვენ კითხვას ვუპასუხებ - თუ ექიმი მარტო ამ ქაღალდს დაუჯერებს, საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატს ვგულისხმობ, ყველა ერთნაირები ვართ. მაგრამ, პაციენტმა უნდა დაუჯეროს ალბათ იმ გამოცდილებას, იმ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რაც ექიმს აქვს ბექგრაუნდში.

- მოდით, თქვენს პირად მაგალითზე გვითხარით, როგორც როგორც კლინიკის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა?
- როდესაც დამსაქმებელი ჩემი სახით, რომელიც ცდილობს რომ დაასაქმოს თავის კლინიკაში პროფესიონალი ექიმი, ამ სერტიფიკატის გარდა უყურებს იმ გამოცდილებას, რომელიც ასახულია მის პროფესიულ ავტობიოგრაფიაში, ასევე იმ უნარ ჩვევებში, რომელიც მას აქვს დაგროვილი. არსებობს რიგი ინდიკატორები, რის საფუძველზეც შეიძლება შეამოწმო ექიმი. ბოლო-ბოლო, გვერდზე დავიყენებ და შევაფასებ, რას აკეთებს. არსებობს დროებითი კონტრაქტები, რომლის პერიოდშიც ამ ამოწმებ მის მიერ ჩატარებული მანიპულაციების სისწორეს და ხარისხს. იმასაც გეტყვით, რომ საქართველოში ბევრი პროფესიონალი ექიმი გვყავს, ასე რომ, არჩევის ფართო სპექტრი გვაქვს.

- თქვენს კლინიკას სისტემატურად ჩამოჰყავს უცხოელი სპეციალისტები. წეღან ახსენეთ, რომ აუცილებელია თანამედროვე მიღწევების და ახალი ტექნოლოგიების ავანგარდში ყოფნა. მათი ჩამოყვანა ამ მიზანს ემსახურება?
- მე ვახსენე, რომ სისტემატური ურთიერთობა ევროპულ მედიცინასთან პრაქტიკულად აუცილებელია. ევროპიდან გადმოვიღეთ ჩვენ ე.წ. გაიდლაინები, რომელთაც სარეკომენდაცია ხასიათი აქვთ, თუმცა არ არის სავალდებულო. მე ასე მიმაჩნია, რომ სავალდებულია ყველა ქართველ ექიმს ჰქონდეს ურთიერთობა ევროპულ მედიცინასთან, ვინაიდან სხვანაირად უბრალოდ ვერ განვითარდებით. ეს როგორ გამოისახება - ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, თითოეულის არჩევანის საქმეა. ჩვენს შემთხვევაში, ინდივიდუალური ურთიერთობები ჩამოვაყალიბეთ როგორც ექიმებს, ისე ინსტიტუციებს შორის. გვაქვს დიდი ხნის ურთიერთობები საზღვარგარეთ ძალიან ბევრ ცნობილ კლინიკასთან. ამ კარგმა ურთიერთობებმა და კოლეგიალურობამ განაპირობა ის, რომ ეს ურთიერთობები სხვა ფაზაში გადავიდა. მაგალითად, გერმანიის ყველაზე ცნობილი რამოდენიმე ქირურგი ჩვენთან ვიზიტად იმყოფებოდა. სულ ბოლოს ჩამოსული იყო სასწავლო საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი დირკ ჯენშურა, რომელიც ასევე კერძო ქირურგიული კლინიკის დირექტორია. გერმანიაში ერთ-ერთი ცნობილი ექსპერტია ლაპარასკოპიულ ქირურგიუში. მისი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ მიმართულებით განვითარებისთვის. ყოველ მის ჩამოსვლაზე ონკოლოგიის შიდა კონფერენციას ვმართავთ, სადაც გარდა იმისა, რომ ირჩევა შიდა შემთხვევები, ვმართავთ დისკუსიას და ვაკეთებთ შედარებას ჩვენსა და მათ გამოცდილებას შორის. რამდენად სასიამოვნოა ჩვენთვის დირკ ჯენშურას სურვილი, რომ დაგვეხმაროს ჩვენ, იმიტომ რომ საქართველოში ჩამოსვლა მისთვის არანაირ ბიზნესს არ წარმოადგენს. ჩვენ შევთავაზეთ მას კონტრაქტი, მაგრამ მისი განცხადებით, მას ამ ეტაპზე მხოლოდ დახმარების სურვილი აქვს. ჩვენი კლინიკის მიღწევად მიმაჩნია ისიც, რომ არა მარტო გერმანელი სპეციალისტები ჩამოდიან ჩვენთან, არამედ ჩვენს ექიმებსაც ვაგზავნით იქ გამოცდილების მისაღებად.

- ისე, ჩვენც გამოცდილი ექიმები გვყავს, რომლებიც არ ჩამოუვარდებიან ევროპელებს?
- კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ იქაური სტანდარტების მისაღწევად ჯერ კიდევ სამუშაოა და ეს არის ჩემის აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება დავნერგით ჩვენს კლინიკაში. ამაში მათი დახმარება კი დაუფასებელია. თორემ ქირურგიული ტექნიკა და მანიპულაციების შესრულება, ეს არის ერთი მხარე, მაგრამ ფუნქციონირება - პაციენტის კვლევიდან დაწყებული მისი მდგომარეობის პოსტოპერაციულ მართვით დამთავრებული - ეს სხვა არის და სწორედ ეს უნდა იყოს სტანდარტიზებული.

- სტანდარტიზაციაში რას გულისხმობთ?
- მედიცინა არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეცნიერება. ეს გახლავთ ის დაგროვებული მასალა, რომელიც გიმტკიცებს რომ „ეს არის ასე“! მაგალითად, 100-დან 100 შემთხვევაში რამდენ პროცენტში რა დადებითი შედეგი მოაქვს ყოველ კონკრეტულ მანიპულაციას.

- მოდით ისიც ვთქვათ, რომ რაც არ უნდა მტკიცებულებები არსებობდეს, არის გამონაკლისები, რომელიც ამ მტკიცებულებებს თავდაყირა აყენებს. მაგალითად, მე-4 სტადიის გადადებული ავადმყოფი გამოჯანმრთელებას იწყებს?
- კი ბატონო, მაგრამ ჩვენ 100-დან 100 შემთხვევაზე ვსაუბრობთ და არა გამონაკლისებზე. თუმცა, ასეთი შემთხვევები არის და ეს ყველაზე მეტად გვიხარებს ექიმებს გულს. ზოგადად, მკურნალობის მეთოდები არის ამოუწურავი, მაშინაც კი, როდესაც პაციენტი არის უკანასკნელ მდგომარეობაში. მაშინაც არსებობს მანიპულაციები, რომელიც სიცოცხლის ხარისხის აუმჯობესებს. ანუ რესურსი იმისა, რომ პაციენტს მკურნალობისა და რეაბილიტაციის ეტაპზე დაეხმაროთ, ამოუწურავია.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST